ირაკლი კობახიძე ყაველაშვილის წერილზე: სწორედ ამის გვეშინოდა. ამ ღია წერილით ჭრილობა გაიხსნა, დახურული არ არის და, შესაბამისად, საზოგადოებაში შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს ამ ყველაფერმა

ირაკლი კობახიძე ყაველაშვილის წერილზე: სწორედ ამის გვეშინოდა. ამ ღია წერილით ჭრილობა გაიხსნა, დახურული არ არის და, შესაბამისად, საზოგადოებაში შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს ამ ყველაფერმა

მინდა პატივისცემა დავაფიქსირო თითოეული ამ ადამიანის მიმართ, მათ შორის ჩვენი სამი პარლამენტარი კოლეგის მიმართ, რომლებიც 2011 წლიდან იყვნენ ჩართულები „ქართული ოცნების“ ბრძოლაში დემოკრატიული გარდატეხისთვის და მთელი ეს წლები ჩვენთან ერთად იყვნენ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მმართველი პარტიიდან წასულ წევრებზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთადერთი, რაზეც ისინი პარტიაში დარჩენილებთან ვერ შეთანხმდნენ, იყო ის თუ რა დოზითა და ფორმით უნდა გასაჯაროვდეს გარკვეული ინფორმაცია.

კობახიძემ კომენტარი იმ ღია წერილზეც გააკეთა, რომელმაც დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გამოაქვეყნა.

„ჩვენთვის ეს ფორმა იყო უხერხული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც არის კითხვები ელჩის მიმართ, უნდა მივიდეთ ელჩთან და ერთი-ერთზე ვესაუბროთ, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენმა კოლეგამ, პარლამენტარმა, ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატმა კითხვების საჯაროდ დასმა გადაწყვიტა. როდესაც ეს ყველაფერი საზოგადოების სამსჯელოზე გამოვიდა, აქ უკვე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ამ კითხვებზე პასუხები მიიღოს. ჩვენ ამაში ვხედავდით რისკებს. ნახეთ, რა გამოვიდა: დეპუტატის მხრიდან ღია წერილი გავრცელდა, ერთგვარი ჭრილობა გაიხსნა, რომელიც დახურული არ არის, იმიტომ რომ მეორე მხარემ არ გასცა პასუხი კითხვებს, ძალიან მოკლე, სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კომენტარით შემოიფარგლა. სწორედ ამის გვეშინოდა ჩვენ. ამ ღია წერილით ჭრილობა გაიხსნა, დახურული არ არის და, შესაბამისად, საზოგადოებაში შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს ამ ყველაფერმა“, - განაცხადა კობახიძემ.