სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ცხრა ადამიანია დაკავებული

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ცხრა ადამიანია დაკავებული

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. გარდა ამისა, დაკავებული არიან სამეგრელოში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები, მარლენ ხვიტია, ლევან ქირია, ნიკა ახალაია და რუსლან შამხაია. შს მინისტრის განცხადებით დაკავებულებს შორის არის პირი, რომელიც ფირზე აღბეჭდილ ადამიანებს აუპატიურებდა.

 „ჩვენ პასუხი გავეცით იმ ყველა უსუსურ ბრალდებას, რომლის თანახმად, ეს იარაღი, თითქოს, ჩვენ ან თავდაცის სამინისტროს გვეკუთვნოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების და ფარული ჩანაწერები იყო შს მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ასევე ლატვიის, იტალიისა და ჰოლანდიის ელჩები. შევხედრაზე არ იმყოფებოდა ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შს სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვეს. 
შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების თემაზე და ნარკოტიკის სამალავის არსებობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის აუცილებლობაზე  ესაუბრა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ეს წინა ხელისუფლების და წინა რეჟიმის პრობლემაა, შესაბამისად, აუცილებელია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. 

„ჩვენ აღმოვაჩინეთ სამარხი, რომლიდანაც ამოვიღეთ დაახლოებით ორი ოცეულის სრული შეიარაღება, იარაღით და ნარკოტიკებით სავსე რვა კასრი. ასევე ვნახეთ დასაჭერი ხალხის სია და რამდენიმე ვიდეოკასეტა, სადაც აღბეჭდილია საშინელი კადრები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორი ვიდეო, სადაც ასახულია ადამიანების წამება, დამამცირებელი მოპყრობა და გაუპატიურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის განმარტებით, აღნიშნული იარაღი არც შინაგან სამქეთა სამინისტროს და არც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და იყო აღურიცხავი, ე.წ. შავი იარაღი. 
ღარიბაშვილის განცხადებით, სამარხში იარაღსა და ნარკოტიკთან ერთად გამოძიებისთვის საინტერესო ბევრი სხვა მასალაც აღმოჩნდა.

„საუბარია მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პირი საერთოდ არ იყო ნასამართლევი ან ციხეში ნამყოფი, ის უბრალოდ აწამეს, რადგან მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით დააკავეს და ციხეში იჯდა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარების გამო. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იყო სისტემური პრობლემა. იყო ასეთი პოლიტიკა და ეს არის წინა ხელისუფლების, წინა რეჟიმის პრობლემა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.
„მინდა, კარგად შევახსენო ყველას, რომ იმ დროს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი. შესაბამისად, უნდა დადგეს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, 23 ივნისს, 15:00 საათზე, მედიის თანდასწრებით განადგურდება. შსს-ში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობდა. მასში მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ასევე, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ეკა გიგაური, ლაშა ტუღუში და კახი კახიშვილი მონაწილეობდნენ. 

„პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 54 კომპაქტდისკზეა განთავსებული და 12 800-ზე მეტ ფაილს შეადგენს. ფირებზე ასევე ასახულია პოლიტიკური პარტიების ოფისებში მიმდინარე პროცესები, ლიდერების საუბრები, მედიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების საუბრები. როგორც სხდომაზე გაირკვა, ამ ვიდეოჩანაწერების შესახებ ინფორმაცია გრაფიკის სახით იყო წარმოდგენილი და მასზე ასახული იყო, რომელი უწყების მიერ რომელი ჩანაწერი იყო გაკეთებული და ვისზე იყო ჩაწერილი“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

სამართალმცოდნე კახი კახიშვილის განცხადებით, ის კვლავაც რჩება იმ აზრზე, რომ პოლიტიკური პროცესების, პარტიების და მათი ლიდერების შესახებ ვიდეოჩანაწერები არ უნდა განადგურდეს.

„საჭიროა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რათა დასავლეთმა ნახოს რასთან გვქონდა საქმე ყოფილი ხელისუფლების დროს. კონგრესმენები რომ ნახავენ, როგორი დემოკრატიის შუქურასთან ჰქონდათ საქმე, ასეთი განცხადებები ნაკლებად იქნება ყოფილი ხელისუფლების მიმართ. მიმაჩნია, რომ საჭიროა, კონსულტაციები პარტიებთან და მათ ლიდერებთან, რათა მათ იცოდნენ, რა ჩანაწერები კეთდებოდა ოპონენტების მიმართ“, - მიიჩნევს კახი კახიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებით, დადასტურდა განცხადება, რომ წინა ხელისუფლება ოპოზიციაზე ინტენსიურ თვალთვალს ახორციელებდა. ამის შესახებ ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანების უკანონო თვალთვალისა და პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს კვირას გაანადგურებს. როგორც გიგაურმა აღნიშნა, შსს-ში სულ 12 888 ჩანაწერი და 304 დისკი აღმოჩნდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში საუბარი შეეხო იმ ვიდეომასალებს, რომელიც უნდა განადგურდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვანადგურებთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ამიტომაც მოგვაწოდეს ცხრილი, სადაც ეს ყველაფერი იყო აღნუსხული. შსს-მ უნდა დაადგინოს, ვინ იწერდა ამ ყველაფერს და ვისი დაკვეთით ხდებოდა ეს, რათა ეს ადამიანები სამაგალითოდ დაისაჯონ. მთლიანობაში, საუბარია 12 888 ჩანაწერზე და 304 დისკზე. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ამ ვიდეომასალებით ისინი იღებდნენ ინფორმაციას პოლიტიკური ოპონენტების გეგმებზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, რადგანაც დადასტურდა ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლება მათზე ინტენსიურ თვალთვალს ახორციელებდა.

ეს კამერები, ხშირ შემთხვევაში, დამონტაჟებული იყო მათ ოფისებში, ან ჩაწერილია აგენტების მიერ. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებს, ამ კადრების დიდი ნაწილი ჩაწერილია სხვადასხვა სასტუმროებში დამონტაჟებული ფარული კამერების საშუალებით“, - აცხადებს გიგაური და დასძენს, რომ შსს-ში ამ ფარული ჩანაწერების ასლები არსებობას არ გამორიცხავენ.