ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელია

ახლა უკვე ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელია! ეს აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ სერია A-მ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა. ხვიჩა Lega Serie A-ს ვებგვერდზე ნაპოლის ახალწვეულ და დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა სიაში წერია.

ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი ხელფასი სეზონში მილიონ ევროზე ოდნავ მეტი იქნება. ცნობილია, რომ „აძურიმ“ ხვიჩას ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

კვარაცხელიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, შემდეგ კი „რუსთავში“ ითამაშა. მის კარიერაში პირველი უცხოური კლუბი მოსკოვის „ლოკომოტივი“ იყო, ხოლო 2019 წლის ზაფხულში ყაზანის „რუბინს“ შეუერთდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მან რუსეთი დატოვა და „დინამო ბათუმში“ ჩაირიცხა, რომლის რიგებში 11-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა 2019 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია და 17 მატჩში უკვე მოასწრო 8 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება.

კვარაცხელია 2020 და 2021 წლებში ორჯერ დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად, 2019-2020, 2020-2021 წლების სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. „ლოკომოტივში“ თამაშისას 2019 წელს რუსეთის თასი მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ითამაშებს. იტალიურ კლუბებში გიორგი ნემსაძე ("რეჯანა"), რომან ჭანტურია ("ემპოლი"), გიორგი ჭანტურია ("ვერონა") და ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", „ლატინა“, „სუდტიროლი“, „ტუტოკუიო“, „სპეცია“, „ლუკეზე“, „სავონა") ირჯებოდნენ, მაგრამ სერია A-ს მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ.