„სამეფო კარის თამაშების“ ავტორის თქმით, მისი წიგნების ფინალი HBO-ს ცნობილი ტელესერიალის დასასრულისგან განსხვავებული იქნება. ამის შესახებ ჯორჯ მარტინმა თავის პირად ბლოგში დაწერა.
მან აღნიშნა, რომ მისი რომანები სერიალზე უფრო ვრცელი და რთულია.
„მაგალითად, რომანში ახალი პერსონაჟები გაჩნდებიან, რომლებსაც სიუჟეტზე გავლენა ექნებათ. კიდევ იმას გეტყვით, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლომდე ცოცხლად დარჩენილი პერსონაჟებიდან „ყინულისა და ცეცხლის“ ფინალამდე ყველა ვერ მიაღწევს. ისევე როგორც გარკვეული პერსონაჟები, რომლებიც სერიალში მოკვდნენ, წიგნში გადარჩებიან“, - აღნიშნა მწერალმა.
მარტინმა თავისი საგის ფინალზეც ისაუბრა.
„ლოდინი მოგიწევთ, სანამ ფინალამდე მივალ. ზოგი რამ უცვლელი დარჩება, თუმცა სერიალთან შედარებით ბევრი რამ შეიცვლება“, - დაწერა მან.
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე“ HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელესერიალი „სამეფო კარის თამაშებია“ დაფუძნებული. მარტინმა ციკლის უკანასკნელი წიგნი „დრაკონების ცეკვა“ 2011 წელს გამოსცა. მას შემდეგ ის საგის მეექვსე ტომზე - „ზამთრის ქარებზე“ მუშაობს. სულ ციკლში 7 წიგნი იქნება.