„დავით გელაძის გათავისუფლება თავხედობა და საზოგადოების შეურაცხყოფაა“

„დავით გელაძის გათავისუფლება თავხედობა და საზოგადოების შეურაცხყოფაა“

18 წლის გიგი სვანის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე უწყების კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით გელაძე დღეს დააკავა, რომელსაც დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღის პირველ ნახევარში, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ დავით გელაძე გიგი სვანის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა და ირაკლი ღარიბაშვილის უწყება სამმართველოს ყოფილი უფროსის მფარველობაში დაანაშაულა.

კერძოდ, თარგამაძის ინფორმაციით, 26 მაისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით გელაძე ჭავჭავაძის გამზირზე საკუთარ ავტომობილს გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა, რითაც ფეხით მოსიარულე  გიგი სვანს საფრთხე შეუქმნა.

„გიგი სვანის აღშფოთების შემდეგ, მგელაძემ  მანქანა გააჩერა და  აღნიშნულ ახალგაზრდასთან კონფლიქტში შევიდა. სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, გელაძემ იცოდა რა, ჭავჭავაძის გამზირზე მრავლად არის სათვალთვალო კამერები, მან სვანი ყიფშიძის ქუჩაზე ჩაიყვანა, თავზე ცეცხლსასროლი იარაღი დაადო და გაისროლა. თუმცა, საბედნიეროდ, გასროლამდე მოზარდმა მოძრაობა მოასწრო, რის გამოც ტყვია მას არა თავში, არამედ მხარში მოხვდა. ამავე დღეს, 22:30 საათზე, გიგი სვანი, რომლის დაზიანების ხარისხი მძიმეა, შეყვანილ იქნა რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ განყოფილებაში, სადაც მას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა და ის  უახლოეს დღეებში, მეორე ოპერაციას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მეორე ოპერაციის შემდეგაც ნარჩუნდება ინვალიდობის შანსი. გიგი სვანის ოპერაციის საფასური დავით გელაძის მეგობარმა გადაიხადა და მისთვის ოპერაციის თანხის გადახდას იგივე პირი აპირებს“, - განაცხადა თარგამაძემ.

ოპოზიციონერის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი სვანის მამის, მიხეილ სვანის მიმართ შსს-ს მხრიდან თავდაპირველად იყო გამოყენებული დაშინება და შანტაჟი, ხოლო ამ პერიოდისთვის, მისი მოსყიდვა ხორციელდება.

„ნინო გიორგობიანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ შსს-ში დავით გელაძე საერთოდ არ მუშაობს, მაგრამ გელაძის მიერ წელს შევსებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, სადაც სამუშაო ადგილად სწორედ შს სამინისტროა მითითებული, გიორგობიანმა განაცხადა, რომ გელაძემ სამსახური საკუთარი პატაკით „ერთი, ან ორი კვირის წინ“ დატოვა. იქედან გამომდინარე, რომ გელაძე კრიმინალური პოლიციის უფროსის, დავით ბედიას ძველი თანამშრომელი და მეგობარია, მარჯვენა ხელი და დე-ფაქტო მოადგილე, ხოლო თავად დავით ბედია ოდიოზური სოსო ალავიძის დეიდაშვილია და მინისტრის მოადგილე გიორგი ტაბატაძე - ალავიძისვე მარჯვენა ხელია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შსს-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი კლანი მოქმედებს“, - აღნიშნა თარგამაძემ, რომლის განცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ გელაძე დაკავებული იქნა.

შსს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, დავით გელაძე უწყებიდან 26 მაისის ინციდენტის შემდეგ დაითხოვეს.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა, რომელმაც გელაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წაუყენა,  სასამართლოსგან მის პატიმრობას ითხოვდა. თუმცა, თანანმდებობის  ყოფილი პირის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ მოხდა, რასაც გივი თარგამაძე თავხედობად აფასებს და ძალოვანი უწყების „ტრიუკზე“ საუბრობს.

როგორც for.ge-ს თარგამაძემ განუცხადა,  მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ირაკლი ღარიაშვილის უწყება იძლებული გახდა გელაძე დაეკავებინა და ამავდროულად, „ტრიუკი“ განეხორციელებინა.

„უმრავლესობამ თქვა, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობდა, მე რატომ არ განვაცხადე, მაგრამ მგონი, მათ ავიწყდებათ, რომ მე არც მათი თანამშრომელი ვარ და არც სამინისტროს  პრესცენტრის უფროსი. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, სამინისტრო იძულებული გახდა, ეს პირი დაეკავებინა და „ტრიუკი“ გამოიყენეს. მისი მოითხოვეს პატიმრობა, მაგრამ მას არასათანადო ბრალდება წაუყენეს. კერძოდ, სხეულის განზრახ დაზიანება, როცა მკვლელობის მცდელობაზე იყო საუბარი. ამასთან, მათ არ წარმოადგინეს მტკიცებულებები და გელაძე გამოუშვეს. ახლა კი, სასამართლოსკენ ხელს გაიშვერენ - ჩვენ რა ვქნათო. გირაოს სანაცვლოდ, ამ პირის გათავისუფლება თავხედობა და საზოგადოების შეურაცხყოფაა, რადგან თუ ვანო მერაბიშვილის დაკავების მოტივაცია იყო, რომ მას კავშირები აქვს და მოწმეებზე ზეწოლას განახორციელებდა, გელაძე კრიმინალური პოლიციის სამსახურის უფროსის უახლოესი მეგობარია და მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი გამოძიებას ხელი შეუშალონ. ფაქტია, რომ შს სამინისტრო ამ დანაშაულის დაფარვასა და კვალის არევას ცდილობს. ხვედელიძის მაგალითზე  ჩანს, რომ  შსს-ს თანამშრომლების დანაშაულზე მაქსიმალური სასჯელი თანანმდებობიდან გათავისუფლებაა“, - განუცხადა for.ge-ს თარგამაძემ.

სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც გელაძეს ბრალი წარედგინა ისჯება, თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე. რაც შეეხება მის ბეგრაუნდს, ძალოვან უწყებაში გელაძე 2012 წლის ბოლოდან მუშაობს, მანამდე, 2003 წელს ის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და 2004 წელს, საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.