2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 27,141 ტონა 79,8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია. მიზეზი რეგიონში მიმდინარე ომია. ეს ჯერ კიდევ არაფერია მომავლის პროგნოზთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ 2022 წლის განმავლობაში ექსპორტი 30%-ით შემცირდება, რაც მკვეთრი უკუსვლაა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა ქვეყანა ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს, თუმცა ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ექსპორტის მოცულობის კომპენსირება მოხდეს.
„ექსპორტის შემცირება რიცხვებში თითქოს არც ისე მასშტაბურია, თუმცა რაოდენობრივად, ნამდვილად გვაქვს დანაკლისი. ფაქტობრივად, უკრაინა გასაგები მიზეზების გამო წლის პირველ ნახევარში გაჩერებული იყო. ახლა, შედარებით დაიწყო ისევ შესყიდვები, მაგრამ 60%-ზე მეტია კლება. ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე შეინიშნება კლების ტენდენცია, განსაკუთრებით მარტი-აპრილიდან. თუმცა, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიულ ბარებზე (ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) ყველა ამ ბაზარზე ზრდა შენარჩუნებულია და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა, რაოდენობა რომ ავიღოთ, ვფიქრობ, ვერ მოხდება ჩანაცვლება, რასაც რეგიონის ქვეყნებში ექსპორტის დეფიციტი ქმნის. ხაზგასმით ვამბობ, არ გვაქვს ილუზია, რომ მოკლე ვადაში რაოდენობას, რომელიც რეგიონიდან დაგვაკლდა დავაკომპენსირებთ, თუმცა ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, გარდა ევროპაში დაგეგმილი კამპანიებისა, აგვისტოს ბოლოს თბილისში, აშშ-ს ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია გამართავს კონგრესს, რაც ქართული ღვინის ცნობადობისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია.
„გადაწყვეტილება მიღებულია, აგვისტოს ბოლოს გაიმართება საქართველოში აშშ-ს ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის კონგრესი, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩვენი უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით. მათი სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ბოლო მონაცემით, როცა ყველა ქვეყანაში იკლებდა ექსპორტი აშშ-ში მაინც იყო მზარდი. ამით თავისთავად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი ბაზარია, მით უფრო, რომ შარშან 1 მლნ ბოთლზე მეტი გავიდა ექსპორტზე. რაოდენობაც უკვე საგრძნობია და საშუალო ფასიც იმატებს“, - განაცხადა მეხუზლამ „ბიზნეპრესნიუსთან“.
რეგიონში ექსპორტის პრობლემებს ადასტურებენ ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც. „თბილღვინოს“ დამფუძნებლის ზურაბ მარგველაშვილის ინფომარციით, კლება მათი კომპანიის შემთხვევაში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ბაზრებზეა. კომპანიამ რუსეთში ექსპორტი მარტიდან სრულად შეაჩერა.
„უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთში ღვინო მარტის შემდეგ აღარ გაგვაქვს. შეჩერება დროებითია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მოცემულობაში ვრჩებით. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთში ღვინო აღარ გადის. რაც შეეხება უკრაინას, იქ მხოლოდ გასული თვის ბოლოს აღდგა მიწოდება. ასევე, პრობლემურად რჩება ბელარუსი. ჩვენ, კლება რაც გვაქვს, ამ სამი ქვეყნის ხარჯზეა.
სხვა, ყველა ბაზარზე, სადაც ვმუშაობთ, საუბარია 30 ქვეყანაზე, არც ერთ მიმართულებით კლება არ შეინიშნება, პირიქით, ჩვენი გაყიდვები ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზრებზე იზრდებოდა პანდემიის დროსაც კი, თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდს, როცა ლოქდაუნმა ლოჯისტიკა გააძნელა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
არსებულ რეალობაზე არასახარბიელოა სამომავლო პროგნოზი. „თიბისი კაპიტალმა“ ქართული ღვინის ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა და ექსპორტზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა შეაფასა. მიმოხილვის მიხედვით, 2021 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი - 56%-ს, უკრაინისა კი - 10%-ს შეადგენდა.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსის, ირინა კვახაძის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს, ღვინის ექსპორტში 30%-იანი შემცირება ექნება.
„ცხადია, 2006 წელს რუსეთის მიერ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, დღეს ჩვენი ბაზარი უფრო დივერსიფიცირებულია, თუმცა რუსეთისა და უკრაინის წილი ექსპორტში ჯამში, დაახლოებით, 57-65%-ს შეადგენს. ომის გარეშე სცენარით, თუ ექსპორტი ისეთ ტემპს შეინარჩუნებდა, როგორიც 2021 წელს ჰქონდა, მაშინ 11%-იან ზრდას ველოდით, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ექსპორტის 30%-იან შემცირებას ვვარაუდობთ“, - განაცხადა კვახაძემ.
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით, 2021 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტით 234 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის რუსეთიდან მიღებულმა შემოსავალმა - 130 მლნ, უკრაინიდან კი 23 მლნ დოლარი შეადგინა.