საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა, რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი - ჯერი ახლა ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საკუთარი თავის დეოლიგარქიზაციას არც ერთ შემთხვევაში არ მოახდენს, „რასაც მათი უკუღმართი, ანტიეროვნული განცხადებები მოწმობს".
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პარლამენტში ყველა შესაბამისი კანონი დარეგისტრირდეს, რომელთაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხმას მისცემენ.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთდა შემდეგი განცხადება: დეკემბრისთვის შემფასებელთა ჯგუფი ჩამოვა, რომელიც საქართველოს საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს: - შეასრულა თუ არა ქვეყანამ 12 პუნქტიდან გამომდინარე მასზე ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ითქვა, რომ შემდგომო პროცედურა შეიძლება იყოს 2023 წელს, მაგალითად, იანვარში. დასკვნა იმასთან დაკავშირებით რეფორმები განხორციელდა თუ არა, დეკემბერში გაკეთდება. ნუ ავტეხავთ აჟიოტაჟს იმისგან, რაზეც აჟიოტაჟი ასატეხი არ არის. თუ დეკემბერში საქართველო ყველა რეფორმას შეასრულებს, იქნება მხოლოდ პროცედურა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი უნდა შეიკრიბოს და თქვას: დიახ, საქართველომ ვალდებულებები შეასრულა და კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ. ეს შეიძლება იყოს იანვრის მეორე ან მესამე კვირაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.