თსუ-ს პროფესორის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, სავარაუდოდ, ვერც 2023 წელს მოხერხდება და გადაწყვეტილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. ამის შესახებ კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენის შემთხვევაში, სტატუსს სავარაუდოდ, კიდევ ვერ მივიღებთ.
„ეს პრეცედენტი ცუდია, რადგან ბრიუსელის ნათქვამი ისე იყო გაგებული, რომ საქართველოს 6 თვის განმავლობაში უნდა ემუშავა ამ საკითხების მოსაგვარებლად. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, 12-პუნქტიდან ზოგიერთი მათგანი ადვილი შესასრულებელია, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც ხანგრძლივვადიან გადაწყვეტას საჭიროებს და წლების განმავლობაშია დაგროვებული. ევროკავშირმა გადახედა თუ როგორ მიდიოდა პროცესი საქართველოში, კონკრეტულად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ნახეს, რომ რეალურად არ მიდის პროცესები ისეთი სისწრაფით, როგორც საჭირო იყო. ასევე, პირველი ორი პუნქტის შესახებ არანაირი ძვრა არ იყო ამ პერიოდის განმავლობაში. დეოლიგარქიზაციის საკითხი ხელისუფლებას სხვანაირად ესმის, ოპოზიციას - სხვანაირად, ხოლო საზოგადოებას აბსოლუტურად განსხვავებულად. ასევე დეპოლარიზაცია ფორმალურად ყველას ესმის, მაგრამ რეალურად ყველა მხრიდან ცალმხრივი ნაბიჯი გადაიდგა. ხელისუფლების მხრიდან პროცესი ინკლუზიური არ იყო. ის, რომ განცხადება გააკეთეს, რომ სამუშაო ჯგუფი იქმნება, რეალურად ეს ასე არ ხდება. ხელისუფლებას თუ უნდოდა რეალური ნაბიჯების გადადგმა, სანამ ამ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე უნდა დაკავშირებოდა ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და აკადემიურ წრეებს, ბიზნესსექტორს, მედიას და მათი ჩართულობით და კონსულტაციით გადაეწყვიტა როგორი იქნებოდა ეს ჯგუფი. მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ დასჩემდა, რომ ერთპარტიულად იტყვის რაღაცას და ჰგონია, რომ მასთან უნდა მივიდეს ყველა და მისი იდეის გარშემო გაერთიანდეს. ბუნებრივია, ეს იწვევს პროცესისადმი გაუცხოებას.
აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ამ პროცესს ჩაუდგეს სათავეში. ეს დრო საჭირო იქნება იმისთვის, რომ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მინიმუმ დაანახოს ევროკავშირს, რომ დინამიკა უკეთესობისკენ იცვლება“, - განაცხადა კაკაჩიამ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის განხილვაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს ისიც, თუ როგორ მოემზადება ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„ეს საკითხი არ თქმულა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ მოემზადება 2023 წელს ხელისუფლება არჩევნებისთვის და რამდენად დემოკრატიულად იქნება 2024-ის არჩევნები. 2023-ში აქ ისეთი ამბები იქნება, შესაძლოა, ევროკავშირისთვის ეს საკითხი საერთოდ მეორეხარისხოვანი გახდეს. საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად ლაპარაკი წავა რეჟიმის გადარჩენა-არგადარჩენაზე. თუმცა, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხელისუფლებამ ამ ერთი წლის განმავლობაში შეასრულა ყველაფერი, მაშინ 2023-ში ევროკავშირი საკითხს გადაწყვეტს. მაგრამ ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ არჩევნები წააგოს. ამიტომაც არის მათთვის ეს მიუღებელი. ამ ერთი წლის განმავლობაში ამაზე წავა ხელისუფლება? - მათი ქმედებებიდან გამომდინარე, არ მგონია, ამ ერთ წელში რამე შეიცვალოს. მინდა ძალიან ვცდებოდე, მაგრამ, ვფიქრობ, 2024 წელს, არჩევნების დასრულების შემდეგ იქნება საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, იგივე ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, სტატუსს კიდევ ვერ მივიღებთ“, - განაცხადა კაკაჩიამ.
ცნობისათვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.