დღეს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში თავისი ყოველწლიური ანგარიშით გამოვა. დიდი ამბავია ატეხილი პრეზიდენტის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ საკითხზე, უნდა დაესწრონ თუ არა მინისტრთა კაბინეტის წევრები პრეზიდენტის ამ გამოსვლას. კანონი მინისტრებს არ ავალდებულებს, რომ პარლამენტში მივიდნენ. შესაბამისად, არჩევანში თავისუფლები არიან და უნდა დაესწრებიან, უნდა - არა. სავარაუდოდ, არც მივლენ და არც დაესწრებიან და ბევრს ეს არ მოსწონს, - ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობააო. რომელი პრეზიდენტის უპატივცემულობაა, უმცირესი უფლებები რომ აქვს და ერთ მინისტრს უბრალო მითითებასაც კი ვერ მისცემს, იმისი? მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრია და რა შუაშია პრეზიდენტი? გიორგი მარგველაშვილს ჰყავს თავისი აპარატის წევრები, მაგათი უფროსია, ჩაიყვანოს ქუთაისში და დაასწროს თავის გამოსვლას. არა, ეს სიტყვა - "პრეზიდენტი" ჩვენში ჯერაც შთამბეჭდავად ჟღერს, რაღაც მაგიური ძალა აქვს, თუ რა უბედურებაა. ბევრს იმის გაგება ცოცხალი თავით არ უნდა, რომ ამ სიტყვის უკან, ერთი შეზღუდულფუნქციებიანი ჩინოვნიკი დგას და მეტი არაფერი.
საქართველოს პრეზიდენტს რაღაც ფუნქციები კი აქვს და ის უპირველესად, მომრიგებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ჩვენმა პარლამენტმა და მინისტრთა კაბინეტმა თუ ცალკეულმა მინისტრებმა არაერთხელ დაჭამეს ერთმანეთი და ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, რომ პრეზიდენტი ამ დავაში ჩარეულიყო და დაპირისპირებული მხარეები შეერიგებინა, სადავო პრობლემის მოგვარების პროცესში ჩართულიყო და ის წარმატებით გადაეჭრა. საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში გარკვეული ფუნქციები აქვს მარგველაშვილს, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს, რაღაც ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ ინიციატივას საგარეო მიმართულებით, რომელიც შემდეგ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განახორციელა. ერთი იდეა არ მაგონდება მარგველაშვილისა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. არადა, ქვეყანა ჩაძირულია ამ საგარეო პრობლემებში, მარტო რუსეთი და მისი პერმანენტული პროვოკაციები ავიღოთ, სხვას არაფერს ვამბობ. ერთადერთი ეგ არის, შანსს არ უშვებს, რომ არ განაცხადოს, საქართველო ევროატლანტიკურ კურსს არ გადაუხვევს, ბოლომდე მისი ერთგული დარჩებაო. ეგ გავიგეთ, ყველა მაგას გაიძახის და მაგ საქმეს როგორმე უმარგველაშვილოდ გადაწყვეტენ, უფუნქციო პრეზიდენტის ბეჭედი მაგ საქმეს აღარ სჭირდება.
არა, ამ მარგველაშვილის მომხრეები დიდ ამბავში არიან, რომ მთავრობა იგნორირებას უკეთებს მას და დღეს ქუთაისში ჩასვლას არ აპირებს არც ერთი მინისტრი. აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ერთია, კონსტიტუციით რა უფლებები აქვს პრეზიდენტს მინიჭებული, მეორე, ამ უფლებების ფარგლებში რას აკეთებს, რამდენად იყენებს მას. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თავად თუნდაც უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის პოლიტიკურ წონას, სახალხო ავტორიტეტს.... გიორგი მარგველაშვილს, ზუსტად ეს პოლიტიკური წონა, რეიტინგი და ეს ავტორიტეტი არ გააჩნია. ახლახან მშველელად "აი-რა-ი" გამოუჩნდა მარგველაშვილს, რომლის კვლევების მიხედვითაც, მარგველაშვილის რეიტინგი 62%-ია. არ მჯერა ტყუილში არაერთგზის გამოჭერილი, "ნაცმოძრაობას" მიბმული ამ ორგანიზაციის კვლევებისა და რეიტინგისა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და თავი გაიბითურეს მისმა მესვეურებმა. გავიაროთ ქუჩაში და ყოველი 100 კაციდან თუ 62 მაინც გაიხსენებს, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ. 62% არა, ფლავი! მარგველაშვილის საპირწონედ თურქეთის ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამად პრემიერს, დავუდოღლუს გავიხსენებ. არც ამ კაცს ჰქონდა დიდი უფლებები, მისი მთავარი ფუნქცია მომრიგებლობა იყო ხელისუფლების ორ შტოს შორის, მაგრამ ამ საქმეს ჩინებულად ასრულებდა. არაერთხელ შეარიგა წაკიდებული პრემიერი და მეჯლისი ერთმანეთს და ამას იმიტომ ახერხებდა, რომ სწორედ ავტორიტეტი და წონა ჰქონდა (სხვათა შორის, რეჯებ თაიფ ერდოღანის მსგავსად ეგაც ქართული ფესვების არის. - ლ.ჯ), იმ შეზღუდულ უფლებებში დავით ოღლუ ძალიან ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი იყო და სიტყვა ეთქმოდა თურქეთში. ჩვენი ბედკრული პრეზიდენტი კი, ვერა რა, ვერ იქცა ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად, ვერც წვერის მოპარსვამ უშველა და ეჭვი მაქვს, ისე დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას, რომ ეგრე დარჩება - არც რძე იქნება და არც წყალი. ერთადერთი, რაც კარგად გამოსდის, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობაა - პერიოდულად პატიმრებს უშვებს ციხიდან, მაგრამ ამის გაკეთებას რად უნდა პრეზიდენტობა, ეს ვერ გამიგია. რა, შეწყალების კომისიის თავკაცობას პრემიერი ვერ "გაქაჩავს" თუ პარლამენტის თავმჯდომარე?
