დისნეის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანიმაციას 30 წელი შეუსრულდა!
დიახ, ზუსტად სამი ათწლეულის წინ — 1991 წლის შემოდგომაზე შედგა მზეთუნახავი და ურჩხულის პრემიერა, რომელზეც თაობები გაიზარდა და დღემდე მილიონობით მაყურებლის საყვარელი მულტფილმია.
ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად დისნეიმ გადაწყვიტა, რომ სპეციალური სატელევიზიო ეკრანიზაცია გადაიღოს, რომელიც უმეტესად მუსიკალური იქნება და მასში როგორც აქამდე ცნობილ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ, ისე ახალ და აქამდე უცნობ სცენებსაც დაამატებენ.
ცნობილია, რომ ამ პროექტში მთავარ როლს ამერიკელი მომღერალი H.E.R. შეასრულებს, რომელიც ჯერ სულ რაღაც 25 წლისაა, მაგრამ უკვე მოპოვებული აქვს ოსკარის და გრემის ჯილდოები.
"ვერ ვიჯერებ, რომ მზეთუნახავი და ურჩხულის სამყაროს ნაწილი გავხდები. მსოფლიო შავკანიან და ფილიპინელ ბელს იხილავს!" — განაცხადა მომღერალმა მიღებულ როლთან დაკავშირებით.
დისნეის ამ საიუბილეო სატელევიზიო ეკრანიზაციის პრემიერა 15 დეკემბერს შედგება და მაყურებელსაც მაშინ შეეძლება მისი შეფასება.