სამართლიანობის აღდგენის პროცესი კუბლაშვილის მიერ კონტროლირებად სასამართლოში

სამართლიანობის აღდგენის პროცესი კუბლაშვილის მიერ კონტროლირებად სასამართლოში

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა. კენჭისყრის მეორე ტურში ხმათა უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულები არიან ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე. ამავე სხდომაზე პარლამენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, იმის გამო, რომ ორი წევრის არჩევას ხმათა 2/3 სჭირდებოდა და კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობამ მონაწილეობა არ მიიღო, ორი წევრის არჩევა პარლამენტმა ვერ შეძლო.

9 ივნისს მოსამარლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 მოსამართლე წევრი აირჩია. ამაზე for.ge უკვე წერდა. კერძოდ, მოსამართლეთა კონფერენციაზე შვიდივე ისეთი მოსამართლე იქნა არჩეული, რომელსაც კოტე კუბლაშვილი ლობირებდა. ქართველი ექსპერტების მოსაზრებითაც კუბლაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა კონფერენცია მოუგო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მისი გავლენის სფეროდ დარჩა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო დაპირება - სამართლიანობის აღდგენა იმიტომ ჭიანურდებოდა, რომ სასამართლო კოტე კუბლაშვილის კონტროლის ქვეშ იყო. ამიტომ მთელი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა სასამართლო რეფორმას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრებით დაკომლპექტებას, რათა სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებულიყო და დამოუკიდებლად მოქმედება დაეწყო, თუმცა საბოლოოდ ასეთი რეალობა მივიღეთ - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შვიდი მოსამართლე წევრი კუბლაშვილისთვის სასურველი კანდიდატები არიან. ამასთანავე, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში რჩებიან გიორგი შავლიაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელია. საპარლამენტო უმრავლესობამ საბჭოს ოთხი წევრი აირჩია და კიდევ ორი ვაკანსიაა დარჩენილი. ამ ორ ადგილზე ისეთი კანდიდატები უნდა იყვნენ წარდგენილები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობაც“ მხარს დაუჭერს, სხვა შემთხვევაში, ხმათა სათანადო რაოდენობის არქონის გამო ამ ორი კანდიდატის დამტკიცება ვერ მოხდება.

ამდენად, ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 13 წევრია (სულ 15 უნდა იყოს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ორი ადგილი ჯერაც ვაკანტურია), საიდანაც 9 წევრი კუბლაშვილი და მისი გუნდია, ხოლო 4 კაცი „ქართული ოცნების“ მიერ არის არჩეული.

რას აპირებს მმართველი გუნდი და რა ბედი ელის ქართული მართლმსაჯულების სისტემას, ამის შესახებ for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ესაუბრება.

ქალბატონო მანანა, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრი აირჩია, მაგრამ დარჩენილია კიდევ ორი ვაკანსია, რომელთა შევსებაც საპარლამენტო უმცირესობის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის მეშვეობით უნდა მოხდეს. როგორ მოხდება ამ წევრების არჩევა და ხომ არ ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15-ის ნაცვლად მხოლოდ 13 წევრით დაკომპლექტდეს?

- ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა შეთანხმება, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა 2/3 ვერ მიიღო. სწორედ ამიტომ დარჩა ორი ვაკანსია და ეს ორი ადგილი რომ შეივსოს, საჭიროა ხმათა 2/3-ის შეგროვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაციონალებმაც მხარი უნდა დაუჭირონ ამ კანდიდატებს, ანუ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით ისინი ჩვენთან უნდა შეთანხმდნენ. ჰიპოთეტურად, ეს რა თქმა უნდა, შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ იყოს ორი ისეთი კანდიდატი, რომლებთან დაკავშირებითაც ისინი თანახმანი იქნებიან, რომ მხარი დაუჭირონ. ალბათ, მათთან ამ კანდიდატების თემაზე კონსულტაციების გამართვა მოგვიწევს, მაგრამ ვერ გეტყვით დროის თვალსაზრისით, ეს როდის იქნება შესაძლებელი.

