ესპანურმა „ვალენსიამ“ სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ავსტრიაში დორტმუნდის „ბორუსია“ 3:1 დაამარცხა.
ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა As-მა სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - გატუზოს ფილოსოფია ხუთი სახელით. სტატიაში ჩამოთვლილია ხუთი ფეხბურთელი, რომლებზეც იტალიელი აქცენტს გააკეთებს. ერთ-ერთი კი სწორედ გიორგი მამარდაშვილია.
„გედეშის, იუნუსის, კასტილიეხოს, მოსკერასა და მამარდაშვილის თამაში და მათ შესახებ გადაწყვეტილებები არის იმ „ვალენსიის“ ანარეკლი, რომელიც იტალიელს სურს“, - წერს As-ი და სტატიაში კონკრეტულად მამარდაშვილის შესახებ ვკითხულობთ:
„გატუზოს „ვალენსიას“ მწვრთნელობის პირველივე დღეებიდან პატერნაში ოთხი მეკარე დახვდა: მამარდაშვილი, სილესენი, ხაუმე და რივერო. იტალიელი ფსონს ქართველ მეკარეზე აკეთებს, რომელიც „ბორუსიასთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო და დამაჯერებლად ითამაშა. მან გოლი პენალტით გაუშვა. სილესენმა ასევე ითამაშა გერმანელთა წინააღმდეგ, მაგრამ კლუბს მისი გაშვება სურს, რომ მაღალი ხელფასისგან გათავისუფლდეს. ის „ვალენსიაში" სეზონს სათადარიგო მეკარის სტატუსით იწყებს, რომელიც მას გასულ სეზონშიც ჰქონდა ტრავმის მიღების შემდეგ. რაც შეეხება მამარდაშვილს, დიახ, ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან გატუზოს თამაშის კონცეფცია გულისხმობს, რომ მეკარე ზოგჯერ პრაქტიკულად ლიბეროა“, - წერს As-ი.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს, შვეიცარიულ „სენტ გალენთან“ ჩაატარებს.