ელენე ხოშტარიას მხრიდან სწორი საქციელი იქნებოდა, ან ამ ფულზე უარის თქმა და ეს გამორიცხავდა მომავალში მის მიმართ ეჭვების გაჩენას, ან მეორე სწორი გზა იქნებოდა ამ შემოსავლების გასაჯაროება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მისმა ოპონენტებმა ნახეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.
Fact Check-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დადასტურდა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან სოლიდურ თანხებს ნამდვილად იღებს.
16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია იმავე დღეს დაადასტურა.
5 ივლისს „ქრონიკამ“ მორიგი ექსკლუზივი გაავრცელა - რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი იყიდა.