მთელი ის, დრო, რაც ამ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გასამართად ნაციონალებს ჰქონდათ, მათ ეს დრო არ გამოიყენეს და პირდაპირ სხდომაზე წარმოადგინეს თავიანთი კანდიდატები. მე მგონი, თავადაც კარგად იცოდნენ, რომ ასე სპონტანურად ამ საკითხზე თანხმობა ვერ იქნებოდა მიღწეული. ალბათ, ორ კანდიდატთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები, სავარაუდოდ, ისეთ კანდიდატებს წარმოვადგენთ, ვისაც „ნაციონალური მოძრაობაც“ დაუჭერს მხარს. თუ არადა, გამოდის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო 13 წევრით დაკომპლექტდება.

სხდომას, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მოხდა, საპარლამენტო უმცირესობა პროტესტის ნიშნად არ დაეწსრო. მათ განაცხადეს, რომ უმრავლესობას კონსულტაციები შესთავაზეს, რაზეც თქვენგან უარი მიიღეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. ახლა რას აპირებს მმართველი გუნდი? გაიმართება კონსულტაციები უმცირესობასთან და მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს ეყრება კენჭი, თუ რაიმე სხვა გეგმა გაქვთ?

- ამ ეტაპზე მათი მხრიდან ამის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა. მოგეხსენებათ, ვინაიდან უმცირესობის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დავუჭირეთ, მათ ამიტომ არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ბოლო სხდომა პარასკევს იყო და ამის შემდეგ არანაირი კონსულტაციები არ გამართულა, მაგრამ სამომავლოდ, ეს, ალბათ, უნდა გაკეთდეს, რადგან სხვანაირად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრულად ვერ დავაკომპლექტებთ. თუმცა, თუ ამ ორ კანდიდატზე ვერ შევთანხმდით, როგორც ზემოთ გითხარით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 13 წევრით დაკომპლექტდება.

მოდით ახლა საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევაზეც ვისაუბროთ. ჩვენ ვნახეთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე საბჭოს შვიდივე წევრი იმ ადამიანებიდან იყო არჩეული, ვინც კოტე კუბლაშვილს აწყობდა. იქნებ გვითხრათ, რატომ მოხდა ასე?

- მე ვიფიქრე ამაზე და შემიძლია გითხრათ, რომ ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. მოსამართლეთა კონფერენციაზე დიდი უმრავლესობა სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეები იყვნენ, რადგან საქმეების რაოდენობიდან გამომდინარე სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე მოსამართლეები უფრო მეტია. უმცირესობაში იყვნენ სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეები, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ნაკლები შიში ჰქონდათ იმისა, რომ მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე შეიძლება პასუხი მოეთხოვოთ. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების დროს მთელი სასამართლო სისტემა პოლიტიზირებული იყო, მაგრამ ყველაზე მეტი დარღვევა, გადაცდომა, თუ გნებავთ დანაშაული ჩადენილი იყო სისხლის სამართლის საქმეებში და ასევე ადმინისტრაციულშიც.

მოსამართლეთა კორპუსში კი უმრავლესობა სწორედ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეები არიან. ალბათ, ეს ადამიანები გააერთიანა იმის შიშმა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიძლებოდა მართლაც ობიექტური, მიუკერძოებელი ადამიანები მოსულიყვნენ, რომლებიც დარღვევებით წარმართულ საქმეებს განიხილავდნენ და მოსამართლეებს გარკვეულ პასუხისმგებლობას დააკისრებდნენ.

