მსოფლიოში ცნობილმა ავღანური წარმოშობის მწერალმა ხალიდ ჰოსეინმა სოციალური ქსელების პირად ანგარიშებზე შვილის შესახებ საჯარო წერილი გამოაქვეყნა.
ბესტსელერი რომანის ფრანით მორბენალი ავტორმა შვილის, ჰარისის ქამინგ აუთის ისტორია აღწერა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:
"გუშინ ჩემი ქალიშვილი, ჰარისი, ტრანსგენდერად დაქამინგაუთდა. აქამდე მოსასვლელად ჰარისის მიერ გავლილი გზის შესახებ გასული წლიდან ვიცი და ვხედავდი, როგორ ცდილობდა ამ მძიმე პერიოდის გადალახვას. ტრანზიცია2 რთული პროცესია — ემოციურად, ფიზიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად, მაგრამ ჰარისი ყველა დაბრკოლებას ღირსეულად, მოთმინებითა და ბრძნულად შეხვდა.
როგორც მამა, მისით უფრო ამაყი არასდროს ვყოფილვარ. ბედნიერი ვარ, რომ ახლა არა ერთი, არამედ უკვე ორი ქალიშვილი მყავს. ყველაზე მეტად ჰარისის უშიშრობით ვარ შთაგონებული, მისი სიმამაცით, რომ მსოფლიოს თავისი ნამდვილი სახე გააცნოს. მან მე და ჩვენს ოჯახს ბევრი რამ გვასწავლა გამბედაობასა და სიმართლეზე. იმაზე, თუ რას ნიშნავს გულწრფელად ცხოვრება. ვიცი, რომ ეს პროცესი მისთვის მტკივნეული იყო, დარდითა და შფოთვით აღსავსე. ის აცნობიერებს იმ სისასტიკეს, რომელთან გამკლავებაც ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ. თუმცა ის ძლიერი და უშიშარია.
მე მიყვარს ჩემი ქალიშვილი. ამ გზაზე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები ისევე, როგორც მთელი ჩვენი ოჯახი. მას ზურგს ჩვენ ვუმაგრებთ. პატივია იმის ყურება, თუ როგორ იწყებს მშვენიერი, ბრძენი და ბრწყინვალე ქალის ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს".
ტექსტთან ერთად ხალიდ ჰოსეინმა ორი შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა: ჰარისის ამჟამინდელი და ბავშვობაში გადაღებული ფოტო, სადაც მამასთან ერთადაა.
ხალიდ ჰოსეინი, რომელიც 1965 წელს ავღანეთში დაიბადა და 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად აშშ-ში ითხოვა თავშესაფარი, ავტორია ისეთი ცნობილი ბესტსელერი წიგნებისა, როგორებიცაა ფრანით მორბენალი, ათასი მოელვარე მზე და მთებმა მთებს უთხრეს. სამივე რომანი სხვა ათეულობით ენასთან ერთად ქართულადაც ითარგმნა და საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ჰოსეინი თავის წიგნებში ავღანეთის წარსულსა და აწმყოზე, ომზე, ძალადობაზე, ქალების უფლებებსა და ემიგრანტების გამოცდილებაზე წერს.
მწერლობასთან ერთად ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელია და ავღანეთში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.