„ევროკავშირს პოლარიზაციის ფესვებზე წარმოდგენა არ აქვთ, შეუძლებელია ათწლეულების მანძილზე დაგროვილი პოლარიზაცია 6 თვეში ერთი ხელის მოსმით მოაგვარო“

„ევროკავშირს პოლარიზაციის ფესვებზე წარმოდგენა არ აქვთ, შეუძლებელია ათწლეულების მანძილზე დაგროვილი პოლარიზაცია 6 თვეში ერთი ხელის მოსმით მოაგვარო“

ხელისუფლების ულტიმატუმი თუ გამოსავლის შეთავაზება ევროპას? ოფიციალური ბრიუსელისთვის ხელისუფლებას კონკრეტული წინადადება აქვს - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს. კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 პროცენტამდე დაწევა ევროკომისიის რეკომენდაციებში არ შედის, „ოცნება“ დეპოლარიზაციისთვის ამ ნაბიჯსაც გადადგამს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერი ამბობს, რომ სტატუსის მიღება პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს, რაც დაბალი ბარიერის პირობებში, არსებულ რისკებს შეამცირებს.

ირაკლი კობახიძეს, მალევე, საპარლამენტო ოპოზიციიდან გამოეხმაურნენ. პოლიტიკოსების ნაწილი, ინიციატივას ევროპელი პარტნიორების მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს უწოდებს. კანონმდებლებს არც დანაპირების რეალური განხორციელების სჯერათ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად აფერხებს.

ოპოზიციის მეორე ნაწილი საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევის შესაძლებლობას დადებითად აფასებს. მიუხედავად ამისა, ისინი შეთავაზებას მეორეხარისხოვანს უწოდებენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ბარიერი კი შიდაპოლიტიკური ვაჭრობის საგნად არ უნდა იქცეს.

გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, საპარლამენტო უმრავლესობაში მალევე უპასუხეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციას ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტირებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ოპონენტებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში პოლიტიკური დივიდენდების დაკარგვის ეშინიათ, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის ხელის შეშლას ყველა გზით ეცდებიან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რთულია ჯერჯერობით წინასწარ იმაზე საუბარი, რა პასუხი ექნება ხელისუფლების შეთავაზებაზე ევროკავშირს. თუმცა მას მიჩნია, რომ საქართველოში პოლარიზაცია ისეთ ხარისხშია ასული, ბარიერის დაწევა 2%-დან თუნდაც 1%-მდე მოხდეს, არსებულ სიტუაციას ვერ უშველის.

„ვფიქრობ ეს უბრალოდ „ოცნების“ მხრიდან ევროკავშირისთვის შეთავაზება იყო, რომ მზად არის გადადგას ნაბიჯი, იმაზე მეტი, ვიდრე ეს ევროკავშირს შეიძლება სურდეს. ანუ, მართალია, რეკომენდაციების სახით ბარიერის დაწევა მოცემული არ არის, მაგრამ რეკომენდაციების მიღმა პოლარიზაციის შესამცირებლად ამ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა ევროკავშირს ჩვენს რეალობაზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს. პოლარიზაციის ფესვებზე ზუსტი წარმოდგენა არ აქვთ. ისინი ახლა ამ ყველაფერს ისე უყურებენ, რომ პარტიები ერთმანეთში ჩხუბობენ და ადვილად მოსაგვარებელი პრობლემა ჰგონიათ. ევროპელებს სიღრმისეული წარმოდგენა არა აქვთ, ეს პოლარიზაცია საიდან მომდინარეობს. მათ რომ ამაზე წარმოდგენა ჰქოდეთ, ვფიქრობ, რეკომენდაციებში დეპოლარიზაციას არ ჩაწერდნენ. შეუძლებელია 6 თვეში ათწლეულების მანძილზე დაგროვილი პოლარიზაცია ერთი ხელის მოსმით მოაგვარო. ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ ევროკავშირში და გავიგებთ მიაღწია თუ არა „ოცნების“ ნათქვამმა მათთან სწორად. როგორ გაიგებენ ისინი ამ შეთავაზებას მთავრი ესაა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, რომელმაც კობახიძის შეთავაზება ბრიუსელის შანტაჟად შეაფასა, ანჯაფარიძეს არ უკვირის, რადგანაც სხვას მათგან არაფერს ელოდა. მისი აზრით, ოპოზიციას ისევ იმედი აქვს, რომ რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობას შეძლებენ და საქმიანი პოლიტიკის კეთება არ სურთ.