შესაძლებელია, იყო მუქარაც. მუქარაში მე არ ვგულისხმობ, რომ ვინმეს იარაღი დაადეს, საუბარია თუნდაც ასეთ ტექსტებზე - „თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო დაგიჭერენ, პასუხს მოგთხოვენ, ამიტომ, ისევ ჯობია, ჩვენ დაგვიჭიროთ მხარი“ და ა.შ. არ ვიცი, მე იქ არ ვყოფილვარ და ასეთი რამ არ მომისმენია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოსამართლეთა ამ გუნდმა არჩია, ისეთი ადამიანები აერჩიათ, რომლებიც ამ დარღვევების გამო პასუხისმგებლობას მათთან ერთად იზიარებდნენ. კერძოდ, როდესაც ამ საქმეების განხილვა პირველ და მეორე ინსტანციაში დასრულდებოდა და ისინი უზენაეს სასამართლოში იგზავნებოდა, იქ ამ დარღვევებზე არანაირი რეაგირება არ ხდებოდა. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოც ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო.

სამწუხაროდ, არაერთი გამხაურებული საქმე ვიცით, სადაც პირდაპირ უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენებია გამოტანილი, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლო დღესაც იხილავს.

ეს ყველაფერი გასაგებია და, ალბათ, ამ მოსამართლეების მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიღება სრულიად ლოგიკური იყო. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ამ მოსამართლეებმა ამგვარი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად თავი გადაირჩინეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ხომ არ დააკლო რამე ამ პროცესს? იმას ვგულისხმობ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან გაცხადდა მზაობა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნისა. ამან სავარაუდოდ გამოიწვია მოსამართლეების შიში, რომ ისინი ჩადენილი დარღვევებისთვის დაისჯებოდნენ (რაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა) და ეს პროცესი ხელისუფლებას პრაქტიკულადგაექცახელიდან

- ჩვენ ამ პროცესებს ვერანაირად ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან ეს არის მოსამართლეთა კონფერენცია, დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტო და მის საქმიანობაში ჩვენ ვერ ჩავერეოდით. იქ მოსამართლეებს უნდა გაეკეთებინათ არჩევანი, უნდოდათ რეალურად თავისუფალი სასამართლო, თუ არა.

როდესაც ადამიანს თავისი პროფესიული საქმიანობისას რაღაც გადაცდომები აქვს ჩადენილი, ცხადია, ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც პირადად მისთვის უფრო ნაკლებ საშიში იქნება. აქ უკვე თვითგადარჩენის ინსტიქტი მოქმედებს.

ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვეძლო კანონი შევცვალეთ და არ მინდა მიხეილ სააკაშვილს დავემგსავსო, მაგრამ მართლაც პირველად საქართველოში ჩატარდა ასე ღიად მოსამართლეთა კონფერეცია. თქვენ გახსოვთ, რომ ოდესმე კონფერენცია ასე ჩატარებულიყო? ეს პროცესი ჩუმად, დახურულ კარს მიღმა ისე ხდებოდა, რომ ვერავინ ამის შესახებ ვერაფერს იგებდა ხოლმე და ხდებოდა ერთი ადამიანის მიერ დასახელებული კანდიდატების არჩევა. ახლა ეს პროცესი გაიხსნა, გახდა ღია, მოსამართლეთა კონფერენციას ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრო და მართლაც პირველად მოხდა ისე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

როგორია ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს. ალბათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მართლაც სერიოზული მონიტორინგი სჭირდება. მე მქონდა საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების „კოალიცია მართლმსაჯულებისთვის“ წევრებთან, რომლებიც აპირებენ საბჭოს საქმიანობის სერიოზული მონიტორინგი ჩაატარონ და ეს გააჯანსაღებს პროცესს. ის, რაც აქამდე დახურული იყო, ახლა გაიხსნა, არის ამ პროცესზე სერიოზული საზოგადოებრივი კონტროლი და არის ხელისუფლების ნება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე არ იყოს გავლენა და ეს სრულიად დამოუკიდებელი ორგანო იყოს. ამასთანავე, მართლაც პირველად მოხდა ისე, რომ საბჭოს წევრები მოსამართლეებმა თვითონ აირჩიეს. კუბლაშვილმა მოახდინა ამაზე გავლენა, მეიშვილმა, მურუსიძემ თუ კიდევ ვინმე სხვამ, ფაქტია, რომ მოსამართლეებმა ეს არჩევანი თავად გააკეთეს. ამით მივიღეთ ისეთი რეალობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი აღარ არის, რაც არასოდეს ყოფილა. საბჭო ყოველთვის მმართველ ძალას ემორჩილებოდა და ეს იყო ამ სისტემის პრობლემა.

