ოსებს სააკაშვილის დაპირებების არ სჯერათ

ოსებს სააკაშვილის დაპირებების არ სჯერათ

ძვირფასო მეგობრებო, უკვე სადავო აღარ არის, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, რუსეთ-საქართველოს ომია! ომი, რომელშიც დასავლელმა პარტნიორებმა და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო მარტო დატოვეს.

დღეს ეს ომი ხელს აძლევს ყველას, საქართველოს გარდა.

ეს ომი ხელს აძლევს გაერო-ს და ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ჰუმანიტარული მისიის ეგიდით მილიარდობით მოგებას ნახულობენ ომგადატანილ ქვეყნებში.

ეს ომი აწყობს ყველას, ვინც წლებია, იბრძვის ქართველი ერის განადგურებისა და საქართველოში ქართველთა რიცხვის მინიმუმამდე დაყვანისთვის.

ამ ომის შემდეგ საქართველო, შეიძლება, სამუდამოდ დაემშვიდობებოს აფხაზეთს და სამაჩაბლოს.

ამ ომის შემდეგ შესაძლოა, სააკაშვილის ხელისუფლებას დიდი ხნის ოცნება აუხდეს - უაფხაზეთო და უსამაჩაბლო საქართველო უყოყმანოდ შეათრიონ ნატო-ში.

ამას პირველი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები დაუჭერს მხარს! ეტყობა, მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას რუსეთთან ომში ჩაბმა 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა ეგონათ!

ალბათ, 7 ნოემბერს საკუთარ ხალხზე გამარჯვებულ სააკაშვილს ეგონა, რომ რუს ჯარისკაცებსაც ისე დაალეწავდა ფერდებს და დაწამლავდა „დემოკრატიული გაზით“, როგორც ეს ქართველებს გაუკეთა რიყესა და რუსთაველის გამზირზე.

როცა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს საღამოს ოს ხალხს სიყვარული შეჰფიცა და ყველანაირ გარანტიებს შეჰპირდა, ერთ საათში ოსმა სეპარატისტებმა და მათმა რუსმა პატრონებმა თამარაშენი დაბომბეს.

რატომ მოჰყვა ოსებისადმი სააკაშვილის გულთბილ მიმართვას მათი მხრიდან უკურეაქცია? იმიტომ, რომ სააკაშვილს ამ დროს უკვე დარბეული და დაწამლული ჰყავდა ქართველი ხალხი და რატომ უნდა დაეჯერებინა ოს ხალხს 7 ნოემბრის ავტორისათვის? თავის ხალხს არ ინდობს და ჩვენ დაგვინდობსო? - იფიქრებდნენ ისინი!

ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა კარგად იცის, რომ ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ ხალხს 7 ნოემბერი მოუწყო, ქართველი ხალხის მტრებს ვერაფერს მოუწყობს!

ის, რაც დღეს ცხინვალში ხდება, სწორედ 7 ნოემბერია. რუსეთის ჯარი, რომელიც ვითომდა საკუთარი მოქალაქეების დაცვის კოსტიტუციური ვალდებულების გამო ახორციელებს სამხედრო ინტერვენციას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, საკუთარ მოქალაქეებს სწორედ ისე ექცევა, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოექცა ქართველ ხალხს 7 ნოემბერს.

რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ იავარქმნილი ცხინვალი მიწის პირისგან არის აღგვილი და, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებს უბომბავს და მშობლიურ ქალაქს უნადგურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ცხინვალიც, ოსი ხალხიც და მათი კეთილდღეობაც ფეხებზე ჰკიდია. ისევე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიკიდა ფეხებზე საკუთარი ხალხი 2007 წლის 7 ნოემბერს.

როცა ოსებს არ სჯერათ ქართველი ხალხისათვის 7 ნოემბრის მომწყობი მიხეილ სააკაშვილისა, მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდნენ, რომ მათი პატრონი რუსეთი მათ სწორედ 7 ნოემბერს უწყობს.

დიახ, ძვირფასო მეგობრებო! იმას, რასაც დღეს რუსები სჩადიან სამაჩაბლოში, ჰქვია 7 ნოემბერი ცხინვალში!