კიმ კარდაშიანის თქმით, მის მიერ დაწესებული სილამაზის სტანდარტები მიღწევადია

კიმ კარდაშიანის თქმით, მის მიერ დაწესებული სილამაზის სტანდარტები მიღწევადია

როცა საუბარი სილამაზის სტანდარტებზე ჩამოვარდება, ყველას კარდაშიან-ჯენერების ოჯახი გვახსენდება. მართლაც, კიმი, ქლოი, კორტნი, კენდალი და კაილი სოციალურ ქსელებში მუდამ ისეთ ფოტოებს დებენ, რომლებშიც იდეალურად და ზოგჯერ არაბუნებრივადაც კი გამოიყურებიან. ამის მიზეზი კი ხშირად ფოტოშოპი და სხვადასხვა ფილტრია, რომლის ხშირ გამოყენებაში ოჯახი ფანებმა არაერთხელ ამხილეს.

არაჯანსაღი სილამაზის სტანდარტების დაწესების ბრალდებით ოჯახს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ. ამჯერად კრიტიკის ქარცეცხლში, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, კიმ კარდაშიანი აღმოჩნდა, რომელმაც გამოცემა Allure-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის მიერ დაწესებული სილამაზის სტანდარტები მიღწევადია.

ჟურნალისტმა კიმს ჰკითხა, უგრძვნია თუ არა კიმს ოდესმე თავი დამნაშავედ "არარეალური და მიუღწეველი სილამაზის სტანდარტების გამო", რაზეც კიმმა უპასუხა: "თუ მე ვაკეთებ, ესე იგი მიღწევადია".

იმავე ინტერვიუში კიმმა აღნიშნა, რომ სახეზე მხოლოდ ბოტოქსი აქვს გაკეთებული. მისი თქმით, არასდროს მიუმართავს ფილერისთვის და წამწამებიც კი არ დაუგრძელებია. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ზრუნავს.

"ძალიან მინდა, კარგად გამოვიყურებოდე. ეს ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების 90%-ზე მეტად მადარდებს. რთულია, როცა დედა ხარ და დღის ბოლოს იღლები ან სასწავლებელში ხარ — მე ამ ყველაფრის კეთება მიწევს. თავის მოვლის პროცედურებს ხშირად გვიან ღამით ვიტარებ. როცა ყველას სძინავს, მე ლაზერულ პროცედურებზე ვარ", — განაცხადა კიმმა.

კიმის კომენტარმა საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა. მას რეალობას მოწყვეტილი და ილუზიებში მცხოვრებიც უწოდეს, რომელსაც "ავიწყდება, რომ ბევრი ფული აქვს".

"არა, ასე არაა. კიმ კარდაშიანო, შენ მდიდარი და პრივილეგირებული ხარ, უამრავი ადამიანი ჩემი ჩათვლით კი — არა. სმენადახშული და რეალობას მოწყვეტილი ხარ"

"უფრო და უფრო მეტად გვიმტკიცებს, თუ რამდენად შორსაა ჩვეულებრივი ქალების ცხოვრებისგან, რომელთაც მის მიერ აფრიალებული არარეალური სილამაზის სტანდარტების მიღწევა არ შეუძლიათ"

"მიღწევადი არა ის. მხოლოდ მის "ბაბლში" მყოფი ადამიანებისთვის და მდიდარი ვარსკვლავებისთვის, რომლებიც თავიანთ სამყაროებში ცხოვრობენ. ლაზერული პროცედურები როცა ბავშვები იძინებენ? დედა ვარ და ვმუშაობ და შხაპის მიღების დრო ძლივს მაქვს"

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიმი მეთ გალაზე მერილინ მონროს კაბის მორგებისა და კაბისთვის 3 კვირაში 7 კილოს დაკლების გამო გააკრიტიკეს. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ კიმი კრიტიკას The New York Times-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. ის თვლის, რომ წონაში დაკლება არავისთვის უთხოვია და მიზნის მისაღწევად არც არაჯანსაღი გზისთვის მიუმართავს.