„ოპონენტებს ან ტვინი არ აქვთ, ან არგუმენტები“

„ოპონენტებს ან ტვინი არ აქვთ, ან არგუმენტები“

„ნაციონალური მოძრაობა“ თალიბანის სახელით მომზადებული, მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების წარმოშობის დადგენის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. უმცირესობა ეჭვს გამოთქვამს, რომ ვიდეო მასალის დამკვეთები ხელისუფლებაში მყოფი მაღალი თანანმდებობის პირები არიან და თუ ეს გამოძიების პროცესში დადასტურდება, ძალოვანი უწყება მათ ხელს დააფარებს.

მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რა კითხვები აქვთ ნაციონალებს, ამის გარკვევას for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძესთან შეეცადა:

youtube-ზე ატვირთული ვიდეო კლიპთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად, რატომ არ ელოდებით მის დასრულებას?

- უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ეს მასალები საქართველოდან არამარტო აიტვირთა, არამედ დამზადებულიც სწორედ აქ არის. ვიდეოს შინაარსი პრეზიდენტის, ქართველი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველია, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა. ვინაიდან, ეს ვიდეო ქვეყნის პირველი პირის საწინააღმდეგოა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მომზადებული სწორედ ოპონენტების მხრიდან არის, რომ არაფერი ვთქვათ გარკვეულ ინფორმაციებზე, რომელსაც ვფლობთ, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ვიდეო მაღალი რანგის პირის, ან პირების მიერ არის შექმნილი და იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობის ნაწილია, შესაძლოა, ძალოვანი უწყებისთვის ამ პირების გამომჟღავნება არათუ გართულებული, არამედ შეუძლებელიც იყოს, რადგან თუ გამომჟღავნდა რომ ვიდეოს შექმნა მაღალი თანანმდებობის პირების მიერ არის დაკვეთილი, ეს უზარმაზარი სკანდალი და ამ მთავრობისთვის კატასტროფული პოლიტიკური მოვლენა იქნება. დიდი შანსია, რომ თუ გამოძიება კონკრეტულ თანანმდებობის პირამდე მივიდა, მტკიცებულებები მიიჩქმალოს.

თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალების გავრცელების გამო, საკუთარი მოადგილე გელა ხვედელიძე დააკავა. მაშინ, როდესაც მსგავსი პრეცედენტი არსებობს, რატომ ეჭვობთ, რომ ძალოვანი მინისტრი ვინმეს ხელს დააფარებს?

- ხვედელიძეს ხელი ვერ დააფარეს, რადგან ვიდეო მასალები, რომელიც მას ამხელდა, შს სამინისტროს მიერ არ იყო გამოტანილი. ერთი პროცენტი იყო იმის შანსი, რომ ის არ დაესაჯათ?! ძალოვანი უწყება იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, თუმცა, მოგვიანებით, ხვედელიძე საზღვარგარეთ გაამგზავრეს. ეს ინფორმაცია კი, თავდაპირველად უარყვეს, მოგვიანებით დაადასტურეს. როგორც კი შანსი მიეცათ, რომ რაღაცა მიეჩქმალათ, იქვე მოიტყუეს. ხვედელიძის მაგალითი არგუმენტად არ გამოდგება. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ დღეს ხვედელიძე პატიმრობაში არ იმყოფება განსხვავებით ვანო მერაბიშვილისგან, რომელსაც აღმკვეთი ღონისძიება იმიტომ აქვს მისჯილი, რომ სასამართლომ თქვა - მერაბიშვილი თანანმდებობის პირი იყო, რის გამოც, მას მოწმეებზე გავლენის მოხდება შეუძლია. ლოგიკა სად არის - გავლენას ყოფილი მინისტრი განახორციელებდა და მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს გავლენა არ აქვს?! საფუძვლიანი არგუმენტაციაა, რომ როგორც კი, შს სამინიტრო იმ ფაქტებს მიადგება, რომლებიც მაღალი რანგის პირებს ამხელს, უწყების ინსტიქტი შეეცდება, მათ ხელი დააფაროს.

როგორ ფიქრობთ, ეს მასალა მიხეილ სააკაშვილის დაშინების მიზნით მომზადდა?

- რაც შეეხება მოტივაციას, ეს განკუთვნილი იყო პოლიტიკური თავდასხმისთვის. ვიდეო პრეზიდენტისთვის როგორც საფრთხის შემცველია, ასევე მისი მადისკრეტირებელია. იქ არის ნათქვამი, რომ „შენ რაღაც გააკეთე და ამიტომ, შენს მოქალაქეებს დავსჯი“. ეს ის ხაზია, რომელიც პრეზიდენტის ავღანეთში სტუმრობის შემდეგ, ჩვენმა ოპონენტებმა გაავლეს. ეტყობა, ვიღაცამ იფიქრა, ავღანეთში ქართველები ვიბრძვით, რაღაცა მოხდება და მოდი, ეს ყველაფერი პრეზიდენტს დავაბრალოთ.

