ვლადიმირ ვაისი:

ვლადიმირ ვაისი: "ჩაკვეტაძეს დიდი პოტენციალი აქვს და თუ კარგად იქნება, ყველას გაგვახარებს"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ჩაკვეტაძის შესაძლებლობებს კარგად იცნობს და სლოვაკ ჟურნალისტებთან ეს არ დაუმალავს.

„როდესაც 18-19 წლის იყო, ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი 4 გოლით და 4 საგოლე პასით მარტომ მოიგო. მას შანსი მაშინ მივეცი. სამწუხაროდ, ორნახევარი წლის წინ მუხლზე ჯვარედინი მყესების გამო შეჩერდა. ახლა ფიზიკურად ფორმაშია და ძალიან კარგი ტრანსფერი გავაკეთეთ. წარსულში მას „ჩელსი“, „ბარსელონა“ და „დორტმუნდი“ აკვირდებოდნენ. უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, კარგად თუ იქნება, ყველას გაგვახარებს“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, „სლოვანში“ ჩაკვეტაძის გარდა, ჯაბა კანკავა და გურამ კაშიაც თამაშობენ. სლოვაკეთის ჩემპიონი 6-13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.