სწორედ განცხადებების გამო, შიდა თუ გარე მეგობრებისა, რომელიც სააკაშვილს აგულიანებენ და იმედს აძლევენ, რომ მოხდება მისი დახსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ვერ ეგუება იმ მდგომარეობას, რომ 6 წელი მან უნდა მოიხადოს სასჯელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ მსჯავრდადებულს და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მიეწოდოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი.
რაც შეეხება საკითხს, მიეწოდება თუ არა სათანადო სამედიცინო მომსახურება, ყველას შევახსენებ, რომ ამ საკითხით დაკავდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ის დააკვირდა, მოიძია თუ რა სერვისები მიეწოდება და დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება და ამ საფუძველზე უარი უთხრა იმ საჩივარს, რომელიც შეტანილი იყო მისი ადვოკატების მხრიდან.
გარდა ამისა, საქართველოშიც რამდენიმე კონსილიუმი ჩატარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები იყვნენ, სხვებიც იყვნენ შესული და საერთო ჯამში ჩვეულებრივი ადამიანის ენაზე დასკვნა რაც გვესმის არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობას, იმას, რომ მას შეზღუდული აქვს თავისუფლება, რის გამოც, დეპრესიიდან გამომდინარე აქვს ის მდგომარეობა, რაც აქვს.
სამწუხაროდ, სწორედ ეს განცხადებები შიდა თუ გარე მეგობრებისა, რომელიც მას აგულიანებენ და იმედს აძლევენ, რომ მოხდება მისი დახსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სწორედ ამ შეგულიანების გამო არის, რომ ის თავის მხრივ უკვე ვერ ეგუება იმ მდგომარეობას, რომ 6 წელი მან უნდა მოიხადოს სასჯელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმაზე საუბარიც კი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზაციას დაასრულებს, კანონის უზენაესობისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლების შეურაცხყოფაა.
„ზოგადად ამ მსჯელობაში შესვლაც კი, რომ ეს კარგი იქნებოდა დეპოლარიზაციის დასრულებისთვის, ამისთვის კარგი თუ იმისთვის კარგი, ამ მსჯელობაში შესვლა გულისხმობს ერთ რამეს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კატეგორიებში მსჯელობენ, ისინი დანაშაულს და ამ დანაშაულის გამო სასჯელის მოხდას უყურებენ არა როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპს, არამედ უყურებენ როგორც პიარის ნაწილს. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ან არ ყოფნის საკითხი განიხილება პიარის განზომილებაში, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, მიუღებელი სანდრო გირგვლიანის და მისი ოჯახის წინაშე, რომლის მკვლელობის ხელის დაფარების გამო ის ზის დღეს ციხეში და იხდის სასჯელს, მიუღებელია ვალერი გელაშვილის წინაშე, რომლის ცემის ორგანიზების გამოც ის ზის დღეს ციხეში და იხდის სასჯელს, ასევე მიმდინარეობს საქმეები, რომლებიც არანაკლებ მძიმეა. ამის დაყვანა პიარის დონემდე, რომ ეს ახლა რა რეაქციას გამოიწვევს ეს არის ერთი მხრივ შეურაცხყოფა ქართული მართლმსაჯულების, შეურაცხყოფა სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების და შეურაცხყოფაა ზოგადად სამართლიანობის და კანონის უზენაესობის იდეის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს საუბრობენ მის გათავისუფლებაზე, სინამდვილეში აუარესებენ მის ჯანმრთელობას.
„ის ადამიანები, სააკაშვილის შიდა თუ გარე მეგობრები, რომლებიც დღეს საუბრობენ მის გათავისუფლებაზე, სინამდვილეში ეს ადამიანები აუარესებენ მის ჯანმრთელობას იმით, რომ აგულიანებენ, არ უნდა შეეგუოს, რომ მოუწევს ციხეში ჯდომა. ამით შეგულიანებული სააკაშვილი ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს, როგორ გაატაროს შემდეგი წლები ციხეში და იფიქროს თუნდაც იმ დანაშაულებზე, რომელიც მან ჩაიდინა ან იფიქროს საკუთარი პიროვნების სხვანაირ განვითარებაზე, ნაცვლად ამისა, იმით, რომ არ ეგუება ციხის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის შესაბამისი. ამიტომ, ვინც კი არის გულშემატკივარი მიხეილ სააკაშვილის, დღეს იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ პირიქით, ის შეაგულიანოს იმაში, რომ შეეგუოს, ის 6 წელი, რომელიც მას აქვს მისჯილი, მოიხადოს ისევე, როგორც მოიხადეს სხვებმა, მათ შორის მისი მთავრობის წევრებმაც. ვანო მერაბიშვილმა ბოლომდე მოიხადა სასჯელი და გამოსულიც არის თავისუფლებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.