პაულო დიბალა „რომას“ ფეხბურთელი გახდება. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელსა და „ჯალოროსის“ შორის შეთანხმება შედგა.
დიბალამ რომაელთა წინადადებაზე თანხმობა განაცხადა და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო სეზონში მისი ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება (ბონუსების ჩათვლით).
დიბალა პორტუგალიაში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და რომაელებს შეუერთდება. ტრანსფერში ყველაზე დიდი როლი ჟოზე მოურინიომ ითამაშა, რომელიც ფეხბურთელს ესაუბრა და მის გუნდში გადასვლაზე დაიყოლია.
დიბალას გადაბირებას „ნაპოლი“ და „ინტერიც“ ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული „რომა“ გამოვიდა. 28 წლის შემტევი სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის.
შეგახსენებთ, პაულო დიბალა 2015-2022 წლებში „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა (293 მატჩი, 115 გოლი), მაგრამ ტურინელებმა მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს და კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწია.