საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დღეში ნეაპოლში იქნება და მისი კარიერის ახალი ეტაპი დაიწყება.
იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ტვიტერის საკუთარ გვერდზე კვარას ტრანსფერს ოფიციალურად მომდევნო შაბათ-კვირას გამოაცხადებს.
წყარო ასევე იტყობინება, რომ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლის ბილეთი უკვე დაჯავშნა, თუმცა არ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როცა ხვიჩა ნეაპოლში იქნება. აღსანიშნავია, რომ დღეს კვარაცხელია „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრებს „დინამო თბილისთან“ მატჩის წინ დაემშვიდობება.
შეგახსენებთ, კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას 9 ივლისს დაიწყებს, 14 ივლისს კი სამოყვარულო კლუბ „ანაუნიას“ შეხვდება. სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლის“ მეტოქე 13 აგვისტოს, „ვერონა“ იქნება.