„განკულაკებას გვთხოვენ? - კი ბატონო, მაშინ ყველას ჩამოვართვათ ქონება, გადავცეთ მთავრობას და გამოვაცხადოთ კომუნიზმი“

„განკულაკებას გვთხოვენ? - კი ბატონო, მაშინ ყველას ჩამოვართვათ ქონება, გადავცეთ მთავრობას და გამოვაცხადოთ კომუნიზმი“

თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე თვლის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს კონფერენცია, სადაც დაისმევა მთავარი კითხვები - რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. მიღებეული განმარტებების შემდეგ ქართველი ხალხი ან დათანხმდება, ან არა 12-პუნქტიან მოთხოვნას. მისი თქმით, ამ ეტაპზე გაუგებარია რას თანხმდება ხელისუფლება და რა უნდა ოპოზიციას.

for.ge შოთა გლურჯიძეს ესაუბრა.

საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მოგვცეს დავალება, რომელიც შემოიფარგლება 12-პუნქტიანი გეგმით, რომლის შესრულებას ყველა თავისებურად ხედავს. ხელისუფლებას აქვს თავისი მიმართულება და ეს არის თანამშრომლობა ოპოზიციურ ძალებთან, ოპოზიცია კი ქუჩას არჩევს გეგმის შესასრულებლად. ბატონო შოთა, რა პროცესებს ვაკვირდებით ახლა ჩვენ?

შოთა გლურჯიძე: იცით, მგონია, რომ პოლიტიკური ძალების სერიული დეგრადაციას ვხედავთ. მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია არის, თუ ხელისუფლება. ძალიან დაბალი პოლიტიკური აზროვნების დონეა. რომ ვთქვათ - მოქალაქეები გამოირჩევიან დიდი აზროვნებით და შეუძლიათ თვითონ ჩამოაყალიბონ რა უნდათ, ასე არაა. პრინციპში, იგივე პროცესი არის დასავლეთშიც. იმ 12-პუნქტიან გეგმას რომ გადავხედოთ, ვერც გავიგებთ რას გვთხოვენ, რა უნდა შევასრულოთ.

ერთ-ერთი არის დეპოლარიზაცია და დეოლიგაქრიზაცია. ფიქრობთ, რომ ეს გაუგებარი მოთხოვნაა?

- რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? დღეს, კლასიკური გაგებით, ოლიგარქი მსოფლიოში არ არსებობს. თავის დროზე, ტრანსნაციონალურ კომპანიებს ერქვათ ოლიგარქები. ეს ტერმინი ბიზანტიის იმპერიის დროს ჩამოყალიბდა. ოლიგარქი იყო ადამიანი, რომელსაც ხელისუფლებაზე ჰქონდა გავლენა და ამავე დროს ხელისუფლების გამოყენებით იყო გამდიდრებული. ახლა არის ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც მართავენ ხელისუფლებებს.

ამ მხრივ, მთელ მსოფლიოში ისეთი პროცესებია, კი ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლებები მარიონეტებად არიან გადაქცეული და რა დეოლიგარქიზაციაზე გველაპარაკებიან, როცა მთელს მსოფლოში მთლიანად მართულია პოლიტიკური პროცესი?! თუ გონიერი და რაციონალური ადამიანი გადახედავს ამ პუნქტებს, ვერც გაიგებს, რას გვთხოვენ და ეს არის უცნაური. ხელისუფლებაც რაღაცის შესრულებას პირდება, რაც გაუგებარია. ოპოზიციაც ამ მოთხოვნების შესრულებას ითხოვს, მაგრამ არ იციან, რა უნდა შესრულდეს.

ავიღოთ იგივე დეპოლარიზაცია - რისი დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს? ყველა ერთ ჭკუაზე უნდა ვიყოთ, თუ, რას ნიშნავს ეს დეპოლარიზაცია? ან იგივე დეოლიგარქიზაცია? მე, მემარცხენე ადამიანი ვარ და ვთვლი, რომ არ შეიძლება თანაბარი იყოს სიკეთის გადანაწილება, რომელიც მოიპოვება ქვეყანაში იმ არსებული რესურსიდან, რომელიც ყველას ეკუთვნის. მე, მგონია, რომ ბორჯომი, წიაღისეული და ეს ყველაფერი საერთო საკუთრებაა. ასე არ ჰგონიათ კაპიტალისტებს და ამას გვთხოვენ? მე ასე შემიძლია გავიგო დეოლიგარქიზაცია. მაშინ, ჩამოვართვათ ეს ქონება, თუ რა ვქნათ? მდიდარი ადამიანი არ უნდა იყოს? ეს უნდა გავაკეთოთ?

