შსს–მ და პროკურატურამ უნდა აღკვეთონ პირად და საქმიან ცხოვრებაში ჩარევისა და შანტაჟის მორიგი უპრეცედენტო მცდელობა

შსს–მ და პროკურატურამ უნდა აღკვეთონ პირად და საქმიან ცხოვრებაში ჩარევისა და შანტაჟის მორიგი უპრეცედენტო მცდელობა

ვანო ჩხარტიშვილსა და ინა გუდავაძეს შორის არსებული დავა, ამ დღეებში გარკვეული დაინტერესებული ძალებისა და მედიის არაჯანსაღი აჟიოტაჟის საფუძველი გახდა. ამ დავის მიმდინარეობის თითოეულ დეტალზე ჩვენ მუდმივად ვაყენებდით საქმის კურსში ქართულ საზოგადოებას და ამჯერადაც ასე გვინდა მოვიქცეთ.

პრეტენზია ვანო ჩხარტიშვილის მიმართ ინა გუდავაძის მხრიდან ოფიციალურად პირველად გასული წლის თებერვალში დაფიქსირდა. ბატონმა ვანომ მაშინვე შესთავაზა ქალბატონ ინას მსოფლიოში აღიარებული 5 საუკეთესო აუდიტორული კომპანიიდან აერჩია ერთ-ერთი, რომელიც მისი და ბადრი პატარკაციშვილის საქმიანი ურთიერთობის ყველა ნიუანსს შეისწავლიდა.

ბატონი ვანო მზად იყო დაეთმო ნებისმიერი აქტივი, რომელზეც დასაბუთებული პრეტენზია გაჩნდებოდა. საკუთარ თავზე იღებდა იგი ფირმის მომსახურეის ხარჯებს. წინა ხელისუფლების ზეწოლის გამო, შეთანხმება არ შედგა და დავამ ინა გუდავაძის ინიციატივით საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლა. ბრიტანეთის სასამართლომ 2012 წლის ივნისში უსაფუძვლოდ სცნო ინა გუდავაძის მოთხოვნები და მას ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ სოლიდური თანხა დააკისრა.

ამის შემდეგ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ინა გუდავაძემ რატომღაც იმ რეჟიმის პროკურატურას სთხოვა სიმართლის დადგენა, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლე შეიწირა და უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლო იყო.

2012 წლის ივნისში მან საჩივარი შეიტანა სააკაშვილის პროკურატურაში. ვიმეორებთ - 2012 წლის ივნისში და არა 2013 წლის დეკემბერში, როგორც ამას არცთუ შეუგნებლად, აღნიშნავენ ჩვენი ოპონენტები.

2013 წლის იანვარში ახალმა პროკურატურამ ინა გუდავაძეს 9-ვე ეპიზოდთან დაკავშირებით საკითხის განხილვაზე უარი უთხრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. იმავე საქმეზე ხელახლა გამოძიების დაწყება აშკარა ნონსენსია და შეუსაბამოა ცივილიზებულ სამართლებრივ სივრცესთან. შეგვიძლია საფუძვლიანი ეჭვი გამოვთქვათ, რომ ამის უკან, ისევე როგორც 2012 წლის ივნისში, პირები დგანან. სხვაგვარად გაუგებარია რატომ უნდა ეძებო დამატებით სამართალი ჯერ კიდევ დაულაგებელ ქართულ სამართლებრივ სივრცეში, როცა აღნიშნული საკითხისა და ეპიზოდების განხილვა მსოფლიოში აღიარებულ ბრიტანეთის ავტორიტეტულ სასამართლოში თავად ინა გუდავაძის სარჩელის საფუძველზე დღესაც მიმდინარეობს.

თქვენი ყურადღება ასევე გვინდა შევაჩეროთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან გამიზნული სიცრუის ტირაჟირების შემდეგ ფაქტებზე.კერძოდ. მათი მთავარი არგუმენტი, რომ ვანო ჩხარტიშვილმა აქტივები გაყიდა 2008 წელს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა წყლის სიცრუეა. აქტივების ნაწილი პატარკაციშვილისგან შეძენილ იქნა 2006 წლის 16 აგვისტოს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები წარედგინა ქართულ მედიას.

2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის აქტივები ვერანაირად ვერ გაიყიდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი ყველა აქტივი ხელისუფლების მიერ იყო დაყადაღებული. 2008 წელს, ვანო ჩხარტიშვილზე დაწყებული ზეწოლის გასანეიტრალებლად, მოხდა მისივე და არა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების შიდა გადაყიდვა და არა მეპატრონის შეცვლა. აღნიშნული აქტივებიდან გადასახადებს ბიუჯეტში იხდიდა მისი მეპატრონე ანუ ვანო ჩხარტიშვილი. აქტივების მეორე ნაწილი, რომელზეც არის პრეტენზიები, წაიღო სააკაშვილის ხელისუფლებამ და, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათზე როგორ უნდა იყოს ვალდებული ჩხარტიშვილი, სრულიად გაუგებარია.

