Thor: Love and Thunder-ის (თორი: სიყვარული და ქუხილი) პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ფანებიც ფილმის ნახვას მოუთმენლად ელიან. თუმცა მანამდე ფილმში მონაწილე მსახიობებისგან სხვადასხვა დეტალი ხდება ცნობილი. ახალ ინტერვიუში კრის ჰემსვორტმა განაცხადა, რომ თორის ახალ ფილმში მის შვილებსაც ვიხილავთ.
მსახიობის თქმით, მისი ერთ-ერთი ვაჟი თორის როლს განასახიერებს. Thor: Love and Thunder-ის ერთ-ერთ სცენაში თორი პატარა ბიჭიდან ზრდასრულ კაცად იქცევა და როგორც აღმოჩნდა, ეს პატარა ბიჭი კრის ჰემსვორტის ტყუპი ვაჟებიდან ერთ-ერთია. გარდა ამისა, კრისმა ისიც გაამხილა, რომ გადასაღებ მოედანს რეჟისორისა და სხვა მსახიობების შვილებიც სტუმრობენ.
"ეს ძალიან მაგარი გამოცდილებაა და ფილმში ჩემი შვილების მონაწილეობაზე ყველა დათანხმდა. გარდა ამისა, გადასაღებ მოედანს ტაიკა ვაიტიტის, კრისტიან ბეილისა და ნატალი პორტმანიც შვილებიც ხშირად სტუმრობენ", — ამბობს კრის ჰემსვორტი.
როგორც ჩანს, Thor: Love and Thunder-ში ჰემსვორტის ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მისი ვაჟები არ მონაწილეობენ. კრისმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ თორის ახალ ფილმში მაყურებლები მის 10 წლის გოგოსაც ნახავენ.
"ეს ძალიან სახალისო ოჯახური გამოცდილება იყო. არ მინდა, რომ ჩემი შვილები პატარა მსახიობებად ან ვარსკვლავებად იქცნენ. თუმცა ეს საინტერესო თავგადასავალია, რომლითაც ყველა კმაყოფილები ვართ", — ამბობს კრის ჰემსვორტი.
მსახიობის შვილების ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ მამასთან ერთად ფილმში მონაწილეობა მათაც ძალიან მოეწონათ.