ფაქტია, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი მორგებულია ბიძინა ივანიშვილზე...

- ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არაფერი უშოვია. უცხოეთში იშოვა და მერე რა, ჩამოვართვათ ქონება? იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მივიღოთ, ქონება უნდა ჩამოვართვათ ივანიშვილს? მაშინ, ყველას ჩამოვართვათ ქონება. მე, საკუთარი სახლი მაქვს, მანქანაც მაქვს, ვიღაცას არ აქვს, იმასთან შედარებით ოლიგარქი ვარ და ამიტომ უნდა ჩამომართვან?

ევროკავშირში წევრობის სანაცვლოდ დასავლეთი სტალინის პერიოდში გვაბრუნებს, ითხოვს პიროვნების განკულაკებას, ოღონდ თანამედროვე მეთოდით...

- სწორი მაგალითი მოიყვანეთ. განკულაკებას გვთხოვენ - კი ბატონო, მაშინ ყველას ჩამოვართვათ ქონება, გადავცეთ მთავრობას და გამოვაცხადოთ კომუნიზმი. ასე გამოდის, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ კომუნისტურ რეჟიმში. დეოლიგარქიზაცია რითი განისაზღვრება - ქონების რაოდენობით, თუ გავლენით? შეიძლება საერთოდ არ გამაჩნდეს ქონება, მაგრამ გალენა მქონდეს, როგორც საზოგადოებრივ ადამიანს. თქვენ რომ აზრს მეკითხებით, ეს ნიშნავს, რომ გავლენა მაქვს? ან მთავრობის რომელიღაც წევრს თუ რჩევას მივცემ, ეს გავლენაა და ამიტომ უნდა დავისაჯო?

თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, უნდა დაისაჯოთ...

- მზად ვარ, მაგრამ ჯერ გამხადონ ოლიგარქი და მერე მოხდეს ჩემი დეოლიგარქიზაცია.

თუ 12-პუნქტიან მოთხოვნებს ჩავუღრმავდებით, გაუგებარია მოთხოვნები და საერთოდ გაუგებარია ხელისუფლების მიდგომაც, როცა პირდებიან, რომ შეასრულებენ საშინაო დავალებას, მაგრამ რა უნდა შევასრულოთ? პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს კონფერენცია, მოვიწვიოთ ევროკავშირის წევრები და დავსვათ კითხვები - რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? ან დეპოლარიზაცია? მოგვცენ განმარტებები, გავიგოთ რაზეა საუბარი, რომ მერე დავთანხმდეთ, ან - არა. ყველა მდიდარ ადამიანს ჩამოვართვათ ქონება და გადანაწილდეს მოსახლეობაზე? საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც უპოვარია, ამ მოთხოვნას შეიძლება დათანხმდეს.

მეორე პუნქტი - დასრულდეს დეპოლარიზაცია. მე, მაგალითად, მომხრე ვარ, რომ საერთოდ გაუქმდეს პარტიები. შესაბამისად, დეპოლარიზაციაც საჭირო არ იქნება. არანაირი პროგრამა არ ექნებათ და საერთოდ, პარტიებიც არ იარსებებს. პრინციპში ყველა ამ პუნქტის მომხრე ვარ, მაგრამ ეს გამოიწვევს ჩვენი წყობის აბსოლუტურ ცვლილებას, რომელიც დაფუძნებულია კერძო საკუთრებაზე. ვკითხოთ იმ ევროპელებს - კერძო საკუთრება უნდა გაუქმდეს?

ოპოზიციამ დეოლიგარქიზაცია მოარგო ივანიშვილს, მაგრამ ოლიგარქები არიან მეორე მხარეს - კობა ნაყოფია, დავით კეზერაშვილი და ა.შ. მათ ნაწილში არ უნდა ამოქმედდეს ეს მოთხოვნა?

- გეთანხმებით, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი - ქარაგმებით ნუ დაგველაპარაკებიან და პირდაპირ გვითხრან, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა გავაგდოთ ქვეყნიდან, რომ ევროკავშირში მიგვიღონ! ჩემი აზრით, ეს იქნება ერთი ადამიანის დისკრიმინაცია! რატომ უნდა დავსაჯოთ, იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს და რაღაც გავლენა აქვს? ჩემზე არანაირი გავლენა არ აქვს, არც ხელფასს არ მიხდის და არც მისი პოზიცია არ მომწონს, მაგრამ როგორც ადამიანი და მოქალაქე, სულ არ ვთვლი, რომ დისკრიმინირებული უნდა იყოს! მე ასეთი ევროპა არ მინდა.

