მოდის მოყვარულები განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას შემოქმედებით და ზოგადად მისი პიროვნებით, თუმცა ის ერთადერთი გვასალია არ არის, რომელსაც მოდაში თავისი სიტყვის თქმა უნდა.
გურამ გვასალიამ, რომელთან ერთადაც დემნამ 2014 წელს მოდის ბრენდი Vetements შექმნა, ამ უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული მოდის სახლის ახალი კოლექცია წარადგინა, როგორც შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა.
მანამდე Vetements-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა იყო, გურამი კი კომპანიის ფინანსურ საკითხებს განაგებდა. თუმცა 2019 წელს დემნამ თავისი დაარსებული ბრენდი დატოვა და დღემდე ბალენსიაგაში ქმნის მოდას, მისი პოზიცია Vetements-ში კი 2021 წელს გურამმა ჩაიბარა.
სწორედ შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში გურამმა Vetements-ის ახალი კოლექციის პირველი არავირტუალური ჩვენება გამართა პარიზში.
Vetements-ის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის შესახებ ისეთმა გავლენიანმა გამოცემამაც დაწერა, როგორიც Vogue-ია, რომლის სტატიაშიც ვკითხულობთ, რომ ამ ჩვენებაზე მუშაობისას გურამ გვასალიას შთაგონება საქართველოში გატარებული ბავშვობა და ომის გამო სამშობლოდან წასვლის ტრავმული გამოცდილება იყო.
"ეს კოლექცია ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ბავშვობასა და მოდასთან ჩემს პირველ შეხებაზეა. თითოეული სამოსი ჩემს მოგონებებზე ჰყვება", — განუცხადა გურამმა ვოგს.
ვოგი წერს:
"ეს კოლექცია გვაჩვენებს იმ საგნების მნიშვნელობას, რომლებიც გურამს, 1992 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო ლტოლვილად ქცეულ ბავშვს უყვარდა; გვაჩვენებს ფანტაზიის ძალას, როგორც გაქცევის საშუალებას და იმავდროულად მისი სოციალური გარემოს რეპრესიას ჰომოსექსუალობის ტაბუს გამო".
გურამის თქმით, ეს არის მისი "ქამინგ აუთ" კოლექცია, როგორც Vetements-ის დამოუკიდებელი შემოქმედებითი ხელმძღვანელის.
"ომის შემდეგ ერთადერთი სათამაშო, რომელიც ბავშვობაში მქონდა, დათუნიას დეფორმირებული თოჯინა იყო, რომელიც ამ ჟაკეტს ჰგავს" — ამბობს ხელოვნური ბეწვის ყავისფერ ჟაკეტზე, რომლის ერთ ნაწილსაც მოდელი ძირს დაათრევს. კუბოკრული პლედები კი მას აგონებს იმ "საბნებს, რომლებიც ლტოლვილთა ბანაკში დაგვირიგეს, რადგან გამოქცევისას ტანსაცმელი თან არ წამოგვიღია. მთებში თვეზე მეტი ხნით ჩავრჩით და არც ტანსაცმელი გვქონდა, არც საკვები. საერთოდ არაფერი".
ალბათ, ყველასთვის მარტივი გასაგებია, რატომ შეიძლება ამოტივტივებულიყო ეს მოგონებები გურამის გონებაში ახლა. ვოგის ჟურნალისტის კითხვას, უღვიძებს თუ არა ტრავმას რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრა, გურამ გვასალიამ ასე უპასუხა:
"უზომოდ ტრავმირებული ვარ არამხოლოდ იმის გამო, თუ რა ხდება უკრაინაში, არამედ იმის გამო, თუ ხდება მთელ მსოფლიოში".
გურამის პირველი მოგონებები მოდაზე საქართველოში გატარებულ ბავშვობას უკავშირდება, სადაც ბევრს გახეხილი ჯინსები და მაღალმხრებიანი პიჯაკები ეცვა.
რაც შეეხება პანკისთვის დამახასიათებელ ვარცხნილობას, გურამი ამ შტრიხს ასე ხსნის:
"როცა სკოლაში ავტობუსით მივდიოდი, წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა მძღოლი ან ჩემ გვერდით მჯდომი ქალი, პანკი რომ ყოფილიყო! მსგავს რამეს საქართველოში ვერ გადააწყდებოდი."
ასევე გურამმა რამდენიმე სამოსის შესაქმნელად გამოიყენა ცნობილი პრინტი, რომელსაც ყველა ქართველი მარტივად იცნობს და მაშინვე სახელგანთქმული სავაჭრო ჩანთები წარმოუდგება თვალწინ.