ალბათ, ლანა დელ რეის შესახებ გსმენიათ: მისი არაერთი სიმღერა გასული წლების ჰიტი იყო. სხვა თუ არაფერი, ზაფხულის ეს ჰიმნი გვაჩუქა!
ბოლო დღეებში კი ლანამ ყურადღება სავარაუდო ახალი პარტნიორით მიიქცია, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა.
ამერიკული ელექტრონული ბენდის S4LEM-ის მუსიკოსმა, ჯეკ დონოჰიუმ ინსტაგრამის პირად გვერდზე ლანასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. იმასთან ერთად, რომ გასულ თვეებში ამ წყვილის ურთიერთობასთან დაკავშირებული ჭორები ასე უფრო გამყარდა, უცნაურია ერთი გარემოება: ფოტოს გადაღების ადგილი.
ლანა და ჯეკი ციხის წინ პოზიორობენ.
ილინოისის შტატის ერთ-ერთი ციხის წინ გადაღებული ფოტოები ჯეკმა ამ აღწერით გამოაქვეყნა: "ოჯახური ვიზიტი".
სოციალური ქსელების მომხმარებლები მაშინვე დაინტერესდნენ, თუ ვის მოსანახულებლად იყო ლანა ციხეში ან რატომ გადაწყვიტა, რომ ციხის წინ გადაეღო ფოტო.
"ჩემი ჯეი ზი და ბიონსე" — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარებში.
რადგანაც ჯერჯერობით რაიმეს გადაჭრით თქმა რთულია, ის მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლანას რომელიმე ახალი სიმღერის ტექსტი სწორედ ციხეში სტუმრობას გამოეხმაუროს...