„არის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ვგულისხმობ „გირჩს“, „მოქალაქეებს“, რომლებიც ოპონირების რეჟიმში ხელისუფლებას სწორ მეტოქეობას უწევენ. ეს არის ცივილიზებული და ევროპული წესი, სადაც ოპოზიცია დაუკრეფავში არ გადადის. დანარჩენი ოპოზიცია და პოლიტიკური პარტია, რომელსაც უფრო მეტი ადამიანური და ფულადი რესურსი აქვს, ვხედავთ, რომ ისინი მყარად კონფროტაციის რეჟიმზე არიან გადასულები. არ მგონია, რომ ისინი ამ რეჟიმიდან გამოვიდნენ, რადგან ჯერ კიდევ აქვთ იმედი ხელისუფლებას დაამხობენ ან აიძულებენ, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. ერთი სიტყვით ამ რევოლუციური სცენარის ნირვანადან ვერ გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და პარლამენტში შევიდნენ. მათი ბოლოდროინდელი განცხადებები და აგრესიული ტონის მატება იმაზე მიუთითებს, რომ კონფრონტაცისი გზას არ მოეშვებიან. „ნაციონალური მოძრაობა, „ლელო“ და კიდევ სხვა პარტიები 3 ივლისიის აქციის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ“, - აცახდებს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება დასავლეთში დიდი ვაჭრობის საგანი გახადეს და for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის ალტერნატივა არაფერია და ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12-პუნქტიანი გეგმა სტატუსი მინიჭების სანაცვლოდ, შეუსაბამოა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანას იმაზე მეტად ძვირის გადახდა მოუწევს, რაც რეალურად სტატუსი ღირს. ამიტომ კობახიძის შეთავაზება ძალიან სწორი და კარგი ტაქტიკური სვლაა, რადგან ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს.

„ძალიან სწორი სტრატეგია აქვს ხელისუფლებას არჩეული, როცა ამბობს, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მზად არის და კონსულტაციებს ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან დაიწყებს. ხოლო დეკემბერში, თუკი ევროკავშირი სტატუსს მოგვცემს, მაშინ ხელისუფლება ბარიერს დაწევს და ამის პარალელურად ქვეყანაში დეპოლარიზაცია შემცირდება. ეს არის კონკრეტული შეთავაზება და წინადადება, რაშიც გასაკვირს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, თუკი ამ სტატუსის მინიჭება ისევ საჯილდაო ქვა გახდება და კვლავ ვაჭრობის საგანი იქნება, დამერწმუნეთ, ქართველი ხალხის უმრავლესობა მშივდობასა და სტატუსს შორის არჩევანს არ დააყენებს. აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია უნდა მოხდეს ევროკავშირთან, რათ ხელისუფლების შეთავაზება სწორად გაიგონ. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესის დათმობის, ღირებულებების უგულებრლყოფით, ჩვენ ყველაფერი გავიღოთ და იქიდან მხოლოდ დაპირებები გვესმოდეს. ორივე მხარე პრაქტიკულ ქმედებაზე უნდა გადავიდეს, საქართველოც და ევროკავშირიც. მოდი, ეს გააკეთე, ის გააკეთე და მერე ვნახოთ, ასე არ გამოვა. ამიტომ კობახიძემ სწორად განაცხადა, რომ მოდი, ჯერ მოგვეცით ის, რასაც გვპირდებით და ჩვენც ჩვენის მხრივ უფორ მეტ დათმობაზე წავალთ“, - აცახდებს ქადაგიძე.