ინტერნეტ პროვაიდერები ტარიფებს შეთანხმებულად ზრდიან - ბაზარზე აშკარა ოლიგოპოლიაა

ინტერნეტ პროვაიდერები ტარიფებს შეთანხმებულად ზრდიან - ბაზარზე აშკარა ოლიგოპოლიაა

მობილური ოპერატორები „სილქნეტი“ და „მაგთი“ ტარიფებს მკვეთრად ზრდიან. გარდა ამისა, მომხმარებელს იმის უფლებას, რომ გაძვირებული ტარიფი შედარებით იაფზე გადაცვალოს, არ აქვს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაში აცხადებენ, რომ საკითხს აუცილებლად შეისწავლიან და არ არის გამორიცხული, მკაცრი რეაგირებაც მოაყოლონ.

„მაგთიმ“ 3 აგვისტოდან ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, თუმცა როგორც გაირკვა, გაძვირებული პაკეტის შეცვლის მსურველს, „მაგთი“ მხოლოდ უფრო ძვირიან პაკეტს სთავაზობს, უფრო იაფით შეცლაზე კი ის უარს აცხადებს.

„მაგთის“ აბონენტებისთვის აგვისტოდან შემდეგი ტარიფები იმოქმედებს: სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში აქამდე 24 თეთრი იყო, აგვისტოდან ამ ტარიფს ზარის წამოწყების - 12 თეთრიც დაემატება. ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციები კვლავ გაგრძელდება განახლებული ტარიფებით - ულიმიტო ინტერნეტ-თვე - 32 ლარი (30 ლარის ნაცვლად), ულიმიტო ინტერნეტ-კვირა - 9 ლარი (ადრე იყო 7 ლარი) და ულიმიტო ინტერნეტი დღე-ღამე - 2 ლარი (1.50-ის ნაცვალად)

ძვირდება ოპტიკური ინტერნეტიც - „მაგთიკომის“ თანახმად. მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ_წმ-იანი პაკეტით, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ_წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე. ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბჰწმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ_წმ, ფასი - 30 ლარი - 30 დღე. აქციის მოქმედების ვადა - 30 ნოემბრის ჩათვლით.

რაც შეეხება „სილქნეტს“, კომპანიის ცნობით, ის ჯერჯერობით მობილურ ულიმიტო ინტერნეტპაკეტებს აძვირებს და 27 ივლისიდან მოქმედი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის ტარიფები, შემდეგნაირი იქნება: 1-დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი - 1.50 ლარის ნაცვლად, 2 ლარი გახდება; 5-დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი - 6 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; 30-დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი - 30 ლარის ნაცვლად, 32 ლარი იქნება.

ასეთმა ხისტმა გადაწყვეტილებამ როგორც მომხმარებლების, ასევე სპეციალისტების გულისწყრომა გამოიწვია. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ სახეზეა კლასიკური ოლიგოპოლია და კომუნიკაციების კომისიამ ეს საკითხი დროულად უნდა განიხილოს.

„მაგთიმ“ და „სილქნეტმა“ უცებ, ერთად, ერთ დღეს გადაწყვიტეს ტარიფის ზრდა. აგვისტოდან, ულიმიტო ინტერნეტის ფასი შარშანდელთან შედარებით თითქმის ორმაგდება.

სახეზეა კლასიკური ოლიგოპოლია, რომელიც მესამე ათწლეულია გრძელდება და მას ბაზარზე მესამე კომპანიის შემოსვლამაც ვერ უშველა. უნდა დაგვისაბუთოთ მომხმარებლებს, რატომ იზრდება ტარიფები და ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არა, რომ საწვავის ფასი გაიზარდა და მაღალი ინფლაციაა, არამედ მოგებისა და შემოსავლების ანალიზის საფუძველზე, განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში.

კომუნიკაციების კომისიისა და რეგულატორის არსებობა მონოპოლიების_ოლიგოპოლიების საპასუხოდ გვჭირდება და არა იმისთვის, რომ საშუალოზე გაცილებით მაღალი ხელფასები ვუხადოთ საჯარო მოხელეებს“, - დაწერა კეპულაძემ.

ახლა მთელი ყურადღება კომუნიკაციების კომისიაზეა, საიდანაც პირველი შეფასება უკვე გაისმა. კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა ელენე მიროტაძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ მომხმარებელს აქვს უფლება, აირჩიოს კომპანიის მიერ შეთავაზებული მისთვის ხელსაყრელი მომსახურება და ნებისმიერ დარღვევას ამ კუთხით, შესაბამისი სამსახური შეისწავლის.

„ეს კონკრეტული შემთხვევა კონტროლზეა აყვანილი, შესაბამისი მომართვიანობისა და ჩვენი მოკვლევის შემდეგ, დაინიშნება შემდგომი სარეკომენდაციო მიმართულება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს 1 თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა მომხმარებლის უფლებები და დგება ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა“, - განაცხადა ელენე მიროტაძემ.

რას გადაწყვეტს მარეგულირებელი ჯერ უცნობია, თუმცა კახა ბექაურის უწყებამ კომპანიებს არგუმენტირებული ახსნა-განმარტებები უნდა მოითხოვოს.

Aburjga Tasmanieli არამწარმოებლური შრომა მწარმოებლურ შრომასთან შედარებით 5-ჯერ 10-ჯერ და კიდევ უფრო მეტად ფასობს, ამიტომ მატერიალური ნწილის გაძვირება გარდაუვალია. გაძვირდება მატერიალური ნაწილი და იმ ჯერადობის აღსადგენად სწრაფად გაძვიდება არამატერიალური შრომა!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არამწარმოებლური შრომა მწარმოებლურ შრომასთან შედარებით 5-ჯერ 10-ჯერ და კიდევ უფრო მეტად ფასობს, ამიტომ მატერიალური ნწილის გაძვირება გარდაუვალია. გაძვირდება მატერიალური ნაწილი და იმ ჯერადობის აღსადგენად სწრაფად გაძვიდება არამატერიალური შრომა!
2 წლის უკან