პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. ახლო მომავალში ამ მიმართულებით საფრთხე მოხსნილია. გარდა იმისა, რომ ახლა საქართველოში მოსავლის აღების პერიოდია, მსოფლიოშიც ხორბალმა გაიაფება დაიწყო.
პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ირწმუნება, რომ უახლოეს პერიოდში პური არ გაძვირდება, თუმცა ეს გარანტირებული მაინც არ არის. საქმე ისაა, რომ პურის მწარმოებლებს ნედლეულიდან დაწყებული ენერგომატარებლებით დასრულებული, ყველაფერი გაუძვირდათ, თუმცა ფასის მატება მოსალოდნელი მაინც არ არის.
„ქვეყანაში ფქვილის მარაგი არის და კიდევ შემოდის. რაოდენობის მხრივ პრობლემები არ არის, თუმცა ფასი გაზრდილია, როგორც ხორბალზე, ასევე ფქვილზე. პურის ამ ეტაპზე არ გაძვირდება, მაგრამ პრობლემების მოგვარებაში დახმარება გვჭირდება. ბუნებრივი აირის ფასი შეიცვალა, „სოკარმა“ რეგიონებში დააწესა ტარიფი 1.15 ლარი, რაც ძალიან კარგია, რადგან ისინი ითვალისწინებენ პურპროდუქტების საკითხებს. „თბილისი ენერჯიმ“ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საშუალება არ აქვთ და ტარიფი 1.38 ლარი იქნება. ჩვენ ხელს არ გვაძლევს მაღალი ტარიფი და გვინდა ცოტა შეღავათიანი ფასი, რომ არ გაიზარდოს პროდუქტის თვითღირებულება.
პურის ფასზე აისახება ფქვილის და ენერგომატარებლების ღირებულება - კომუნალური გადასახადები, საწვავი და ა.შ. ეს ყველაფერი გაძვირებულია, მაგრამ ახლა ახალი მოსავლის აღების პერიოდია, გარდა ამისა შემოდის ხორბალი და ფქვილი. ის, რომ დაგიდასტუროთ ფასები გაიზრდება-თქო, არ იქნება მართალი“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 75-76 ლარიდან 79 ლარამდე გაიზარდა.
პური ერთი თვის წინ დაახლოებით, 10 თეთრით გაძვირდა. დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც მეხორბლეები.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ადასტურებს, რომ დღესდღეობით საქართველოში ხორბალი არ შემოდის და იმპორტი მხოლოდ ფქვილით შემოიფარგლება. მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და ხორბლის მარაგები, დღეს ყველა ქვეყნისთვის პირველი კატეგორიის საზრუნავია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი იყოს. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის გაეროს რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში 2-თვიანი მინიმალური მარაგი უნდა არსებობდეს. დღეს საქართველოში წისქვილკომბინატები არ მუშაობს. ხორბალი თითქმის არ შემოდის“, - განაცხადა ლევან სილაგავამ და იქვე ისაუბრა სქემაზე, რასაც ასოციაცია მთავრობას ხორბლის იმპორტის განსახორციელებლად სთავაზობს, რათა წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლონ.
„ის, რომ იმპორტირებული ფქვილი 3-4 ლარით იაფად შემოდის, ბაზარს პურის გაძვირებისგან არ იცავს. შესაბამისად, ჩვენ მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ. დღესაც მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ იმპორტზე თანხები გავათანაბროთ და იმპორტირებულ ფქვილს გარკვეული გადასახადი დავუწესოთ. მთავრობისგან გაიჟღერა, რომ ეს, ფაქტობრივად, პურს გააძვირებს და მოსახლეობისათვის რისკია. ჩვენ კი ვთავაზობთ ფორმულას, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი დაწესდება და ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდება, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებს, რომ იმ რაოდენობის ფქვილს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პური არ გაძვირდეს, პურის მწარმოებლებს ფიქსირებულ ფასად მივაწვდით. აქ ლაპარაკია იმ სეგმენტის პურზე, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა - ე.წ. ქვის პური. ეს იქნება ის სეგმენტი, სადაც ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში პური არ გაძვირდება.
დანარჩენ სეგმენტში, როგორიცაა ქატო, უმაღლესი ფქვილი, მეორე ხარისხის ფქვილი, თავისუფალი ბაზრის პრინციპით იქნება. ამის ეფექტი 4000-5000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება, წისქვილკომბინატებისგან ბიუჯეტში შენატანები, ქატოს სტაბილური მიწოდება, უმაღლესი ხარისხის ფქვილის მიწოდება და რაც მთავარია, სასურსათო უსაფრთხოება, ანუ ხორბლის მარაგები იქნება, რომელიც დღეს ყველა ქვეყნისთვის პირველი კატეგორიის საზრუნავია“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
ამასობაში მსოფლიოში მარცვლელუის ფასებთან მიმართებით მდგომარეობა ცოტათი უმჯობესდება. ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ბუშელი ხორბალი 1 დოლარით გაიაფდა და ამჟამად 9,50 დოლარის ფარგლებშია. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. პარალელურად საქართველოში იწყება ალოობა. წელს ადგილობრივი მოსავალი კარგი ხარისხით და შედარებით უხვი მოსავლითაც გამოირჩევა. ასე რომ, ხორბლის მარაგებთან და წისქვილკომბინატებთან დაკავშირებით ვითარება შეიძლება მალე ბუნებრივად შეიცვალოს.