ბერლუსკონის და გალიანის მორიგი ტრანსფერი:

ბერლუსკონის და გალიანის მორიგი ტრანსფერი: "მონცამ" ევროპის ჩემპიონი დაიმატა

იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მატეო პესინა კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ბერგამოს „ატალანტასთან“ შეთანხმება მიღწეულია. „მონცა“ პესინას“ 1-წლიანი იჯარით დაიმატებს და მისი გამოსყიდვის ვალდებულება 15 მილიონ ევროდ ექნება, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა, კლუბი ადგილს სერია A-ში.

აღსანიშნავია, პესინა მონცაში დაიბადა და 2014-2015 წლებში ამ გუნდის მაისურით 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 25 წლის ნახევარმცველს „ლეჩეში“, „კატანიაში“, „კომოში“, „სპეციასა“ და „ვერონაში“ უთამაშია, ხოლო 2018 წელს „ატალანტას“ შეუერთდა. იტალიის ნაკრებში მას 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, 2 გოლი ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა (უელსთან და ავსტრიასთან), სადაც „სკუადრა აძურას“ რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

„მონცა“ სერია A-ს დებიუტანტია, მაგრამ დიდი მიზნები აქვს. კლუბმა უკვე დაიმატა ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც ანდრეა რანოკია, ალესიო კრანიო და სტეფანო სენსი არიან. „მონცას“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, გენერალური დირექტორი - ადრიანო გალიანი.