ახლა ეს დამოუკიდებელი წევრები შევლენს საბჭოში და სხდომას ისე ჩაატარებენ, რომ ის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ღია იქნება. შესაბამისად, შავზე თეთრის თქმა და პირიქით, თეთრზე შავის თქმა ისე ვეღარ მოხდება, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, რადგან იუსტიციის საბჭოში არავინ იყო გამკითხავი, სიტყვის მთქმელი და სისტემა მთლიანად ჩაკეტილი იყო.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუკი მოსამართლეები ბევრად უფრო თავისუფალი არჩევანის გაკეთებას შეძლებდნენ, მაგრამ რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, ჩვენ მათზე გავლენა არ მოგვიხდენია.

რაც შეეხება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიას, ამ თემაზე ვენეციის კომისიამ იმუშავა. ჩვენ ამ კანონპროექტს მივიღებთ და ეს კომისია აუცილებლად შეიქმნება და სწორედ ეს იქნება გზა იმისკენ, რომ უკანონო განაჩენები და გადაწყვეტილებები გდაისინჯოს და ადამიანების შელახული ფუნდამენტური უფლებები აღდგეს. კომისიის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია ისეთმა სასამართლომ, რაც ქვეყანაში არსებობდა და ჩვენ ამას გვერდს ვერ აუვლიდით.

თქვენს კითხვაში ის დავინახე, ამ კომისიის შექმნამ ხომ არ შეაშინა მოსამართლეებიო, მაგრამ ჩვენ რასაც ვაპირებთ და ვაკეთებთ, ამაზე საჯაროდ ვსაუბრობთ. იმის გამო, რომ მათ არ შეშინებოდათ და ისეთი ხალხი არ აერჩიათ იუსტიციის საბჭოში, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს, ჩვენ ვერ გავაუქმებდით ჩვენს გადაწყვეტილებას ამ კომისიის შექმნის შესახებ. ამიტომ ჩვენ ჩვენი გეგმების შესახებ ღიად ვსაუბრობთ.

ქართული ოცნებისერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საარჩევნო დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირად, როდესაც საქმე წინა ხელისუფლების მაღალჩონოსნებს ეხება, პროკურატურა სასამართლოს გარკვეული მოთხოვნებით მიმართავს, აყენებს შუამდგომლობებს, მაგრამ მისი ეს მოთხოვნები არ კმაყოფილდება. ამიტომ მთელი ქართული საზოგადოება მოუთმენლად ელოდა სასამართლო რეფორმას, რომლის შედეგადაც სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი გახდებოდა და ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებდა. ახლა, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფაქტობრივად ისევ კოტე კუბლაშვილი აკონტროლებს, რამდენად ჯანსაღი იქნება სამართალწარმოების პროცესი?

- მინდა გითხრათ, რომ რეფორმა მხოლოდ ახლა იწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯერ არც შეკრებილა და გადაწყვეტილებები არ მიუღია. მართალია, მოსამართლეების პოზიცია გასაგებია და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენს მიერ არჩეულები არიან დამოუკიდებელი წევრებიც, რომლებიც მომართულები არიან სწორედ იქითკენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა სამართლიანი და გამჭვირვალე გახადონ. იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტორი პროცესს გააჯანსაღებს და მოსამართლეების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

რაც შეეხება პროკურატურას, რა თქმა უნდა, მან დასაბუთებული შუამდგომლობა უნდა წარადგინოს და საფუძველი მისცეს სასამართლოს. ამ საფუძვლების არსებობისას, დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ (არ მაქვს ილუზია, რომ სასამართლოში დღეს ყველაფერი რიგზეა) ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და თუკი პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებული იქნება, უნდა დაუკმაყოფილოს, ხოლო სადაც დაუსაბუთებელი იქნება, ცხადია, არ უნდა დააკმაყოფილოს. იგივე ითქმის დაცვის მხარეზეც, ანუ სასამართლო უნდა იყოს მიუკერძოებელი არბიტრი და კეთილი ინებონ ორივე მხარემ, დაცვამაც და ბრალდებამაც, რომ ვინაიდან სასამართლო შეჯიბრებითი პროცესია, თავიანთი ინტერესები დაიცვან.

