Goal Italia-ს სერია A-ს ახალწვეულ ფეხბურთელებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
წერილში თითოეული ფეხბურთელის შესახებ სამი ქვეთავია გამოყოფილი და მათი თვისებების გარდა, საუბარია რამდენად მოახერხებენ ისინი თავიანთი კლუბების ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას. Goal Italia 21 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს:
„ვინ არის: 2001 წელს დაიბადა და ქართული ფეხბურთის დიდი იმედია, რომელიც მუდმივად აღმავლობის გზაზეა. ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის იმედი აქვს, მასზე ყველაზე დიდ იმედს ამყარებენ, ისევე, როგორც კლუბებში, სადაც აქამდე თამაშობდა. ის ნაპოლიში დინამო ბათუმიდან 10 მილიონ ევროდ მივიდა.
თვისებები: მარცხენა გარებარბი, რომელსაც სხვა შემტევ პოზიციებზეც შეუძლია თამაში, დრიბლინგით და სისწრაფით გამორჩეულია, მან იცის როგორ გამოიყენოს მარცხენა ფეხი უპრობლემოდ, მაგრამ მარჯვენა ფეხით თამაშს ანიჭებს უპირატესობას. „ნაპოლიში“ გადასვლამდე მან 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ძირითად შემადგენლობაში? თავიდანვე არა, თუ გავითვალისწინებთ მის პატარა ასაკს და უპირველეს ყოვლისა რუსეთიდან და საქართველოდან წამოსვლის შემდეგ პირველ ახალ გამოცდილებას. „ნაპოლი“ თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს გასული სეზონის გამოცდილ ფეხბურთელებზე, მაგრამ როგორც კი ის ახალ გამოცდილებასთან ადაპტირებას შეძლებს, ძნელად შეიძლება იყოს მწვრთნელისთვის მეორე არჩევანი“, - წერს Goal Italia.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის დიმაროში ემზადება, სადაც 19 ივლისამდე დარჩება და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.