ახლა იმაზე ვთქვათ, ამ უფლებაშეზღუდული ადამიანის შენახვა რა გვიჯდება. უზარმაზარი თანხა. მარტო ავლაბრის რეზიდენცია რად ღირს? ეს ამხელა შენობა 24 საათი გაჩახჩახებულია და ეს ელენერგიის ხარჯი დაითვალეთ. სხვათა შორის, ეს ის რეზიდენციაა, თავად გიორგი მარგველაშვილი რომ იძახდა ხშირად, როცა მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდა, - ამხელა შენობა საქართველოს პრეზიდენტს არ სჭირდებაო. პირობაც დადო, თუ პრეზიდენტი გავხდები, იმ რეზიდენციაში ფეხს არ შევდგამო, აირჩიეს პრეზიდენტად და 6 თვეში დურთა თავი იმ ვითომ დაწუნებულ რეზიდენციაში. ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია აღარ იკადრა, არადა, ის სწორედ მისთვის შეკეთდა. მოკლედ, აქეთ ქართველი ხალხი გადააგდო, იქით - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ლამის ეხვეწებოდა, მაგ რეზიდენციაში ნუ დაჯდები, გაჭირვებული საქართველოს პრეზიდენტს მაგხელა და თან ეგეთი ფეშენებელური შენობა არ შეჰფერის, პრეზიდენტი ცხოვრების წესით, თავის ქვეყანას უნდა ჰგავდესო. მერე მარტო ამ რეზიდენციის ელენერგიის ხარჯი აწევს მოსახლეობას მძიმე ტვირთად? დაამატეთ ამას გათბობის ხარჯები, რეზიდენციის დაცვა, დამლაგებლები, მეეზოვეები, მებაღეები... აქვე გავიხსენოთ ჩვენი პრეზიდენტის აპარატი, რომლის ფუნქცია ისეთივე გაურკვეველია, როგორც თავად პრეზიდენტისა. ხელფასები და პრემიები, იცოცხლეთ, სოლიდური აქვთ. ამას დაუმატეთ პრეზიდენტის ავტომობილების, მათი საწვავის, პირადი დაცვის, უცხოეთში მოვლინებებისა და სხვა უამრავი ხარჯი, რომელთაც ჩვენ, გადასახადების გადამხდელები ვიხდით. ქვეყანას ლამის ძირი გასძვრეს, ისეთ დღეში ვართ, გვიჭირს კი და შესაძლოა, მალე ბიუჯეტის სეკვესტრი დაგვჭირდეს. ამ დროს, უზარმაზარ თანხას ვახარჯავთ უფუნქციო პრეზიდენტზე. არ დამიწყოს ახლა ვინმემ დავა, მარგველაშვილი კარგი პრეზიდენტიაო და სხვა ეგეთები. შორს არ წავალ და აგერ, მისი პრეზიდენტობის კანდიდატად შემრჩევ-დამსახელებლის, ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს გაგახსენებთ: `გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება ჩემი დიდი შეცდომა იყო".
დადის ეს უფუნქციო კაცი უცხოეთში და ხან ვის ხვდება და ხან - ვის. ამ ვიზიტებიდან მის მიერ გაკეთებული საქმის შესახებ კი ჯერ არავის სმენია. შე დალოცვილო, თუ მოგზაურობა გინდოდა, გეთქვა ბიძინა ივანიშვილისთვის, ტურიზმის სააგენტოს დირექტორად დაგნიშნავდა და შენც დაისვენებდი და ჩვენც. მარგველაშვილის ერთი უცხოური ვიზიტი გამახსენეთ ვინმემ, რომელსაც თავს ვერ გაართმევდნენ ან დავით უსუფაშვილი, ან ირაკლი ღარიბაშვილი.
გიორგი მარგველაშვილი ბუტაფორიული პრეზიდენტია და მისი რჩენა მილიონები გვიჯდება ყოველწლიურად. საქართველოს იმის ფუფუნების საშუალება ნამდვილად არ აქვს, რომ ამდენი ფული წყალში გადაყაროს. იმის გამო, რომ არიქა, ვითომ დემოკრატიული ქვეყნის ყველა ატრიბუტი გაგვაჩნია, ასეთი უნიათო პრეზიდენტი ნამდვილად არ უნდა შევინახოთ. დროა, საქართველოში ჩატარდეს რეფერენდუმი პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს დაუჭერს ამ წინადადებას. მერე კი, პრეზიდენტის ამ მცირედ უფლებებს, პარლამენტი და მთავრობა გადაინაწილებენ - მოერევიან როგორმე ამ დამატებით ფუნქციებს.