6 ივლისს პარიზში დემნა გვასალიამ ბალენსიაგას მაღალი მოდის, ე.წ. Haute couture-ს ახალი კოლექცია წარადგინა და ცხადია, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული მედიისა და მოდის მოყვარულების ყურადღება მიიქცია.
ლეგენდარული კრისტობალ ბალენსიაგას ისტორიულ სალონში გამართული ჩვენება ფრანგულად წაკითხული ლექსით დაიწყო, რომლის ქართული თარგმანიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა:
"მიყვარხარ.
მიყვარხარ 30 წელია.
გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა.
ვფიქრობდი ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა?
ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი.
მიყვარხარ.
მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია.
შეიძლება სულ მიყვარდი.
მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით.
შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოებდა.
შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა.
არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა.
არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა.
არასდროს ვიცოდი, როგორ აღმეწერა ეს სიყვარულის ამბავი,
რომელიც შენთან მაკავშირებდა.
ამბავი შემთხვევითობის გარეშე.
ამბავი დროის მიღმა.
სიყვარული პირობების გარეშე.
ეს იმედის იმიჯები.
უკვე 30 წელია, მიყვარხარ.
მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები".
დემნას მოდის ჩვენებები ცოცხალი პერფორმანსებია, რომლებსაც მნახველი თუ მსმენელი როგორც სამოსის დიზაინის, ისე მუსიკალური გაფორმებისა და შერჩეული გარემოს თავისებურებების გამო ინდივიდუალურად აღიქვამს და აფასებს. დიზაინერის წარმომავლობისა და ბიოგრაფიული ისტორიის გამო ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ლექსი დემნამ თავად წაიკითხა და თავის მშობლიურ აფხაზეთს მიუძღვნა.
ამ ლექსით დაინტერესდა მოდის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გამოცემა Vogue-ც და ბალენსიაგას ჩვენებაში ამ პოეტური ჩართვის მნიშვნელობაზე თვითონ დემნას ჰკითხეს, რაზეც ქართველმა დიზაინერმა მიუგო, რომ ეს სასიყვარულო ტექსტი თავისი ქმრისთვის დაწერა.
"je t’aime (მიყვარხარ) ყველაზე ლამაზი სიტყვაა ჩემთვის. მივხვდი, რომ მაღალი მოდა, რომელსაც ვქმნი, ერთადერთია, რისი კეთებაც მიყვარს და მინდა, რომ ასეც გავაგრძელო. ამავდროულად ეს იყო სასიყვარულო წერილი იმ ადამიანისთვის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და იმ საქმისთვის, ხელოვნებისთვის, რომელსაც ვქმნი. ორივეს ეძღვნება", — განუცხადა დემნამ Vogue-ს.
ვოგი ასევე წერს, რომ ლექსი ჩვენებაზე ხელოვნურმა ინტელექტმა წაიკითხა.
დემნა გვასალიამ 2017 წელს იქორწინა მომღერალ ლოიკ გომესზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყვილმა 2016 წელს გაიცნო ერთმანეთი, ერთი წლის შემდეგ კი შვეიცარიაში დაქორწინდნენ.
ლოიკი ფრანგი მომღერალია, რომელიც სასცენო სახელით BFRND ქმნის მუსიკას და ბალენსიაგას შოუებს მუსიკალურად აფორმებს. მათ შორის ამ ბოლო ჩვენებაზეც მისი კომპოზიცია იყო გამოყენებული.
ამასთან ერთად ლოიკი მოდელის ამპლუაშიც წარსდგა და დემნას ახალი კოლექციიდან ერთ-ერთი სამოსიც მოირგო.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენებაზე წარმოთქმულ ლექსში მეორდება 30 წელი ("30 წელია, მიყვარხარ"), ლოიკი კი 2 ივლისს გახდა ოცდაათის და დემნა მასზე სწორედ 10 წლით უფროსია ("გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა").