კიანუ რივზი გარდა მისი სამსახიობო ოსტატობისა, გულშემატკივრებს სხვების მიმართ დამოკიდებულებისა და ხასიათის გამოც ძალიან უყვართ. მსახიობი რომ ძალიან მზრუნველი ადამიანია, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა პროდიუსერმა ენდრიუ კიმელმა, რომელმაც კიანუსა და მისი პატარა გულშემატკივრის შესახებ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა.
"კიანუ რივზთან ერთად ლონდონიდან ნიუ-იორკში ვიფრინე. როცა ბარგს ველოდებოდით, პატარა ბიჭმა კიანუს ავტოგრაფი სთხოვა, შემდეგ კი უამრავი შეკითხვა დაუსვა. კიანუმ თითოეულ მათგანს დიდი სიხარულით უპასუხა", — წერს კიმელი ტვიტერზე
პროდიუსერის თქმით, პატარა ბიჭმა კიანუს ნიუ-იორკში ყოფნის მიზეზი ჰკითხა, ასევე დაინტერესდა, რამდენი დღით რჩებოდა მსახიობი ქალაქში. კიანუმ ყველა შეკითხვას უპასუხა, შემდეგ კი პატარა ბიჭსაც გამოჰკითხა, თუ რას აკეთებდა ევროპაში, ნახა თუ არა მუზეუმები და რომელი მოეწონა ყველაზე მეტად.
"საერთაშორისო ფრენის შემდეგაც კი კიანუ ძალიან თავაზიანი იყო. ვიფიქრე, რომ ეს ამბავი თქვენთვის უნდა გამეზიარებინა, რადგან ასეთ პატარა მომენტებს ადამიანების ცხოვრებაში დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. ჩვენ მეტი კიანუ რივზი გვჭირდება!", — წერს კიმელი თავის ტვიტერზე.