„ხომ არ უნდა შეგვჭამოს ჩიტმა-ჩიორამ?!“

„ხომ არ უნდა შეგვჭამოს ჩიტმა-ჩიორამ?!“

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი და უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი დაუპირისპირდენ. კანონმდებლებს შორის დაპირისპირების მიზეზი არა საკომიტეტო განხილვის თემა, არამედ ტექნიკური ხარვეზი გახდა. პაპუაშვილს სიტყვით გამოსვლისას მიკროფონის ჩართვა დაავიწყდა, რაზეც თაქთაქიშვილისგან შენიშვნა მიიღო.

„მე თქვენთან დიალოგში არ შემოვდივარ, ხომ არ უნდა შეგვჭამოს ჩიტმა-ჩიორამ?! კატეგორიულად ვეუბნები, ნუ მომმართავს“, - გააღიზიანა შენიშვნამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. ჩიორა თაქთაქიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა, რომ დეპუტატს მისი შეურაცხყოფისთვის შესაბამისი სანქცია დაეკისროს.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არაა. წინა საკომიტეტო მოსმენაზე ზაზა პაპუაშვილმა ჩიორა თაქთაქიშვილს განუცხადა, რომ მას საერთოდ არ იცნობს.

კანონმდებელი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიძულვილის ობიექტები გახდნენ, რაც მათთვის დისკომფორტს წარმოადგენს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენსა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის ხდება სიტყვიერი დაპირისპირება...

- სიმართლე გითხრათ ვერიდები, საერთოდ არ მინდა მასთან რამე საქმე მქონდეს. ცდილობს კომიტეტის თუ პარლამენტის სხდომაზე მოახდინოს ქაოსი, დესტაბილიზაცია. ამისთვის არის მომართული „ნაციონალური პარტია“. მთელ მსოფლიოს როგორ ასწავლის ჭკუას, გამაგებინეთ?! თუ საქმის კეთება უნდათ, საქმეზე ილაპარაკონ. მოაბეზრეს ხალხს თავი. ხომ არ უნდა შეგვჭამოს ამ ჩიტმა-ჩიორამ.

კონსტუქციული დიალოგისათვის მზად არ არიან უმცირესობის წევრები?

- ესენი საერთოდ არაფრისთვის არ არიან მზად. დროს გაყვანის მიზნით ხელს შეგიშლიან და მერე მოჰყავთ აბსურდული არგუმენტები. იმ პარტიის წევრები, რომელთა პარტიის საქმიანობას უნდა მიეცეს პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება რა აკეთეს 9 წლის განმავლობაში, ეს ხალხი დღეს ბედავს და ჭკუას გარიგებს! პირწმინდა ემისრების და ბოლშევიკების შთამომავლები ცდილობენ ჭკუა დაგარიგონ, ვერაფრით ვერ მივიღებ ამ ხალხისგან ჭკუის სწავლებას.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ტექნიკური ხარვეზი, დეპუტატმა მოგმართათ, რომ მიკროფონი ჩაგერთოთ...

- ეს არის აბსოლუტურად ისტერიული ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს თავის ქცევას. რაც ენაზე მოადგება ყველაფერს ლაპარაკობს. ასე არ შეძლება. ერთ-ერთი უთავმოყვარეო ადამიანია, რომელიც ყველაფერს კადრულობს იმისათვის, რომ რაღაცა სკანდალი მოახდინოს.  მათ სითავხედეს და უზრდელობას საზღვარი არ აქვს. დამარცხებულები არიან, ხედავენ როგორ არის ხალხი მათ მიმართ განწყობილი, სიძულვილის ობიექტები არიან უკვე. დისკომფორტი აქვთ, რომ ბოლო მოეღო მათ პარპაშს, ჩვენ მათ ამაში ხელი შევუშალეთ. არ მეკადრება ამ ადამიანზე ლაპარაკი და თავის გაყადრება.

თქვენს განცხადებას უმცირესობის წევრი სერგო რატიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო მხოლოდ რჩევა თაქთაქიშვილის მხრიდან. მეტიც, ის ამბობს, რომ თქვენი გამოსვლა იყო არაკორექტული...

- სერგო რატიანი არის ადამიანი, რომელიც ოღონდ ალაპარაკე, ოღონდ რაღაცა ათქმევინე.  ყველა საკითხში უნდა ჩაერიოს, რომ მოიპოვოს ლიდერის პოზიცია. აგვიხსნას ვითომ რაღაცა, ლექცია ჩაგვიტაროს, ვინ „ჭამს“ ამას?! სწორედ მივმართე, დიახაც ამათმა და ყველა ამათგანმა ტოლი უნდა ნახონ და კოჭი გააგორონ. რა სალაპარაკო მაქვს საერთოდ მათთან. ამათმა არც ლაპარაკი იციან და არც ქცევა. აბსოლუტურად არაფერი არ იციან. მომართული არიან იმაზე, როგორ გაამწარონ ხალხი. ცდილობენ როგორ ჩაშალონ ნორმალური საპრალამენტო შემოქმედებითი პროცესი.

რამდენად, სწორი იყო მიმართვა კოლეგა დეპუტატისათვისტოლი ნახე კოჭი გააგორე“?

- ათასჯერ გავიმეორებ ამას - ტოლი ნახონ კოჭი გააგორონ! მათთან მე არ შევდივარ არავითარ კონტაქტში. იაზვურად მითხრა მიკროფონთან დაკავშირებით და მიიღო პასუხიც.

თავად ჩიორა თაქთაქიშვილი ითხოვს სხდომის თავმჯდომარისგან, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული სანქცია მიიღოს და შესაბამისი ზომები გატარდეს პარლამეტის წევრის მიერ მეორე წევრისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო...

- კისერიც უტეხია და კინჩხიც ზედ მიუყოლებია. რაც უნდა ის გაუკეთებია. პარტია რომელიც უამრავ დანაშაულშია მხილებული, როგორ უნდა იყო მასთან კოაბიტაციის რეჟიმში? მათ სასამართლოს წინაშე უნდა აგონ პასუხი. კითხვები ბევრია და აუცილებლად მოუხდებათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე პირადად არ შემიძლია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და სიმართლე გითხრათ, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. მე სხვა რამისთვის ვარ აქ, მივიღოთ ისეთი კანონობი, რომ ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ უკეთესად იცხოვროს, ვიდრე მათ პირობებში იყო ეს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩემი ამოცანა, თორემ მაგათთან საკოაბიტაციოდ და ვიღაცა ლაწირაკებთან თავის გასაყადრებლად ნამდვილად არ მივსულვარ პარლამენტში.