1 წელი ქვეყნიდან ხორბალი და ქერი ვეღარ გავა - მთავრობამ ადგილობრივი ბაზრის დაცვა დაიწყო

1 წელი ქვეყნიდან ხორბალი და ქერი ვეღარ გავა - მთავრობამ ადგილობრივი ბაზრის დაცვა დაიწყო

საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს. მსოფლიოში და რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლისა და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.

რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ახლაც ხორციელდება, ამიტომ მეცხოველეობისა და მეფრინველეობის დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ქერი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს მოხმარდეს. მიმდინარე წელს ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებშია და დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მიესალმებიან, თუმცა ხელისუფლებისგან პრობლემების გადასაჭრელად მეორე ნაბიჯის გადადგმას ელიან, რომელიც ადგილობრივი წარმოებების ამოქმედებასა და ხორბლის იმპორტის აღდგენას გულისხმობს.

ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ადგილობრივი ხორბლის მოსავალი ქვეყნის თვითუზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის.

„ჩვენ მივესალმებით ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას. მსოფლიოში ყველა სახელმწიფო, სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მსგავს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ამ შემთხვევაში ადგილობრივი ხორბლის რაოდენობა მხოლოდ 2-3 თვის საკმარისია. ველოდებით მეორე ნაბიჯის გადადგმას, რათა სასურსათო უსაფრთხოებისთვის ადგილობრივ მოხმარებას შემოტანილი ხორბლის რაოდენობა დაემატოს და გარდამავალი მარაგები შეიქმნას.

ეს პირველი ნაბიჯია, რაც ძალიან კარგია, თუმცა - არასაკმარისი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსავალი არ არის იმ მოცულობის, რომ მთლიანად უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც მარაგების დაგროვებასა და წარმოების შეუფერხებელ მომარაგებას მოიცავს.

ახლა ხორბლის იმპორტიორთა და მწარმოებელთა ასოციაცია მეორე ნაბიჯს ელოდება, რათა ამუშავდეს წისქვილები. ეს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას იმ ზღვარზე გაიყვანს, რომელიც გაეროს მიერ იქნება რეკომენდებული“, - განაცხადა სილაგავამ

გადაწყვეტილებას იწონებს ფერმერი ბექა გონაშვილიც, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯს დღევანდელ „დაზღვევად“ აფასებს.

„ძალიან ბევრი ქვეყანა უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვებს აწესებს. შემიძლია გითხრათ, რომ ქერის მიმართ დიდი ინტერესი იყო ირანელების მხრიდან, შესაბამისად, ქვეყნიდან მარცვლეულის გატანის რისკები არსებობდა.

ეს აკრძალვა დიდად არავის არაფერში ხელს არ შეუშლის, რადგან საქართველო მარცვლეულის დიდ მოცულობებს არ აწარმოებს და საექსპორტო მოსავალი არ გვაქვს, ამიტომ ეს უფრო თავის დაზღვევის მიზნით გადადგმული ნაბიჯია.

არ ვფიქრობ, რომ ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვა ბაზარზე დიდ გავლენას მოახდენს, თუმცა ქვეყნიდან მარცვლეულის გატანის რისკს აღკვეთს. თუ ქვეყნიდან მარცვლეული მასობრივად გავა, მაშინ ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება. მსგავსი აკრძალვის მომხრე არ ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში თავის დაზღვევის მიზნით საჭირო იყო“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ გონაშვილმა.

აშკარაა, რომ მთავრობას არსებული რესურსების პირობებში სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნება სურს. კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ ხელმძღვანელი თამარ ყაჭაშვილი ადასტურებს, რომ ქერი 30%-მდე არის გაძვირებული.

„ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ახლა აუცილებელია გარკვეული გონივრული ზომების მიღება, რაც რეალურად ქვეყნის შიგნით ერთგვარი დაზღვევაა იმისთვის, რომ სასურსათო კრიზისი არ შეიქმნას. ხორბალიც და ქერიც გაძვირებულია მინიმუმ 20-30%-ით. ომის გამო გლობალურ ბაზარზე დეფიციტი იქმნება, რადგან მსოფლიოს ორი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ყაჭაშვილმა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ხორბლისა და მესლინის ექსპორტი არ განხორციელებულა, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი, ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი 2018 წელს გავიდა.

წლების მიხედვით აღნიშნული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლები ასეთია: 2021 წელი - 393 ათასი დოლარი და 1 557 ტონა; 2020 წელი - 12.7 ათასი დოლარი და 23 ტონა; 2019 წელი - 877 ათასი დოლარი და 3 286 ტონა; 2018 წელი - 2.1 მლნ დოლარი და 10 058 ტონა; 2017 წელი - 1.3 მლნ დოლარი და 5 991 ტონა.

Aburjga Tasmanieli ვაიმეე... !
2 წლის უკან