რას ნიშნავს ევროპა? თუ ჩვენ განვსაზღვრავთ რა არის ევროპა და თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროპა არის ქრისტიანულ ფასეულობებზე დაყრდნობილი ცივილიზაცია, მაშინ ჩვენ ევროპელები უკვე ვართ და რომელი ევროპისკენ მივდივართ? ევროპა, რომელმაც გადაუხვია ამ პრინციპს და ჩემი აზრით, ძალიან ძლიერად, ევროპელი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი არ არიან ამ ქრისტიანული ცივილიზაციის ფასეულობებში, მაშინ ისინი უნდა დაბრუნდნენ შინ! შინ ვართ ჩვენ! ჩვენ შინ ვიმყოფებით!

არანაირი რევერანსები არ მაქვს, ძალიან ბევრს პატივს ვცემ, მიყვარს ევროპული ლიტერატურაც, ხელოვნებაც, მაგრამ სულაც არ ვთვლი ნაკლებად არც ჩემს ხელოვნებას, ლიტერატურას და არც ტრადიციებს. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ევროპაზე რამით ნაკლები ვართ. შეიძლება ტექნოლოგიურად ჩამორჩენილები ვართ, თუ ამას გულისხმობენ, მაშინ ვეთანხმები. ტექნოლოგიურად ცოტა უკან ვართ და კარგი იქნება, თუ ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანენ, ეს შეუძლია ევროპას.

რაც შეეხება 3 ივლისის აქციას, რომლის ორგანიზატორი არის ოპოზიცია, როგორ ფიქრობთ, მათი მიზანი არის პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება? ბოლო აქციამ რა დაგანახათ, ამის რესურსი აქვს ოპოზიციას?

- სულ რომ 100 ათასი კაცი გამოსულიყო, რეალურად, ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმ დოქტრინაზე, რასაც ჰქვია ევროპა, მაშინ ეს ყველაფერი წყდება საარჩევნო ყუთთან და არა მიტინგით. კი ბატონო, ჩაატარონ მიტინგი, მაგრამ მერე მივიდნენ საარჩევნო ყუთთან. აქციაზე მისული მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სულაც არ არის მათი ამომრჩეველი.

გამოსავალი რა არის? ფაქტია, რომ პოლიტიკური ფონი არის მძიმე, ისევე როგორც ეკონომიკური. ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონიმიკა ვითარდება და წინ მიდის, მაგრამ მოსახლეობის ყოველდღიურობას არ ეტყობა აღორძინებული ეკონომიკა...

- რეალობა ის არის, რომ რაღაცა ნაბიჯები იდგმევა, მაგრამ საკმარისი არ არის. ბევრი რამე არ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ იბლოკება კორუფციის გამო. ეს უკვე ზნეობრივი საკითხია. ბევრი რამე კეთდება, მაგრამ ზნეობრივი საკითხი სულ უკან გვწევს, რაც არის მთავარი პრობლემა.

 

amo გამოსავალი?
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გამოსავალი არსებობს, რეალური გამოსავალი! უნდა გამოვუშვათ გვარამია რათა როგორც ყველაზე თავხედმა-უზრდელმა ჩააფსას კოლექტიურ დასავლეთს უბეში!
1 წლის უკან
trampi საქართველო მაგათ ისეთ დაბალი დონის კოლონიად მიაჩნიათ, რომ მაგათ მისი მოსახლეობის აზრი სულაც სირზე ჰკიდიათ............ყველაფრის მიუხედავად მაინც თავისას ერეკებიან............... და არც აინტერესებთ რაიმის შეცვლა ჩვენს ურთიერთობაში
...........და არც შეცვლიან არაფერს.................იმიტომ რომ ჩვენ ვართ მათთვის მიშას მიერ მიყიდული ქვეყანა. მიშას აუარება დახმარება--კრედიტებს იმიტომ აძლევდნენ რომ ქვეყანა დაეკაბალებინათ და მათი ნებისმიერი წადილი საქართველოს მორჩილად შეგვესრულებინა....
თან ის ფული მართლა საქართველოს კი არ მოახმარეს ---მიშას ბანდამ და ე.წ. მეგობრებმა შუაზე გაიყვეს ......
ეხლა კიდევ გვიყვირიან ----გადახდა უნდა ვალსაო.....წამოდით ვალის სანაცვლოდ იომეთო.....
1 წლის უკან