რას მოიტანს 2%-იანი ბარიერი - „ნაცების“ დაბრუნებას ხელისუფლებაში, თუ მათ გაქრობას?!

რას მოიტანს 2%-იანი ბარიერი - „ნაცების“ დაბრუნებას ხელისუფლებაში, თუ მათ გაქრობას?!

„ქართული ოცნება“ მზადაა, 2%-მდე დასწიოს ბარიერი და ამით „ნაცმოძრაობას“ ფორა მისცეს, თუკი ქვეყნისთვის სარგებელი მნიშვნელოვანი იქნება და საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

კობახიძე აცნობიერებს იმ რისკებს, რაც 2%-იან ბარიერს მოჰყვება და ამბობს, რომ ზუსტად ამ რისკების გამო ასეთი დაბალი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს.

კობახიძის თქმით, შედარებით მაღალი ბარიერი ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო დაბალი ბარიერი - „ნაცმოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება. მაგალითად, შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ 33% მიიღო. ანუ შარშანდელი არჩევნების მაგალითზე ჩანს, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში „ნაცმოძრაობას“ 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არ ექნება. 2%-იანი ბარიერის პირობებში კი მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. თუმცა ასეთ კომპრომისზე წასვლა „ქართულ ოცნებას“ არა მარტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გამო უღირს, არამედ საქართველოში პოლარიზაციის შესამცირებლადაც.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირს შანტაჟის ენით ესაუბრება, როცა ირაკლი კობახიძის პირით პირობას უყენებს, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას, თუკი ევროკავშირი საქართველოს სტატუსს მიანიჭებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს კიდევ ერთი სილის გაწვნაა ევროკავშირისთვის.

ნიშნავს თუ არა 2%-მდე ბარიერის დაწევა „ნაცების“ მობრუნებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას?

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიერის დაწევის შემდეგნაციონალები“ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. For.ge-სთან საუბარში კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ მაღალი პროცენტი იქნება, თუ დაბალი, „ნაცმოძრაობა“ მომდევნო არჩევნებში მაინც მეორე პარტია იქნება. მისივე შეფასებით, სოციალური კვლევები აჩვენებს, რომ მომავალ არჩევნებში პირველ ადგილზე მოკრძალებული 35%-ით გავა „ქართული ოცნება“, მეორეზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“ და სულაც არ გამოირიცხება, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ გავიდეს მესამე ადგილზე. ავთანდილ დემეტრაშვილი ფიქრობს, რომ გახარიას პარტია შექმნილია, როგორც „ქართული ოცნების“ პარტნიორი კოალიციურ მთავრობაში. ამიტომაც „ქართული ოცნება“, ალბათ, დათანხმდება ბარიერის 2%-მდე დაწევას, მაგრამ ეს მის მდგომარეობას არ შეარყევს.

„არავითარი საფრთხე არ არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს. უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ნელ-ნელა ქვემოთ იწევს, მისი აქტიური მოქმედება არ ჩანს, შეიძლება, ეს ტაქტიკაა, მაგრამ ფაქტია, რომ ნელ-ნელა „ნაცების“ რეიტინგი კლებულობს. ამიტომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერი არ უნდა იყოს საფრთხე „ოცნებისთვის“. არის პარტიები, რომლებიც 2%-იან ბარიერს გადალახავენ, ისინი თითქოსდა ოპოზიციას წარმოადგენენ, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრული ურთიერთობა არ აქვთ. თუკი ბოლო არჩევნებით ვიმსჯელებთ, 2%-იან ბარიერს ბევრი პარტია ვერ გადალახავს. თუ არ ვცდები, ბოლო არჩევნებში 2% და მეტი ბარიერი გადალახა მხოლოდ ოთხმა პარტიამ“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ პირადად არამრავალრიცხოვანი პარტიული პარლამენტის მომხრეა. შეერთებულ შტატებშიც ორი ძირითადი პარტიაა წარმოდგენილი. დიდ ბრიტანეთშიც ორი პარტიაა და მათი სატელიტი კიდევ ორია. გერმანიაშიც ასეთივე სიტუაციაა. განსხვავებული ვითარებაა საფრანგეთში, იტალიაში.

„რით არის განპირობებული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა, რომ საარჩევნო ბარიერი, რომელიც 5%-ად არის განსაზღვრული 2024 წელს, დაწეულ იქნას 2%-მდე? სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე არა მხოლოდ 2%-ზე, არამედ 1%-ზეც საუბრობდა. დაბალი პროცენტი ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება და არ იქნება ორი დომინანტური პარტია, როგორც დაახლოებით ახლა არის-„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. თუკი ფილოსოფიურად მივუდგებით ამ საკითხს, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი ქართული საზოგადოების ყველა სხვადასხვა ფენა, ვინაიდან პარტიებს თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ გარკვეულ სოციალურ ფენებში. ეს არის 2%-იანი ბარიერის დედააზრი. „ქართულ ოცნებას“ ეს არ უნდა აშინებდეს, რადგან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ჩემი ღრმა რწმენით და თავად ირაკლი კობახიძეც, მე მგონი, ამ აზრს იზიარებს, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე ვეღარ მოიპოვებს. თუკი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საჭიროება დადგა, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოადგება პარტნიორად, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს მისი მსოფლმხედველობიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომქართულ ოცნებას“ არაერთგზის აქვს აღნიშნული, რომ ბარიერის დაწევა დამოკიდებულია პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ეს არ არის ევროკავშირთან ვაჭრობა, როგორც ზოგიერთებს უნდათ წარმოაჩინონ, რადგან ირაკლი კობახიძე ვერ ივაჭრებდა ევროკავშირთან. სინამდვილეში, ეს დამოკიდებულია დეპოლარიზაციის წარმატებაზე, დეპოლარიზაციის ტემპერატურის დაწევაზე.

„ჩემი აზრით, 2%-იანი ბარიერი პოლიტიკურ რისკებს გააუვნებელყოფს, პოლიტიკურ სტაბილურობას შექმნის, მმართველ პარტიას დივიდენდებს მოუტანს და ეს ისეთი ხელსაყრელი უკვე აღარ იქნება „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც დღეს არის. ბარიერის დაწევა ხელს შეუწყობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შემოკრებილი ვითომც პარტიები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაზე მუშაობდნენ და გარკვეულ დივიდენდებს იღებდნენ ამის გამო, თავს დააღწევენ „ნაცმოძრაობის“ გავლენას. ისინი ტიპური კლიენტელების როლში არიან, ეს ვითომ პარტიები არა მარტო „ნაცმოძრაობის“ სატელიტები არიან, არამედ პატრონის, ანუ „ნაცმოძრაობის“ ნების შემსრულებელნი. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება, როცა 2%-იან, ანუ მცირე გავლენის მქონე პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, სტაბილურ ვითარებაში „ნაცმოძრაობის“ გავლენას თავი დააღწიონ. ვერავითარ შემთხვევაში, ეს სავაჭრო თემა ევროკავშირთან ვერ იქნება. წარმოუდგენელია, მმართველი პარტია ევროკავშირთან ვაჭრობაში შევიდეს, ეს არასერიოზულია“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.