შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე:  6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო, თავი დაიზღვიეს და თავადაც დრო აიღეს - ჩვენი გეგმები არ იცვლება, გვაქვს მკაფიო გრაფიკი, 12 პუნქტიდან ყველა საკითხი დეკემბერში სრულდებოდა

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე: 6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო, თავი დაიზღვიეს და თავადაც დრო აიღეს - ჩვენი გეგმები არ იცვლება, გვაქვს მკაფიო გრაფიკი, 12 პუნქტიდან ყველა საკითხი დეკემბერში სრულდებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის 6-თვიანი ვადა „გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო“ და ვადის გაზრდით ევროკომისიამ თავი დაიზღვია, რათა საკითხი სრულფასოვნად განიხილოს.

როგორც პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, აღნიშნული ვადის ცვლილების მიუხედავად, ხელისუფლების გეგმა არ იცვლება.

„ზოგადად, 6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო, ერთი მხრივ თუ გავითვალისწინებთ იმ საკითხებს, რაც ამ რეკომენდაციებშია და მეორე მხრივ, როდესაც საქართველო ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, საჭიროა, ევროკომისიამაც გარკვეული დრო დაუთმოს ამის გადამოწმებას. ამიტომ, ვფიქრობ, თავი დაიზღვიეს და თავადაც, დრო აიღეს, რათა შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად განიხილონ ეს საკითხი. როგორც ვვარაუდობ, იგივე საკითხი შეეხება უკრაინასა და მოლდოვას. იქ უფრო რთულადაა საქმე. მაგალითად, მოლდოვის მიმართ წაყენებული რეკომენდაცია, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა გატარდეს, ვფიქრობ, წარმოუდგენელია ამ 6 თვეში შესრულდეს/ ვფიქრობ, იქით უფრო საჭირო იყო დამატებითი ვადები.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, გეგმები არ იცვლება, წარმოდგენილი გვაქვს მკაფიო გრაფიკი. არა მხოლოდ თვეებით, არამედ თარიღებითაა გაწერილი, სადაც ჩაწერილია, როდის დაინიცირდება და მესამე მოსმენით მიიღება. ამ 12 პუნქტიდან, ყველა საკითხი, ჩვენი მხრიდან დეკემბერში სრულდებოდა. ორი საკითხი იყო ჩვენს გრაფიკში - სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, რომელთა ინიცირება ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში მოხდება, შემდეგ ვაგზავნით ვენეციის კომისიაში, ამის შემდეგ გააგრძელებს პარლამენტი მიღებას. აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიაზე, რომ 6 თვის ვადაში ჩავეტიოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, ხომ არ დაიხურება ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება და გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლება.

მისი თქმით, ეს ასე არ იქნება, რადგან მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„არა - პირიქით. მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - ესაა ევროპული პერსპექტივა, რომელიც სამივე ქვეყანას მიენიჭა. ესაა მთავარი ხელჩასაჭიდი მიღწევა, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს - არა იმდენად კანდიდატის სტატუსი, რამდენადაც ევროპული პერსპექტივა, რომელიც წარმოადგენს აღიარებას, რომ ევროკავშირი მზადაა ეს სამი წევრი საკუთარ რიგებში მიიღოს ამ პროცედურების გავლის შემდეგ. ეს მთავარი მონაპოვარი გვაქვს, სხვა დანარჩენი - კანდიდატის სტატუსის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება, წლების პროცესია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭება დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული.

„ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ კანდიდატის სტატუსს დამატებით ფინანსებთან კავშირი არ აქვს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას დამატებით ფინანსებთან კავშირი არ აქვს. ადამიანებს, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ რომ ეს ასე არ არის, რატომ ჰქონდათ დეზინფორმაციული კამპანია? პასუხი ისაა, რომ საზოგადოებაში ისტერია გამოეწვიათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.