„ივანიშვილის ინიციატივაა - მეფე კი არა, იყოს პრემიერი“

„ივანიშვილის ინიციატივაა - მეფე კი არა, იყოს პრემიერი“

პარლამენტში ინიცირებული სამი საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.

მმართველი ძალის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების საშუალება ექნება. ასევე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის 3/4-იანი კვორუმი გაუქმდება და პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება ჩამოერთმევა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს მიაბას.

კერძოდ, 80 დეპუტატის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო პროექტით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციიდან 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი ამოდის, რომლის თანახმადაც, „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“.

მმართველი ძალის მტკიცებით, ცვლილებების მომზადება განპირობებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობით, რაც გამოწვეულია მათი განსხვავებული მოქალაქეობრივი სტატუსით. უმცირესობა კი, ცვლილებების მომზადების ერთ-ერთ მოტივად ბიძინა ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობას ასახელებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს ერთის მხრივ, საფრანგეთის მოქალაქეობის შენარჩუნება სურს, ხოლო მეორე მხრივ, მას საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა.

როგორც for.ge-ს ნაციონალმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, 2010 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისას, „ედპ“-მ საკითხი დააყენა, რომ ორმაგი მოქალაქეობის შეზღუდვა ყოფილიყო, არა მხოლოდ პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტებზე, არამედ მინისტრებზე, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებზე. თუმცა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩანაწერი მხოლოდ სამ თანანმდებობის პირს შეხებოდა.

„მმართველმა გუნდმა უნდა დააკონკრეტოს, ამ ნორმის გადახედვა რამდენად აუცილებელია და მათი შემოთავაზება რას უკავშირდება. შესაძლოა, პრემიერ-მინისტრს სურს, ერთი მხრივ, საფრანგეთის მოქალაქეობა შეინარჩუნოს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. მგონია, რომ ამ მოთხოვნის გაუქმება არასწორია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და როცა საქმე ისეთ გარემოებასთან გვაქვს, როცა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისსადმი რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესი დიდია“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.

ოპოზიციის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ დღეს მოქმედ კონსტიტუციაში, დისკრიმინაციული მუხლია ჩადებული, რომელიც იმას გულისხმობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მაღალი პოსტის დაკავება შეუძლია, ხოლო იმ პირს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოში თანანმდებობის დაკავების უფლება არ აქვს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მიმართულებით მომზადდა და ეტყობა, ბრმები არიან და მეორეს ვერ ხედავენ. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს პრემიერად რომ ამზადებდა და მეფე პრემიერი რომ გააჩინა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა, რომ პრემიერი მეფე კი არ იყოს, არამედ პრემიერი და პარლამენტს თავის ფუნქციები დაუბრუნდეს. რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, რომ გითხრათ, რომ ეს ცვლილება ბიძინა ივანიშვილსაც არ ეხება, ეს სასაცილო იქნება, მაგრამ ინიციატივა ასევე ნებისმიერ მოქალაქეს ეხება“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა.

რაც შეეხება კიდევ ორ საკონსტიტუციო ცვლილებას, ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4-იან კვორუმს აუქმებს. კერძოდ, საუბარია წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ ნორმაზე, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის. ამ ცვლილების თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტი ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს და მიიღეს სრული შემადგენლობის 3/4-ით, ანუ საუბარია 113 ხმაზე. ასევე რთულდება და იზრდება ქვორუმი, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სჭირდება.

ხოლო მეორე წინადადებით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება ერთმევა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს მიაბას. კერძოდ, ნორმის მიხედვით, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბრიდან შედის, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დასვას. თუკი პარლამენტი კანონპროექტს არ მიიღებს, ეს მის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება და კონსტიტუციის იმ პროცედურების ამოქმედება იწყება, როცა პარლამენტის წინაშე ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის არჩევის საკითხი დგება. ამავე ნორმით, თუ პარლამენტი კონსტიტუციის დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადებში მთავრობას უნდობლობას არ გამოუცხადებს, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლის გაუქმების გარდა, მმართველი უმრავლესობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად, თუ პარლამენტი ბიუჯეტს დროულად - ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღებს, ეს უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად ჩაითვლება, ხოლო თუ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ახალ მთავრობას ვერ შექმნის, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

მთავრობის ნდობის საკითხთან დაკავშირებით, მომზადეულ საკონსტიტუციო ცვლილებზე საუბრისას, კუბლაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას ნებისმიერ კანონთან მიმართებაში, საკუთარი ნდობის საკითხის დაყენება უნდა შეეძლოს.

მისი თქმით, ამ კუთხით, მთავრობა ძლიერი უნდა იყოს და საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ნებისმიერი რეფორმა გაატაროს.

„თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი განათლების რეფორმაა, რომელიც მთავრობამ მოამზადა და მას პარლამენტი არ უმტკიცებს, მაშინ პარლამენტმა კეთილი უნდა ინებოს და ამ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განიხილოს. შემოგვთავაზეს, რომ ნდობის საკითხი მხოლოდ ბიუჯეტთან მიმართებაში ისმებოდეს, მაგრამ არანაკლები მნიშნელოვანი შეიძლება იყოს სხვა რეფორმები“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც მას ჰქონდეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაც, ოღონდ, ორმაგი მოქალაქეოების მქონე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარედ ვეღარ აირჩევა. ასევე მინისტრად შეიძლება დაინიშნოს ორმაგი მოქალაქეობის პირი, მაგრამ ასეთი პირი პრემიერ-მინისტრად ვერ დაინიშნება. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერც საქართველოს პრეზიდენტად აირჩევა.