ვლადიმირ ვაისი:

ვლადიმირ ვაისი: "დინამო ბათუმი" ფიზიკურად ჩვენზე უკეთესი იყო"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა „დინამო ბათუმთან“ (0:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა აღნიშნა, „დინამო ბათუმი“ ფიზიკურად მის გუნდზე უკეთ იყო მომზადებული.

„შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ კარიერაში მქონია პლეი-ოფის მატჩები, რომლის პირველი მატჩები 0:0 დასრულებულა და მომდევნო ეტაპზე გავსულვართ. ვიცოდით, რომ ისინი სწრაფები და ბურთით ძლიერები იყვნენ, ტაქტიკურად კარგად მომზადებულები. ასეთი მეტოქის დასამარცხებლად საჭიროა ისეთი აშკარა საგოლე მომენტების გამოყენება, როგორიც გვქონდა. დღეს ფეხბურთში ფიზიკური მდგომარეობა გადამწყვეტია და ამაში ისინი უკეთესები იყვნენ.

გაძევების შემდეგ ფლანგების გამოყენება ვერ შევძელით. ჟმრალი მაქსიმალურად ფლანგზე გადავწიეთ, რათა თამაში გაგვეწელა. მეტოქე დაცვაში კარგად იდგა, ჩვენ კი ხარისხიანი ფინალური პასები არ გვქონდა. „დინამო ბათუმისთვის“ სეზონი მიმდინარეობს, ჩვენ კი მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. თუმცა, ეს არ უნდა იყოს საბაბი. მჯერა, რომ მომდევნო მატჩამდე დარჩენილი დრო დაგვეხმარება. სტანდარტულებზეც უკეთ უნდა ვითამაშოთ. გოლი რომ გაგვეტანა, გავცოცხლდებოდით და მეტოქე მენტალურად დაეცემოდა.

რისკზე წავედი, რომ კუცკა და რამირესი ძირითადში დავაყენე, ამას საკუთარ თავზე ვიღებ. მათ გუნდთან ერთად ბევრი არ უვარჯიშიათ. ქართველებს ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, მაგრამ ფაქტია, ისინი კარგად თამაშობენ - „დინამო ბათუმიც“ და საქართველოს ნაკრების. საქართველოში ფეხბურთელებს იმხელა ანაზღაურება არ აქვთ, რაც სლოვაკეთში, მაგრამ ისინი გულით თამაშობენ, საკუთარი თავის წარმოჩენა და ევროპაში გადასვლა სურთ. საქმე იმაში არაა, ვის რამდენი აქვს ხელფასი.

კუცკა და კანკავას პირველი თამაში ცენტრში ერთად? ასაკის მიუხედავად, ორივე შესანიშნავია. პრობლემა შეტევაში გვქონდა და არა მოედნის ცენტრში. შემტევმა ოთხეულმა სათანადო ხარისხი ვერ აჩვენა, მაგრამ წინ სამუშაოდ ერთი კვირა გვაქვს.

მეკარე ჩოვანმა ორი კარგი ბურთი მოიგერია. ის კარგი ბიჭია და კარგად მუშაობს, მაგრამ მეკარის ტრანსფერზე ვმუშაობთ, თუმცა, ჯერ ტრანსფერი არ დახურულა. მატჩის შემდეგ ხმა არ ამომიღია. სიტუაციას ცივ გონებაზე ვაფასებ. კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ შეთამაშება გვჭირდება. ახალწვეულებს ვენდობი, მაგრამ შესაძლოა ჩემი ბრალი იყო, რომ ისინი მაშინვე სასტარტოში დავაყენე.

ფანების ობსტრუქცია? არ გამიგია, მხოლოდ ბოლოს გავიგე რაღაც, მაგრამ ვფიქრობ, დავიმსახურეთ, რადგან უკეთესად უნდა ვითამაშოთ. გეგუჩაძესთან სასიამონო, თბილი და პროფესიონალური შეხვედრა მქონდა. წილისყრის შედეგი დაუნდობელი იყო, ორი მეგობარი მწვრთნელი ერთმანეთს რომ დააპირისპირა, ისევე როგორც, საშინელება იყო სლოვაკეთის ნაკრებთან თამაში, როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიყავი“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „სლოვანის“ საპასუხო მატჩი 13 ივლისს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.