ოთარ იოსელიანმა რუსეთისგან დაფინანსება მიიღო

ოთარ იოსელიანმა რუსეთისგან დაფინანსება მიიღო

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ამ ბოლო წლებში უფრო იმით გახდა ცნობილი, რომ სკანდალურ ინტერვიუებს იძლეოდა, სადაც უშვერად ლანძღავდა რუსეთს, რუს ხალხს და ქართულ-რუსულ ისტორიულ ურთიერთობებს საკმაოდ დამახინჯებული კუთხით წარმოაჩენდა. რამდენიმე ციტატა ოთარ იოსელიანის ინტერვიუებიდან:

 

"რუსეთთან მშვიდობა ჩვენ არასოდეს გვექნება! თუ წინათ რუსეთის მიმართ ზიზღი გვქონდა, ახლა სიძულვილი გაჩნდა. ეს ძალზე სერიოზულია. თქვენ შეგიძლიათ ისე იცხოვროთ რუსებთან, როგორც გსურთ (იოსელიანი უკრაინელ ჟურნალისტს ესაუბრება - რედ.). თუ გინდათ, ხვევნა-კოცნა გამართეთ და ილაპარაკეთ, რომ ნატო - საშიშია, რუსეთი კი უსაფრთხო. მაგრამ წარსულში დაბრუნება არ მოხდება! მოთმინების და ზიზღის ორასი წელი დასრულდა!“. 

 

თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ, ბატონმა ოთარმა "ტონი შეარბილა“ და სიძულვილის მაგივრად სიბრალულზე ალაპარაკდა:

 

"მიუხედავად ყველა უმსგავსობისა, რაც თან მოჰყვა აღვირახსნილი რუსული ჯარის შემოსვლას,  - გამოირკვა, რომ ისინი უბრალოდ მაროდიორები და მოძალადეები არიან, - რუსეთის მიმართ სიძულვილი საქართველოში არ არის. არის, ასე ვთქვათ, თანაგრძნობა. როგორც სულელის მიმართ“.

 

რუსეთის, როგორც სულელის მოხსენიება ოთარ იოსელიანის მხრიდან საკმაოდ უცნაური იქნებოდა, იმ ფონზე, როცა სულელის როლში საქართველო უფრო აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ტერიტორიები დაკარგა. მაგრამ ირკვევა, რომ კინორეჟისორს გარკვეული საფუძველი ჰქონია ამგვარი განცხადებისთვის. 

 

ამა წლის ოქტომბერში შედგა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმის პრემიერა. ფილმის სახელწოდებაა "შანტრაპა“. ფილმი მოგვითხრობს კინორეჟისორ ნიკოლოზზე, რომელიც იძულებულია საბჭოთა საქართველოდან საფრანგეთში გაემგზავროს, სადაც მას ჰგონია, რომ  შემოქმედებითი თავისუფლება და დემოკრატია ელის, მაგრამ ეს ილუზიები მალევე იმსხვრევა. ფილმის პრემიერა  კანში შედგა და შემდეგ მისი ჩვენება მოსკოვშიც გაიმართა. მოსკოვში ოთარ იოსელიანისგან ინტერვიუ აიღო გაზეთ "იზვესტიას“ ჟურნალისტმა.

 

ინტერვიუში რეჟისორი საუბრობს იმაზე, რომ საფრანგეთში მისი ფილმი წააწყდა დაფინანსების პრობლემებს. მისი თქმით, საფრანგეთში, ისევე როგორც მთლიანად დასავლეთში, აღარავის სჭირდება მაღალმხატვრული ხელოვნება და მხოლოდ ის აინტერესებთ, რომ კინოდარბაზები სავსე იყოს. ეს კი ჰოლივუდური ტიპის მასკულტურას შეუძლია. ამიტომაც, ოთარ იოსელიანმა დახმარებისთვის მიმართა რუსულ სახელმწიფო ბანკ "სბერბანკს“, რომელმაც ერთი მილიონი ევრო გამოუყო. სწორედ ამ თანხით გახდა შესაძლებელი ფილმის გადაღება.

 

რეჟისორი ასევე იხსენებს საბჭოთა პერიოდს, როცა მისი ფილმები იკრძალებოდა. ის ამბობს, რომ მართალია, ცენზორები ფილმებს კრძალავდნენ, მაგრამ თავად რეჟისორებს, ხელოვან ხალხს პატივისცემით ეპყრობოდნენ. თანამედროვე დასავლური რეალობა კი გათვლილია მხოლოდ სანახაობაზე. მასა მოითხოვს სანახაობას, სისხლს, ძალადობას, სექსს, ვნებებს. კომერციული კინო, პირველ რიგში ჰოლივუდი, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. იოსელიანის თქმით, რუსეთში ჯერ კიდევ იღებენ ნამდვილ კინოს, თუმცა ბაზრის დიქტატურა იქაც აღწევს, სულ უფრო იშვიათად გვხდება ე.წ. საავტორო კინო...

 

ძნელია არ დაეთანხმო ცნობილ კინორეჟისორს ამგვარ შეფასებებში. რაც შეეხება რუსული „სბერბანკის“ მიერ მისთვის დაფინანსების გამოყოფას, მართლაც გაოცებას იწვევს. ამდენი ლანძღვის შემდეგ, რაც ოთარ იოსელიანმა რუსეთს „მიუძღვნა“, მისთვის მილიონი ევროს გამოყოფა რუსული სახელმწიფო ბანკის მიერ ზოგიერთ რუს ჟურნალისტს სულელურ ნაბიჯად მოეჩვენა. თუმცა ამ ნაბიჯში ქართველი ხალხის, ქართული კინოს მიმართ დადებითი დამოკიდებულებაც შეგვიძლია დავინახოთ. ცხადია, არა იმდენად „სბერბანკის“ მენეჯმენტის, არამედ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან აშკარაა, რომ დაფინანსების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

 

ქართულმა სახელისუფლებო მედიამ და ტელეარხებმა კრინტი არ დაძრეს ოთარ იოსელიანის ამ ინტერვიუზე, თუმცა მათთვის სასურველი შინაარსის ინტერვიუებს სიხარულით აშუქებდნენ. ისე, ბატონი ოთარი მადლობელი უნდა იყოს, რომ ჯერჯერობით მოღალატედ არ ჰყავთ გამოცხადებული, იმის გამო, რომ რუსეთის "სისხლიანი“ ფული აიღო...