ოპოზიციურმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არანაირად არ ზრდის ევროკავშირისგან დახმარებებს და ფინანსური, მატერიალური თვალსაზრისით არანაირი სარგებელი კანდიდატის სტატუსს არ აქვს, - ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, ისინი ცდილობდნენ, რომ საპროტესტო მუხტის გაზრდის მიზნით საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ კარგად იციან, ისინი მაინც საზოგადოების შეცდომის მიზნით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, საზოგადოებაში გარკვეულწილად დაძაბულობის და საპროტესტო მუხტის გაზრდის მიზნით ცდილობდნენ რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მყისიერად გააკეთა განმარტებები ირაკლი კობახიძემ, სადაც დეტალურად ახსნა, ყველა ის ბენეფიტი რაც ასოცირებულ წევრს აქვს, ანუ საქართველოს და რაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს აქვთ. მათ შორის მოყვანილი იყო შესაბამისი რიცხვები. მაგალითად თურქეთი, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა იღებს დაახლოებით 8 ევროს ერთ სულ მოსახლეზე, მაშინ როცა საქართველო იღებს 39 ევროს ერთ სულ მოსახლეზე იმ მოცემულობით, რომ ჩვენ ასოცირებული წევრები ვართ. ირაკლი კობახიძის განმარტების მიუხედავად, მაინც გაგრძელდა სპეკულაციები ოპოზიციონერების მხრიდან, რაც ისახავდა მიზნად დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაზრდას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, დღეს ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა, ერთი ერთი ის, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ მაინცდამაინც ველოდებით ვინმე უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებას, რომ რაღაცები დავიჯეროთ“, - განაცხადა გვიდიანმა.