პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელმაც მომღერალს სასამართლოში უჩივლა, ანონიმურობის შენარჩუნება არჩია, თუმცა აცხადებს, რომ მარტინს 7 თვის განმავლობაში ხვდებოდა. 2 თვის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მარტინი ყოფილ შეყვარებულ გამუდმებით ურეკავს და სულ მცირე სამჯერ მივიდა მის სახლთან. მოსარჩლე სასამართლოს გაუმხილა, რომ საკუთარი უსაფრთხოების გამო ღელავს.
სასამართლომ კაცის არგუმენტები გაიზიარა და მარტინს ყოფილ პარტნიორთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ნებისმიერი სახით ჩარევა აუკრძალა. მას ასევე არ აქვს უფლება დაურეკოს ან ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნოს მოსარჩლის მეგობრებს.
მარტინის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბრალდებები მომღერლის წინააღმდეგ რეალობას არ შეესაბამება.
„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჭეშმარიტი ფაქტები ამ საქმის შესახებ გასაჯაროვდება და ჩვენი კლიენტი რიკი მარტინი სრულად გამართლდება“,- განაცხადეს ადვოკატებმა.