პოლიტიკურ სცენაზე დახურული ფარდა იხსნება

პოლიტიკურ სცენაზე დახურული ფარდა იხსნება

პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური გახდა. საპარლამენტო უმრავლესობიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის გამო, „ქართულ ოცნებას“ კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობაზე მათი ჩანაცვლება მოუწევს. უმრავლესობიდან სამეულის გასვლის შესახებ ინფორმაცია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გაახმოვანა და კოლეგების წასვლის მიზეზად თავისუფალი მანდატი დაასახელა.

მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.

„ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთონ, - მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი, რადგან  ამ მიმართულებით, გუნდის შიგნით, შესაძლებელია, გარკვეული უხერხულობები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა, ეს საბოლოოა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის უკვე უპარტიო წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა, მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს მმართველ პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით აქვთ, თუ რა დოზის ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს მათ მხარდამჭერებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:

„პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს. ის ინფორმაცია რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან წასვლის შემდეგ მათ მეტი საშუალება ექნებათ, საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ ისე, რომ ამით „ქართული ოცნება“ არ დააზიანონ.

„არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მით უმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან.

რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. მაგალითად, ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები მმართველმა ძალამ უნდა გააგრძელოს, ხოლო ჩვენ გვექნება ამისი თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

უმრავლესობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ როდესაც ბევრია საქართველოს ომში ჩაბმის მსურველი, ასეთ დროს, მთავარი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს, ვიდრე დანილოვი ან ვინმე არახამიაა. მეორე მხრივ, ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწარაფად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველაფერი, თუკი ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვს. მოსურნე ძალიან ბევრია და მათ შორის ძალიან გავლენიანებიც. სამყარო იცვლება, ერთხელ თოფი რომ გავარდება, შემდეგ შენ ვეღარ მართავ პროცესს, პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს. ზუსტად ეს არ გვინდა მოხდეს. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების მოწინააღმდეგეობა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ან სხვა პარტიაში ისეთი ძლიერი ადამიანები და ასევე, ევროპაში ისეთი ლობისტები არ ჰყავთ, რომ მათ შეუძლიათ, 308 ევროპარლამენტარს მოაწერინონ ხელი და ხმა მიაცემინონ სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ რეზოლუციაზე, აქ დიდი თამაშია.

„ჩვენ გვყავს მეგობრები და ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუმცა ხშირად არის ხოლმე იქ გარკვეული ინტერესები, რომელი ინტერესებიც წონის მეგობრობას და ა.შ. ჩვენი პოზიციაა, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. გუნდში ამაზე გვქონდა მსჯელობა და ამაზე თანხმობა არ არის. გუნდში ამბობენ, რომ ჩვენ მოვახერხებთ, გავიყვანოთ მშვიდობიანად ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნა ოპოზიციური სპექტრისთვის. პროცესი ჯერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საფრთხედ დაინახეს, თუმცა მალევე პოზიცია შეცვალეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უმრავლესობიდან გასული სამეული იქნება რადიკალური თავის შეფასებებში. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციას ძალიანაც არ უნდა გაუხარდეს, რადგან ეს ხალხი უკვე პარტიული არტახებისგან თავისუფალია, ეტყვიან საზოგადოებას იმას, რასაც მიზეზთა გამო ვერ ეუბნება „ქართული ოცნება“.

„რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობაში როგორც უფრაქციო და უპარტიო დეპუტატები, მაგრამ რადგან თავისუფალი დეპუტატები იქნებიან, არ იქნებიან პარტიული, რაც გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს პოზიციების დასაფიქსირებლად, ეს შეზღუდვები მათ მოეხსნებათ და შეიძლება ჩვენ გავიგოთ არა ერთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის, სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო „ოცნების“ ოფისიდან არ გამოდიოდა“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ სამეული, რომელმაც იცის ყველა ინფორმაცია, დაიწყებს ამ ინფორმაციის გარეთ გამოტანას. მისი თქმით, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ინფორმაცია გასაჯაროვდება, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს საზოაგდოებრივ პოლიტიკური პროცესებზე.

„საინტერესო მოვლენები გველოდება. ახლოვდება 3 ივლისი, უკვე არის გამოცხადებული პუტჩი, ზოგს გონია, რომ პუტჩი აუცილებლად იარაღის გამოყენებას გულისხმობს, მაგრამ ასე არ არის. არსებობს ბევრი უსისხლო პუტჩები და ასე რომ, ფაქტობრივად, ოპოზიცია და მასთან აფილირებული ჯგუფები, „სირცხვილია“ იქნება, თუ სხვა, ხელისუფლების დასამხობად ემზადებიან და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა საჭიროა, საზოგადოებამ მიიღოს ალტერნატიული ინფორმაციები. ჩემი ვარაუდით, ეს ხალხი იმიტომ გაუშვეს თავისუფალ ცურვაში, რომ საზოგადოებამ მიიღოს ის ინფორმაცია, რომელსაც აქამდე ვერ ღებულობდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დალაგება და ახალი კონფიგურაციის შექმნა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ გახდება უფრო ლოიალური, არ იქნება ხისტი, იქნება უფრო დიპლომატიური და რადიკალური ფრთა იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შექმნილი გუნდი.

„შეიძლება კიდევ ვიღაცა მიემატოს და იტყვიან იმას, რისი თქმისაც „ერიდება“ ოცნებას. ასე რომ, სქემა ძალიან მარტივია - რასაც ვერ იტყვის „ქართული ოცნება“, რომელმაც პოლარიზაცია უნდა შეამციროს, იტყვის ეს სამეული და ამაზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდი აღარ იქნება. არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი პარტიული ჯგუფი ჩამოაყალიბონ მომავალ არჩევნებში რადიკალური ხმების მოსაპოვებლად. ანუ, ვინც თვლის, რომ „ნაცმოძრაობა“ ჯვარზე უნდა გაეკრა „ოცნებას“ და ეს არ გააკეთა, ისინი შეეცდებიან, რომ ეს ხმები წაიღონ და არ დაიკარგოს.

მდინარაძის განცხადებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მაგრამ თავს იკავებდნენ ამის გამჟღავნებისგან. ეს სამეული კიდევ მომხრე იყო, რომ ეს ყველაფერი დღის შუქზე გამოსულიყო. იმედი მაქვს, რომ როცა თვითონ გააკეთებენ განცხადებას, არ დამალავენ იმ ფაქტებს, რისი გამომზეურება „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა“, - უთხრა for.ge-ს ვახტანგ ძაბირაძემ.