"იუვენტუსი" პაულო დიბალას და ალვარო მორატას ოფიციალურად დაემშვიდობა

ალვარო მორატამ და პაულო დიბალამ „იუვენტუსი“ დატოვეს. ინფორმაცია ტურინული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელმა ფორვარდმა ბოლო ორი სეზონი „იუვეში“ იჯარით გაატარა, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ მის გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ესპანელები 35 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რაც იტალიური კლუბისთვის ძვირი ფასი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ორწლიან იჯარაში „იუვენტუსმა“ 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

მორატამ „ბებერ ქალბატონში“ ბოლო ორ სეზონში 92 მატჩში 32 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე 2014-2016 წლებში 93 შეხვედრაში თავი 27-ჯერ გამოიჩინა.

დღესვე „იუვენტუსი“ პაულო დიბალასაც ოფიციალურად დაემშვიდობა, რომელსაც ასევე კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. დიბალამ „იუვეს“ მაისური 2015-2022 წლებში 293 თამაშში 115 გოლი გაიტანა და 45 საგოლე პასი მიითვალა.

"იუვენტუსმა" ასევე ოფიციალურად დაადასტურა ფედერიკო ბერნარდესკის წასვლა, რომელსაც ასევე კონტრაქტი ამოეწურა. იტალიელმა შემტევმა 2017-2022 წლებში შავ-თეთრი მაისურით 183 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა.