„ნაპოლი“ მომდევნო სეზონში 4-3-3 ტაქტიკური სქემით ითამაშებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტი ვარჯიშებზე გუნდს დაჟინებით ამ სქემაზე ამუშავებს.
სპალეტის სათადარიგო ვარიანტიც აქვს (4-2-3-1), მაგრამ მთავარი სქემა 4-3-3 იქნება. ამ ამბავში ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ იტალიელი სპეციალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას უთმობს, სამკაციან შეტევაში აქცენტს მასზე აკეთებს.
„სხვათა შორის, ქართველმა კვარაცხელიამ დიმაროში ტიფოზები თავისი ნიჭით ასიამოვნა და გარდა ამისა, ვარჯიშებზე ფეხის-ტენისის თამაშის დროს ულამაზესი აკრობატული თამაშით არაერთხელ გამოირჩა“, - წერს რომაული გამოცემა.
ამრიგად, კვარაცხელია ნეაპოლში უკვე ყურადღების ცენტრშია. „ნაპოლიმ“ დიმაროში მზადება დაასრულა და ახლა შეკრებას კასტელ ვოლტურნოში გააგრძელებს. დიმაროში „აძურიმ“ ორი მატჩი ჩაატარა, კვარაცხელიამ ორჯერვე მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, თუმცა 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მაინც მოასწრო.