წელს თხილის მოსავალი შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს და არც ხარისხმა ივარგოს. ეს კი თხილის სარეალიზაციო ფასს მკვეთრად შეამცირებს. მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ უამინდობაა.
დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობა. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება.
3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. თუმცა, საკმაოდ დიდია რისკი, რომ ფაროსანა, წვიმების შედეგად განვითარებული ნაცარი (სოკო) და სიდამპლე, თხილის მოსავალს მნიშვნელოვნად დააზიანებს, თუ არ მოხდა ფერმერების სათანადო მობილიზაცია. თავის მხრივ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სრულად არის მობილიზებული და გააგრძელებს ფართობების დამუშავებას მავნებლის საწინააღდეგოდ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იქნება.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიმართავს და მოუწოდებს ფერმერებს, გამოიყენონ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული შესაწამლი პრეპარატები და ე.წ. მიმწებებელი დანამატი, რომელიც ხელს უწყობს წამლობის ეფექტურობის ზრდას წვიმიან ამინდში. მოსავლის აღებამდე, სავალდებულოა 3 წამლობის ჩატარება ფაროსანას, სიდამპლის და ნაცარის საწინააღმდეგოდ (ივლისის დასაწყისში და 10-12 დღის შუალედში ივლისის ბოლო -აგვისტოს დასაწყისამდე).
ასოციაცია მოუწოდებს ფერმერებს შეუფერხებლად განახორციელონ აგროღონისძიებები, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ გასულ წლებში მიღებული მაღალი ხარისხის მოსავალი. უხარისხო და დაზიანებული თხილის ფასი ნებისმიერ სეზონზე იქნება დაბალი და პირდაპირ აისახება ფერმერების შემოსავლებზე“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილიც ადასტურებს, რომ წელს, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, უხვმა ნალექმა სირთულეები შექმნა. შესაბამისად, ფერმერებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყონ თხილის ბაღების წამლობა.
„მოვუწოდებ თხილის მწარმოებლებს, რომლებიც, ჯამურად, დაახლოებით, 60 000 ჰა ფართობის დიდი და მცირე თხილის პლანტაციებს ფლობენ, რომ აუცილებლად შეწამლონ ბაღები. სახელმწიფომ მცირე ფერმერებს წამლობისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი ვაუჩერები დაურიგა.
შარშან, ექსპორტზე 120 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. არ შეიძლება ჩვენ ეს ტემპი შევანელოთ. მინდა, მოვუწოდო ფერმერებს, უახლოეს დღეებში გამოიდარებს და თხილის მოსავლის გადასარჩენად, დამატებითი, ორი-სამი წამლობა აუცილებლად ჩაატარონ“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუაც ადასტურებს, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში სურსათის უვნებლობის სააგენტო აპრილ-მაისიდან ჩაერთო, თუმცა ფერმერების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები ნაკლებად იდგმება. გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ თვალსაზრისით თხილის ფასმა გამოიწვია.
„წლევანდელი მოსავლიანობა დიდწილად დამოკიდებული იქნება შედეგზე, რომელიც მავნებელთან ბრძოლაში მიიღწევა. ვერ გეტყვით, რომ ჯერჯერობით ფერმერების დიდი აქტიურობა შეიმჩნეოდეს. სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, ნიჰილისტური დამოკიდებულებაა. ახალ წლამდე 1 კგ თხილი 6-7 ლარი ღირდა და მოულოდნელად კლება დაიწყო. ვისაც პრაქტიკული გამოცდილება აქვს, წამლობას მაინც ახორციელებს, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო“, - აღნიშნა თოდუამ.
თხილის მოსავლის მიღებამდე 2 თვე დარჩა, როგორც თოდუა აღნიშნავს, შედეგი სწორედ აგროღონისძიებებზეა დამოკიდებული. კარგი მოვლის შემთხვევაში ფერმერებმა უნდა მიიღონ, მინიმუმ, 45%-იანი გამოსავლიანობა.