„სამოქმედო გეგმა პირდაპირ აკერმანის სახელმძღვანელოდან აიღეს, ტექნიკური მთავრობა საზოგადოებისთვის გაუგებარი მენიუ აღმოჩნდა და არ მიიღეს“

„სამოქმედო გეგმა პირდაპირ აკერმანის სახელმძღვანელოდან აიღეს, ტექნიკური მთავრობა საზოგადოებისთვის გაუგებარი მენიუ აღმოჩნდა და არ მიიღეს“

რატომ არ ჰქონდა ოპოზიციას 3 ივლისს სამოქმედო გეგმა და რა გახდა იმის მიზეზი, რომ აქციის ორგანიზატორებს შორის დაბნეულობა შეიმჩნეოდა? რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ 20 ივლისის შემდეგ, რომ აქციაზე მიმსვლელი ხალხის ნაკადი შემცირდა? იყო თუ არა ამის ერთ-ერთი მიზეზი სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ კონტექსტში გადაყვანის მცდელობა, რაც ორგანიზატორებს ხალხის დაკარგვის ფასად დაუჯდა? ამ და სხვა კითხვებზე for.ge-სთან ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

როგორ შეიძლება შეფასდეს და აიხსნას ის ფაქტი, რომ 3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა რუსთაველზე შეკრებილ ხალხს სამოქმედო გეგმა ვერ შესთავაზეს?

- ჩემთვის, მაგალითად, ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა, რადგან ოპოზიციას ამის მსგავსად არაერთი აქცია დაუშლია. მაგალითისთვის 15 ოქტომბრის აქციას შეგახსენებთ, რომელსაც ნიკა მელიას დღესაც არ პატიობენ და კითხულობენ რატომ დაიშალა ეს აქცია. ამიტომ, ის, რაც 3 ივლისს მოხდა, მე არ გამიკვირდა. ღრმად დეტალებში არ ვარ ჩახედული აქციის ორგანიზატორებს შემდგომი მოქმედებების გეგმა რატომ არ ჰქონდათ. აქციის მონაწილეები იქ მისულები იყვნენ იმისი გამო, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგებოდა, გაეგოთ, შემდეგ რას აკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხისთვის აქციის ორგანიზატორებს სათქმელი არაფერი აღარ ჰქონდათ. მართლა საინტერესოა, საზოგადოებას გეგმა რატომ ვერ დაანახეს.

გეგმის არქონის გამო აქციის ორგანიზატორები იმდენად აიჭრნენ, რომ სპონტანური მოქმედებები დაიწყეს. „ქართული ოცნების“ ოფისთან მისვლა და იქ ადგილის მონიშვნა იყო კონტრპროდუქტიული ქმედებები, რამაც საბოლოოდ, ამ აქციის დისკრედიტაცია გამოიწვია. ეს ირიბად ასევე იმ პოლიტიკური ძალების ტაქტიკურ მარცხსაც ნიშნავს, რომლებიც აქციის ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ. არავისთვის უცხო არაა, რომ აქციაზე მხარდამჭერების მობილიზება „ნაციონალურმა მოძრაობამ“  მოახერხა. „ლელო“ იყო ასევე ჩართული, რომელიც ტრანსპორტირებას აფინანსებდა. კიდევ სხვა პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრიბუნაზე არ ჩანდნენ. ეს აქცია ფორმალურად იყო სამოქალაქო, თორემ მთლიანად პოლიტიზირებული გახდა.

სწორედ ამის ბრალი იყო ის, რომ აქციაზე კიდევ ორი და სამი კონტრაქცია მიმდინარეობდა და გვესმოდა სააკაშვილის მომხრეების შეძახილი, რომ სიტყვა მოგვეცთ და მესამე პრეზიდენტის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეთო? ფიქრობთ, რომ ამ აქციის დაშლის მიზეზი იქ მისული ხალხის სხვადასხვა მოსაზრებები გახდა?