ბრალდებამ, რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, განსაკუთრებით ისე სააქმეებზე, სადაც მაღალია იმის რისკი, რომ საქმის პოლიტიზირების საშუალება შეიქმნას, ანუ ის, რომ თითქოს, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილები, რაზეც ოპოზიცია გვიჩიჩინებს და რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციები მიგვითითებენ იმ კონტექსტში, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა არ უნდა დავუშვათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ მაქსიმალურად უნდა იღვაწოს იმისთვის, რომ სასამართლოში არგუმენტირებული მტკიცებულებები წარადგინოს. ცხადია, ეს მარტივი არ არის, მაგრამ მან ეს უნდა გააკეთოს.

ქალბატონო მანანა, სასამართლო აღარ იქნება პოლიტიკური გავლენის ქვეშ? როდესაც ამას გეკითხებით, მმართველ გუნდს არ ვგულისხმობ. საუბარია იმაზე, რომ სასამართლო სისტემა კვლავ კუბლაშვილის გავლენის ქვეშ დარჩა.

- ჩემთვის ცოტა ძნელია დავიჯერო კოტე კუბლაშვილის დამოუკიდებლობა, როდესაც მისი ოჯახის წევრი ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის წევრია. ეს ქართული რეალობაა. ჩვენ რომ რომელიმე დიდი ქვეყანა ვიყოთ, სულ სხვაგვარი სიტუაცია გვექნებოდა, მაგრამ როდესაც პარლამენტში ერთი ხმა, ანუ პავლე კუბლაშვილის ხმა ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს (მანამდე ხელისუფლების სასარებლოდ მუშაობდა), მათი ხელდასმულია ბატონი კოტე კუბლაშვილი და მას ოჯახის წევრი ჰყავს ოპოზიციაში, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ოპოზიციასა და სასამართლოს შორის ეს ჯაჭვი გაწყდეს, მაგრამ მარტო კუბლაშვილი ხომ არ არის არა?

არსებობს პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანცია და კეთილი ინებონ მოსამართლეებმა და თავიანთ დამოუკიდებლობაზე თვითონაც იზრუნონ, თუკი იქნება ზეწოლის მცდელობა, მათ იუსტიციის საბჭოზე ამის შესახებ უნდა განაცხადონ. ახლა ხომ ის დრო აღარ არის, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში მოსამართლეებს ხმის ამოღების ეშინოდათ. მე მქონდა საქმეები, როდესაც მოსამართლე ჩემთან აფიქსირებდა, რომ პირდაპირ აიძულებდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ ამბობდა, მომკლავენო.

ახლა მოსამართლეებს აღარავინ ერჩის. ამიტომ მოსამართლეებმა კეთილი უნდა ინებონ, რომ და თუკი ვინმეს მხრიდან (იქნება ეს პროკურატურა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ ვინმე სხვა) იქნება ზეწოლა მათზე, ამის შესახებ მათ ხმამაღლა უნდა განაცხადონ. ბოლოს და ბოლოს, მათ ამას ავალდებულებს კონსტიტუცია, მათი მოსამართლის მანტია და საზოგადოების თითოეულმა ინდივიდმა, მოსამართლე იქნება ეს, პროკურორი, დეპუტატი, თუ სხვა, ყველამ თავის თავზე მისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. სხვაგვარად ვითარება ქვეყანაში ვერ გამოსწორდება.

ჩვენ გვინდა მოსამართლეებს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მივცეთ, მაგრამ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, რომ თუკი არ უნდა პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს, მოსამაღლეებმა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.