„ვადები, რომლებზეც თავიდან იყო საუბარი, რა თქმა უნდა, უფრო დაჩქარებულ და სწრაფ მოქმედებებს მოითხოვდა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ჩამოყალიბებულია კონკრეტული გეგმა, რომელზეც „ქართული ოცნება“ მუშაობს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გაფართოების პაკეტზე ევროკომისიის დასკვნის მომზადების თარიღის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, მმართველი პარტიის სრული მზადყოფნის მიუხედავად, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, საჭიროა ოპოზიციის ჩართულობაც.
„რა თქმა უნდა, მთავარია, რომ აქ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება, რომლებიც ყველას დაანახებს, რომ არსებითი პროგრესი იარსებებს, კონკრეტული მიმართულებებით, შედეგი უკვე მიღწეული იქნება, თუმცა, ამ 12-პუნქტიანი გეგმიდან, კვლავაც რჩება ერთი პუნქტი, დეპოლარიზაცია, რომელის შესრულების ექსკლუზიური შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, ის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცის ჩართულობით იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ, ოპოზიცია ამისთვის მოწადინებული არ არის. 2023 წელს შეფასდება არა მხოლოდ 12-პუნქტიანი გეგმა, არამედ ასოცირების დღის წესრიგიც, რომელშიც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმაა გაწერილი, მათ შორის ის, რაც 12-პუნქტიან გეგმაშია ნახსენები. ამიტომ, ჩვენ ამას გავყვებით. დარწმუნებული ვარ, საქართველო ყველა რეფორმის გატერებაში მოწინავე იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროკომისიამ გადაწყვიტა, დეპოლარიზაციის მცდელობებში, საქართველო აღარ დააჩქაროს და გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოამზადებს. მმართველი გუნდი გეგმას არ ცვლის და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას აგრძელებს. ოპოზიციაში კი, ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადება გაფრთხილებად აღიქვეს.