- დიახ, ეს იყო ის, რაზეც უკვე ვსაუბრობ. „ნაციონალებმა“ აქციაზე თავისი აქტივისტების მობილიზება მოახდინეს. ამაში პარტია ძალიან დაიხარჯა. შესაბამისად ლოგიკური იყო ამ ხალხის მოთხოვნაც, რომ თუ ჩვენი თავი გჭირდებათ, მაშინ ჩვენი სურვილები უნდა გაითვალისწინოთო. აქციის ორგანიზატორებს კი ეს არ სურდათ. თუმცა, თუკი შენ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები გინდა და მათ რესურსებს იყენებ, მაშინ რაღაცნაირად ხარკი უნდა გადაიხადო. როგორც კი აქციამ პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, მაშინვე აქციის ირგვლივ ხალხის რაოდენობა შემცირდა. ალბათ, თვალს ადევნებდით, რომ 20 ივნისს ძალიან ბევრი ხალხი მივიდა და ამის მიზეზი საქართველოს ევროპული მომავალი იყო, ხოლო უკვე 24 ივნისს, სადაც წინ პოლიტიკური საკითხები წამოიწია და ევროინტეგრაციის საკითხმა უკან გადაიწია, უფრო ცოტა ხალხი მივიდა. 3 ივლისის აქციაზე კიდევ უფრო ნაკლები ხალხი მივიდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ უკვე ეს აქცია თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო.

შეცდომა ხომ არ იყო ზუსტად ეს, რომ სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ კონტექსტში პოლიტიკოსების გარეშე გადაიყვანეს, თან საკმაოდ ბუნდოვანი მოთხოვნით: „გადადგეს პრემიერი“ და „ტექნიკური მთავრობა დაინიშნოს“. ვინ უგეგმავდა ამ ხალხს მსგავს მოთხოვნებს, რომელიც როგორც კონსტიტუციით, ასევე პოლიტიკურად ძალიან დიდი შეცდომა იყო?

- ვინ უგეგმავდა და ეს სამოქმედო გეგმა პირდაპირ აკერმანის სახელმძღვანელოდან აიღეს და აქციაზე გაახმოვანეს. როგორც ჩანს, ქართულად ზუსტად ვერ გადმოთარგმნეს ან ცუდად გაიგეს. შესაბამისად, მიიღეს ის, რაც მიიღეს. ტექნიკური მთავრობა საზოგადოებისთვის გაუგებარი მენიუ აღმოჩნდა. ის კერძი, რაც აქციის მონაწილეებს მიაწოდეს, მათ არ მიიღეს. თანაც ტექნიკურ მთავორბაში ისეთი ადამიანები შესთავაზეს, რომლებსაც საზოგადოებაში არა თუ ნულოვანი ავტორიტეტი აქვთ, არამედ უმეტესობისთვის მიუღებელი ფიგურები არიან. პრემიერ - მინისტრად ნინო ლომჯარია დაასახელეს, მინისტრად ეკა გიგაური. გასაგებია, ენჯეოს ლიდერები არიან, შესაძლოა, თავიანთ წრეებში რაღაცა ავტორიტეტით სარგებლობენ, მაგრამ ფართო საზოგადოებაში მათ არანაირი ნდობა არ აქვთ. ამიტომაც როდესაც ხალხს გაუგებარ ტექნიკურ მთავრობას სთავაზობ და მათ ხალხში არანაირი ნდობა არ გააჩნიათ, გასაკვირი არაა, რომ ხალხში შენი გეგმა უნდობლობას გამოიწვევს. ეს შედეგი რაც დადგა პროგნოზირებადი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა გაიზარდა და მხოლოდ ემოციებს აღარ სჯერდება. მათ უფორ გაწერილი და კონკრეტული გეგმა სჭირდებათ იმისთვის, „ოცნების“ წასვლის შემთხვევაში ქვეყანაზე პასუხისმგებლობას ვინ და რა ფორმით იღებს? უფრო პრაგმატული და პოლიტიკურად მოაზროვნე საზოგადოება მივიღეთ?

