ლევანდოვსკი:

ლევანდოვსკი: "ახლა ყველა კმაყოფილია, მე "ბარსელონაში" მივდივარ, "ბაიერნი" ბევრ ფულს მიიღებს"

რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ ვრცელი წერილით დაემშვიდობა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პოლონელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ვერაფერი დაჩრდილავს იმას, რაც განვლილ 8 წელიწადში მოხდა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდოდა ბუნდესლიგის გარდა, სხვა ჩემპიონატშიც მეთამაშა, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება. მსურდა ახალ ადგილას მეცხოვრა, რაღაც განსხვავებული აღმომეჩინა ჩემს ოჯახთან ერთად. ჩემი შვილი კლარა მომდევნო წელს სკოლაში შედის და გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ეს რომ არ მომხდარიყო ახლა, ვერც ვერასდროს მოხდებოდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უნიკალური შესაძლებლობა.

მალე 34 წლის ვიქნები, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. „ბარსელონაშიც“ ასე ფიქრობენ. არ ვიცი, რა მოხდება შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ 2026 წელი არ იქნება ჩემი კარიერის ბოლო წელი. მინდა ვითამაშო უმაღლეს დონეზე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

მიუნხენში მშვენიერი რვა წელი გავატარე, ასე რომ, იმედი მაქვს, მალე დავივიწყებთ იმას, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის ტიტულებია, რომლებიც ერთად მოვიგეთ. ასევე მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე მეხმარებოდნენ, მაშინაც კი, როდესაც ჩემი წასვლის შესახებ ჭორები მძაფრდებოდა. მივხვდი, რომ მათ გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და ამას არასდროს დავივიწყებ.

ბევრი ჭორი იყო, ზოგი ცრუ და უსარგებლო. ვერაფერი დაჩრდილავს იმას, რაც „ბაიერნში“ ამ შესანიშნავი წლებში გაკეთდა. იმისთვის, რომ ტრანსფერი შემდგარიყო, რაღაცები უნდა მომხდარიყო და ახლა ვფიქრობ, რომ ყველა მხარე კმაყოფილია. „ბაიერნი“ ბევრ ფულს მიიღებს, მე „ბარსელონაში“ მივდივარ. ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ ვფიქრობ, სარკეში ჩახედვა ყველას შეუძლია“, - დაწერა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014-2022 წლებში თამაშობდა და 375 შეხვედრაში 344 გოლი გაიტანა. მანამდე პოლონელი დორტმუნდის „ბორუსიასა“ და პოზნანის „ლეხის“ ღირსებას იცავდა.