მიუხედავად ამისა, არის თემები, რომლებიც გასარკვევია და ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკების მაგიდასთან მათ მოგვარებაზე.

და ბოლოს. ყველაფრის მიუხედავად, ეს საქმე ერთ ჩვეულებრივ კერძო დავად დარჩებოდა, რომ არა ამ დავის თანხმლები ადამიანის პირად და საქმიან ცხოვრებაში უხეში ჩარევის საშიში რეციდივები. კერძოდ, ამ აჟიოტაჟის ატეხვამდე, „ანონიმი“ ავტორის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული იქნა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვანო ჩხარტიშვილის პირადი და საქმიანი ცხოვრების ამსახველი მასალები. ამ მასალების კავშირი ახლა მიმდინარე საიფორმაციო კამპანიასთან უდაოა, რადგან სწორედ ანონიმი ავტორის მიერ გავრცელებული ინგლისის პასპორტი გამოყენებულ იქნა ვანო ჩხარტიშვილის დისრედიტაციისა და მასზე ყალბი ინფორმაციების გასავრცელებლად .

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გავრცელებული დოკუმენტები ვანო ჩხარტიშვილის პირადი კომპიუტერიდან წინა ხელისუფლების სპეცსამსახურების მიერ უკანონოდ მოპოვებული მასალების ნაწილია. ამ და ამ მასალებზე დაყრდნობით ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით სააკაშვილის რეჟიმმა ერთხელ უკვე სცადა ვანო ჩხარტიშვილის დაშანტაჟება და დემოკრატიული ძალების მხარდაჭერისაგან მისი ჩამოცილება.

ამჯერად როგორ და საიდან აღმოჩნდა ეს მასალა მავანი „ანონიმის“ ხელში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შსს–ს არ გაუჭირდება, რადგანაც ძალიან ვიწროა წრე იმ ადამიანების, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ ამ მასალებზე, ასევე სირთულეს არ წარმოადგენს „ანონიმი“ ავტორის პიროვნების დადგენა.

ყველა შემთხვევაში, საქმე გვაქვს პიროვნების პირადი და საქმიანი ცხოვრების ამსახველი მასალების დანაშაულებრივად მოპოვებასთან და მათი ასევე დანაშაულებრივად გამოყენების მორიგ უპრეცენდენტო შემთხვევასთან. მივმართავთ შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავარ პროკურ არჩილ კბილაშვილს, აღკვეთონ ადამიანის პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიის კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმის უხეში დარღვევის მორიგი მცდელობა.

მივმართავთ ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს- ახალგაზრდა იურისტთა და ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დააწესონ მკაცრი კონტროლი აღნიშნულ საქმეზე, რადგანაც ეს არის ქართული საზოგადოების მორიგი გამოწვევა და თუ ეს მცდელობა უპასუხოდ დარჩა, ხვალ და ზეგ, სპეცსამსახურების არქივებიდან გამოჟონილი მასალებით გარკვეული ძალები შეეცდებიან ქართულ საზოგადოებას თამაშის თავისი წესები მოახვიონ თავს.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამომწურავი პასუხი გავცეთ სამართალდამცავთა მხრიდან თუ საზოგადოებაში ჩვენს მიმართ გაჩენილ კითხვებს. ქალბატონ ინას კი მოვუწოდებთ დარჩეს დავის ცივილიზებული სამართლებრივი მოგვარების ჩარჩოებში და გაემიჯნოს აგორებული შავი პიარის კამპანიის დირიჟორებს, რადგანაც, ერთი, რომ ასეთი დავები ვერანაირად ვერ გადაწყდება მედიაში დაშანტაჟებით და მეორეც, სწორედ ისინი უშლიან ხელს საკითხის მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარებას. მათი მერკანტელური ინტერესებისა და უკანონო ქმედებების შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს.

მანამდე კი შანტაჟის ენაზე საუბარი გრძელდება. გამოჩნდა თურქი ბიზნესმენი, რომელიც ვანო ჩხარტიშვილს უჩივის თითქოსდა მიუღებელი შემოსავლების გამო; ფანტაზიებში უფრო შორს წავიდა „დროულად გამოფხიზლებული“ უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძის ე.წ. „საინიციატივო ჯგუფი“, რომელიც ბიზნესმენის ოფისთან საბჭოთა ანაბრების დაბრუნების მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავს; ხვალ შესაძლოა კიდევ ახალი „თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქზ–ღლიღვი, დიდო, ქისტი“ გამოგვეცახდონ და მათაც „წაჰკრან თითო ყისტი“ „დაჩაგრული“ ქალბატონის მეგობრების მიერ აგორებულ ამბავს და ა.შ. და ა.შ.

ეს ყველაფერი ღიმილს იწვევს და ამ ყველაფერზე პასუხი ერთია – ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი არასოდეს დაქვემდებარებია ზეწოლას და შანტაჟს და მსგავს ზემოქმედებას არც მომავალში დაექვემდებარება.