- ალბათ, გარკევულწილად შეიძლება ითქვას, რომ ასეა. საშუალო სტატისტიკურ ქართველს უფრო ურჩევნია მიიღოს და დაიჯეროს ემოციური სიმართლე, ვიდრე რაციონალური სიმართლე. რაციონალური სიმართლე რომ დაიჯერო, ამისთვის ფიქრი და კრიტიკული აზროვნებაა საჭირო. ემოციური სიმართლე, რომელიც ფეიკ ინფორმაციებით ადამიანების მანიპულირებას ახდენს და სიმართლეს არ შეესაბამება, ადამიანის ემოციურ განწყობაზე ადვილად მოქმედებს. თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახლეობა მერე უკვე გამორკვევას იწყებს, სად არის და აქციის მსვლელობა საით მიდის. ზუსტად ეს მოხდა 20, 24 ივნისის და 3 ივლისის აქციებზე. საზოგადოების გარკევული ნაწილი თანდათან მიხვდა სად მივიდა და აქციის მონაწილეების რაოდენობის შემცირებაც ამიტომ მოხდა.

დასავლეთის და ევროპარლამენტარების შეცვლილ რიტორიკაზე მინდა გკითხოთ. აღმოჩნდა, რომ აქციის დაშლის შემდეგ, ევროპარლამენტარები, რომლებიც ოპოზიციას მხარს გულმხურვალედ უჭერდნენ, უცბად ხელისუფლების გეგმას იწონებენ, რომელიც მათ ევროკავშირის მიერ 12 პუნქტის შესრულებისთვის წარადგინეს. იქონია მათზე აქციის დაშლამ გავლენა?

- კი ბატონო, ვნახეთ, რომ ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის წარდგენლი სამოქმედო გეგმა მოუწონეს. ასევე ხაზგასმით უთხრეს ოპოზიციას, რომ საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს. ამით ყველაფერი ნათქვამია, რომ რაღაცა ტექნიკური მთავრობა ევროპელების მხრიდან მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს. ეს ერთი და მეორეც, არიან იქ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ აქციებს აკვირდებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ თუ აქციაზე ბევრი ხალხი მოვიდოდა და ხელისუფლებას წყალი შეუდგებოდა, ალბათ მოხდებოდა ის, რაც მაიდანის დროს მოხდა. თუმცა როცა ნახეს, რომ ეს აქციები თანდათან გაილია, მე მგონი იქაც მიხვდნენ, რომ ამ ოპოზიციას დიდი პოტენციალი არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი კეთდებოდა, რათა ამ აქციებს საერთაშორისო სტიმული მისცემოდა. ვნახეთ ჩვენ 20 ივლისს ევროპარლამენტარების აქციაზე სიტყვით ჩართვა და მოწოდებები. ასევე ყბადაღებული რეზოლუცია, რომელიც ხალხს და მთავრობას ერთმანეთისგან მიჯნავდა. იყო ასევე მცდელობები, რომ ამ მუხტის გაჩენისთვის ხელი შეეწყოთ.

რას უნდა ელოდოს ხელისუფლება ახლო მომავალში და ფიქრობთ თუ არა რომ ეს მუხტი 2024 წლამდე აღარ გაჩნდება. „ოცნებას“ მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს?

- რა თქმა უნდა ხელისუფლებას მოდუნების საშუალება არ ექნება. მაგალითად, ვინმე გიორგი მშვენიერაძე გამოვიდა, რომელიც მესამე სექტორის წარმომადგენელია და თქვა, რომ ხელისუფლებასთან არათანამშრომლურ რეჟიმზე გადავიდეთ, ყველა შეთავაზებაზე უარი ვთქვათ, პრემიერ-მინისტრს პრობლემები შევუქმნათ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საზოგადოებასთან შეხვედრის საშუალება არ მივცეთ, ყველგან პიკეტირება მოვუწყოთ და ხელისუფლება დავღალოთო. ესეც აკერმანის სახელმძღვანელოდან არის ამოღებული. მე მგონია ცოტა ხანი ჯერ შეისვენებენ და ალბათ, ისევ მოქმედებას გააგრძელებენ. შეცდომებს გააანალიზებენ. მათში ვინც ფული ჩადო, ძალიან უკმაყოფილოები იქნებიან. ამიტომ ხელისუფლება არ უნდა მოდუნდეს, რადგან დიდ შეცდომას დაუშვებს.

ლაზი ქალებს, რომ თავში ჩანთას ურტყამდა ქობულეთში, იმ მშვენირაძის ავტორიტეტით ქმნიან მთავრობას? მეორე ავტორიტეტი მაქარაშვილია? დამატეთ კიდევ ერთი ორი მაგისთანა და მოგვეწყობა ხელი.
1 წლის უკან