პოლიტოლოგი და დემოგრაფიული საკითხების ექსპერტი თამარ ჩიბურდანიძე ოცნებიდან გასული დეპუტატების ქმედებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მართალია ისინი ჯერ მთავარ სათქმელს არ ამბობენ, თუმცა, როგორც ჩანს, რა არის ეს „მთავარი“, კარგად იციან უცხოეთში.
„როდესაც სამი მსხვილი პოლიტიკური ლიდერი ახალ პოლიტიკურ თამაშს იწყებს, ესე იგი მათ გადაწყვეტილება მყარად აქვთ მიღებული. სამივე ლიდერი ხალხში მაღალი სანდოობით სარგებლობს და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ განცხადებებს ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენადაც მნიშვნელოვანია მათი სათქმელი ხალხისთვის, იმდენად სახიფათოა ქვეყნისთვის, რადგან ეს ხალხის მღელვარებას გამოიწვევს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს პოლიტიკური პროცესების ის ქრონოლოგია, რაც ჩვენს თვალწინ ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში და რაც ფეხდაფეხ მიჰყვება მათ მიერ უკვე ნაწილობრივ ნათქვამს.
ის, თუ კიდევ რის თქმას აპირებენ „ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუმცა როგორც ჩანს, იციან უცხოეთში. სწორედ ამ სამეულის ქმედების პასუხი იყო ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით გაეხანგრძლივებინათ დრო საქართველოსთვის. ფაქტია, „ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა პირველი შედეგი მიიღეს. ამ გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა საქართველოში ვადამდელი არჩევნების ყბადაღებულ თემას და ყველა პოლიტიკური პარტია უკვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაეწყობა.
თუკი სამეულის ნათქვამი სიმართლეა, რომ დაჩქარებული წესით სტატუსის მონიჭება იყო ერთგვარი ხაფანგი ხელისუფლებისთვის, რომელიც ომში არჩართვის გამო და ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით დაუგეს, მაშინ გამოდის, რომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ევროპელების გადაწყვეტილებით, ეს მიზანი მომავალი არჩევნებისთვის გადადო. 2023 წლის ბოლოს ევროპის მხრიდან სტატუსზე უარის თქმა კარგი წინაპირობა იქნება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში ნეგატიური ფონის შესაქმნელად და ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.
და რას მოიმოქმედებენ ამ დროს „ოცნებიდან“ გასული დეპუტატები? გადადებენ თუ არა ისინიც მთავარ სათქმელს ერთი წლით? ფაქტია, დრო უკვე ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს მანამ, სანამ ქართული ოპოზიცია არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. უკვე ყველასათვის ნათელია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეალურად 2012 წლის საარჩევნო განწყობები განმეორდება“.