თქვენ ოპონენტებს ადანაშაულებთ, თუმცა, პრემიერი ვიდეოს მომზადებაში თქვენს ხელწერას ხედავს და ამბობს, რომ თქვენი გაკეთებულიამოდელირებული ქრონიკა“. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ მასალის უკან გიორგი არველაძისკლანიდგას...

- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის გარემოში, ვინ დაამზადებდა ისეთ რგოლს, რომელიც მის დისკრედიტაციას მოახდენდა?! ეს ლოგიკურად მიგაჩნიათ? - ვერსია, რომ ეს ვიდეო სააკაშვილთან დაახლოებულმა რომელიმე პირმა გააკეთა, ჭკუასთან ახლოს არ უნდა იყოს. ის კი ჯდება ლოგიკაში, რომ მიშას მადისკრიტირებელი რგოლი ოპონენტმა დაამზადოს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც, პრეზიდენტის ავღანეთში სტუმრობის შემდეგ, უსაფუძლოდ და უზნეოდ ალოგიკური ბრალდებები გააჟღერეს, თითქოს, ჯარისკაცთან შემდგარ საუბარს შეიძლებოდა ჯარისკაცისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა. ვიღაცის ავადმყოფურ ტვინში დაიბადა აზრი, რომ მომავალში, ჯარისკაცის სიცოცხლისთვის განვითარებული მოვლენები პრეზიდენტის საუბარს დააბრალონ. რასაც ისინი აკეთებენ, პრინციპია გამოღმა შეედავეს კუთხით. თუ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ღამღამობით ზის და თავის საწინააღმდეგო რგოლებს ამზადებს, ცდებით.

თუმცა, ტელეკამერების წინ, მთავარსარდლისგან მისაღებია კითხვის დასმარამდენი კაცი მოკალი?“. არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი სენსიტიურ თემებზე ფრთხილ განცხადებებს უნდა აკეთებდეს?

- პრეზიდენტს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. სააკაშვილი იმ გმირ ჯარისკაცს ესაუბრებოდა, რომლის გმირობამაც ბევრი სამხედროს სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამიტომ, მან მებრძოლისთვის ყველაზე მაღალი ჯილდო დაიმსახურა და პრეზიდენტიც მასთან შეხვედრაზე არსებული ვითარებით დაინტერესდა.

აუცილებელია, მსგავსი საუბარი კამერების წინ შედგეს?

- ეს პირდაპირ ეთერში არ გადიოდა, თუმცა, მეორე საკითხია ის, ეს პრესამ უნდა გააშუქოს თუ არა. შეიძლება იდაო იმაზე - ეს ყველაფერი ქვეყნის პირველმა პირმა უნდა ჰკითხოს თუ არა ჯარისკაცს, მაგრამ თქმა იმისა, რომ ამ საუბრით საფრთხე გაიზარდა ან შემცირდა, ეს სრულიად აბსურდია.

კომისიის შექმნის სანაცვლოდ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დახურული ტიპის შეხვედრა შემოგთავაზათ, სადაც ის პირები მოვლენ, რომლებიც გამოძიების პროცესში არიან ჩართულნი. მიიღებთ შეთავაზებას?

- ერთია, კომიტეტის სხდომაზე მოსვლა და მეორეა საგამოძებო კომისიაში დაბარება, რომლის საქმიანობაც კანონით რეგულირდება და კომისიისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება კანონით ისჯება, განსხვავებით კომიტეტისაგან. თუ ეს შეხვედრა შედგება, მივესალმებით, მაგრამ საგამოძიებო კომისიას სხვა შესაძლებლობები გააჩნია. ეს დანაშაული პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი და სათავეს ამჟამინდელ მთავრობაში იღებს. შესაბამისად, თუ ისრები მაღალი თანანმდებობის მიმართ წავა, შს სამინისტროს ექნება მოტივაცია, რომ საქმე მიჩქმალოს.

პრეზიდენტმა ამ ვიდეოს წარმოშობის გარკვევა ნატო- ლიდერებსაც სთხოვა. შესაბამისად, თუ შს სამინისტროსა და მათ მიერ დადებული დასკვნა განსხვავებული იქნა, ამით უხერხულ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილის უწყება აღმოჩნდება და ამ ნაბიჯს ძალოვანი უწყება გადადგამს?

- უხერხულ ვითარებაში ხვედელიძეზე არ აღმოჩდნენ?! რაფალიანცის მკვლელობას მალე გამოვიძებთო, მაგრამ ძიება დაასრულეს?! სხვა ბევრი გამოძიებაც ვერ დასრულდა, თუმცა, უხერხულ მდგომარეობაში არ არიან. არადა, ჩვენ იმ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ, რომ წინა ხელისუფლება რაღაცას არ იძიებსო და საქმეებს ხელს აფარებსო. ფაქტია, რომ ან ტვინი არ აქვთ, ან არგუმენტი.